ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს. ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა, რომ საქართველოს შესახებ ახალ ანგარიშის პროექტში აქცენტი ბოლოდროინდელ მოვლენებზე გაკეთდა.
"ღრმა იმედგაცრუებით აღვნიშნავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროპული გზა არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად საპირისპიროთი შეცვალა. უკუსვლა დაფიქსირდა 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით, რაც კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირობა იყო. მიუხედავად განცხადებებისა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია კვლავ სტრატეგიულ მიზნად რჩება, უმაღლესი თანამდებობის პირები და მთავრობასთან დაკავშირებული მედია სისტემატურ ანტიევროპულ კამპანიას აწარმოებენ. ამ ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული მიზნობრივი სანქციების დაწესების მნიშვნელობა ბიძინა ივანიშვილისა და იმ პირების წინააღმდეგ, რომლებსაც პასუხისმგებლობა ეკისრებათ დემოკრატიულ უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პოლიტიკური ოპონენტების სისხლისსამართლებრივ დევნაზე. არ მიკვირს, რომ ვიქტორ ორბანმა ამ პრორუსულ მთავრობას მხარი დაუჭირა“, - აღნიშნა რასა იუკნევიჩიენემ.
ევროპარლამენტარმა, ტობიას კრემერმა ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს ანგარიშის წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა.
"მადლობა, რასა, ამ ძალიან კარგი ანგარიშისთვის ძალიან რთულ დროს. მგონი ძალიან ნათლად თქვით, რომ როდესაც „დემოკრატიული უკუსვლის“ განმარტებას ვეძებთ, ლექსიკონი აღარ გვჭირდება, უბრალოდ თბილისში უნდა ჩავიდეთ. „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, რათა ძირი გამოუთხაროს თავისი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. ისინი რუსეთთან მიდიან, საკუთარ თავს პუტინზე დამოკიდებულებად ხდიან. ვფიქრობ, რომ ეს გეოპოლიტიკურად ძალიან მოკლემხედველი სტრატეგიაა მათთვის, მაგრამ ეს საშინელი სტრატეგიაა მათი ხალხისთვის, რომლებსაც ახლა ნაკლები თავისუფლება აქვთ და თავისუფლად პროტესტი არ შეუძლიათ.
„ქართული ოცნება“ პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებს თავისი ხალხის წინააღმდეგ დემონსტრაციებზე. ეს სრულიად მიუღებელია თუ დადასტურდება BBC-ის ანგარიში, მაგრამ მტკიცებულებები იმაზე მეტყველებს, რომ ეს სიმართლეა. ასე რომ, ამ ეტაპზე, მგონია, რომ ევროკომისიის ანგარიში სრულიად მართალია, როდესაც ამბობს, რომ ეს ალბათ ყველაზე ცუდი ანგარიშია კანდიდატი ქვეყნისთვის, რომელიც ოდესმე გვქონია.
მგონი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტმა ძალიან ნათელი პოზიცია დაიკავოს და თქვას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადაწყვიტოს სად უნდათ წასვლა. უნდათ ევროპისკენ სვლა? მაგრამ ასეთ შემთხვევაში მათ უნდა იმოქმედონ და შეიცვალონ. უნდათ რუსეთის ორბიტის ნაწილი იყვნენ? ასეთ შემთხვევაში მათ თავი უნდა დაანებონ ნებისმიერ ამბიციებს და გულწრფელები იყვნენ მოსახლეობასთან, ვინაიდან ისინი აგრძელებენ მოსახლეობისთვისა და სხვებისთვის ტყუილებს, და მე მინდა, რომ „ქართული ოცნება“ ნამდვილად გულწრფელი იყოს.
ერთადერთი რამ, რაც ჯერ კიდევ იმედს გვაძლევს საქართველოზე, ქართველი ხალხია. მზია ამაღლობელის მსგავსი ხალხის სიმამაცეა, რომელსაც „სახაროვის ჯილდო“ გადავეცით ძალიან კარგი მიზეზით. ასევე ხალხია, რომელსაც ვხვდებით, რომელიც ჯერ კიდევ გამოდის ქუჩებში საფრთხეების მიუხედავად.
ასე რომ, გავაგრძელებთ შესწორებების გამოტანას, რათა ვნახოთ, როგორ შეგვიძლია სანქციების დაწესება „ქართული ოცნების“ მთავრობაზე, საქართველოს მოსახლეობის დაზიანების გარეშე. მაგრამ ჩვენი პოზიცია ცხადია: საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ „ქართული ოცნების“ არა“, - განაცხადა კრემერმა.
„ვითარებას ობიექტურად უნდა შევხედოთ. საქართველო დემოკრატიისა და ევროკავშირის გზას ვერ დაუბრუნდება იქამდე, ვიდრე რუსეთი და პუტინი უკრაინაში არ დამარცხდებიან“, - განაცხადა ბერნარდ გეტამ.
მისი თქმით, საქართველოში დემოკრატიისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით, ევროკავშირი უკრაინას უნდა დაეხმაროს.
„დასკვნა მარტივია, იმისთვის, რომ საქართველოს დავეხმაროთ, ჩვენ უკრაინას უნდა დავეხმაროთ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
ევროპარლამენტარმა, ნაჩო სანჩეს ამორმა განაცხადა:
"მსურს, საქართველოში ოპოზიციური ძალებისთვის მოწოდება დავამატო. მათ დიდსულოვნება უნდა გამოიჩინონ და საერთო შეთავაზება უნდა გააკეთონ. მე საარჩევნო ალიანების შესახებ არ ვსაუბრობ. უნდა შეეცადონ ქვეყანაში დემოკრატიის აღსადგენად მოსახლეობას პოლიტიკური არჩევანი შესთავაზონ. ეს ერთ-ერთი ამოცანაა, სადაც დახმარების ვალდებულება გვაქვს, რათა პარტიებმა ურთიერთგაგებას მიაღწიონ“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.