იაპონია ტაივანის მახლობლად, კუნძულ იონაგუნიზე 2031 წლის მარტისთვის სარაკეტო სისტემების განთავსებას გეგმავს. ტოკიოში აცხადებენ, რომ აღნიშნული ნაბიჯი ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება.
იაპონიის ხელისუფლების შეფასებით, აღმოსავლეთ აზიაში ვითარება სულ უფრო რთულდება, რის გამოც აუცილებელია დამატებითი თავდაცვითი ზომების მიღება.
იაპონიის თავდაცვის მინისტრმა შინჯირო კოიზუმიმ სამშაბათს განაცხადა, რომ რაკეტების განთავსება 2031 წლის მარტისთვის იგეგმება. მისივე თქმით, იონაგუნიზე საშუალო რადიუსის მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტები განთავსდება, რომლებიც შემომავალი თვითმფრინავებისა და რაკეტების განეიტრალებას შეძლებენ.
იაპონური წარმოების სარაკეტო სისტემას დაახლოებით 50 კილომეტრის მოქმედების რადიუსი და 360-გრადუსიანი დაფარვა ექნება. მას ერთდროულად 100-მდე სამიზნის აღმოჩენა და 12-მდე სამიზნის წინააღმდეგ მოქმედება შეეძლება.
კოიზუმის განცხადებას პეკინი ჯერ არ გამოხმაურებია. თუმცა, ჩინეთის მხარემ განაცხადა, რომ იაპონია „რეგიონში დაძაბულობის შექმნას და სამხედრო დაპირისპირების პროვოცირებას ცდილობს“.