ავტორი:

ბილ გეითსი რუს ქალებთან რომანს აღიარებს, თუმცა ამბობს, რომ ეს ეპშტეინთან დაკავშირებული არ ყოფილა - მილიარდერი ბოდიშს იხდის

ბილ გეითსი რუს ქალებთან რომანს აღიარებს, თუმცა ამბობს, რომ ეს ეპშტეინთან დაკავშირებული არ ყოფილა - მილიარდერი ბოდიშს იხდის

Microsoft-ის დამფუძნებელი, მილიარდერი ბილ გეითსი ამბობს, რომ მას მართლაც ჰქონდა რომანი ორ რუს ქალთან, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ქალები არ იყვნენ ჯეფრი ეპშტეინის მსხვერპლთა შორის.

ამ თემაზე გეითსმა Gates Foundation-ში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

  • მან ბოდიში მოიხადა თანამშრომლების წინაშე ეპშტეინთან კავშირის გამო და თქვა, რომ "პედოფილიაში ბრალდებულ ფინანსისტთან დროის გატარება უზარმაზარი შეცდომა იყო".

მილიარდერის თქმით, მას რომანი ჰქონდა ეროვნებით რუს ორ ქალთან, რომელთა შორის ერთი ბრიჯის მოთამაშე იყო, ხოლო მეორე - ფიზიკოსი. გეითსი დასძენს, რომ ქალები მან "საქმიანი ურთიერთობების გზით გაიცნო".

ბილ გეითსი და ბრიჯის მოთამაშე, მილა ანტონოვა

"ბოდიშს ვუხდი სხვა ადამიანებსაც, ვინც ჩემი შეცდომის გამო ამ საქმეში გაეხვა, არაფერი უკანონო არ გამიკეთებია. არაფერი უკანონო არ მინახავს, გარკვევით რომ ვთქვა, არასდროს გამიტარებია დრო მის მსხვერპლებთან, ან მის ირგვლივ მყოფ ქალებთან”, - განაცხადა გეითსმა.

  • აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ადრე გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, მას შემდეგაც, რაც ფინანსისტმა პირველი სასჯელი მოიხადა, გეითსი ეპშტეინს არაერთხელ შეხვდა . გავრცელებული ინფორმაციით, საუბრები გეითსის საქველმოქმედო საქმიანობის გაფართოებას შეეხებოდა .

  • დოკუმენტებში ასევე შედიოდა ფოტოები, სადაც “მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი ქალებთან პოზირებს, რომელთა სახეებიც დამალულია.

გეითსის თქმით, ეს ფოტოები თავად ეპშტეინის თხოვნით გადაიღო. ფინანსისტთან შეხვედრები კი 2011 წლიდან დაიწყო.

  • დღეს Microsoft-ის დამფუძნებელი აცხადებს, რომ იცოდა ჯეფრი ეპშტეინის ნასამართლობის შესახებ, თუმცა მისი წარსული სათანადოდ არ გამოუკვლევია, რაც “დიდი შეცდომა“ აღმოჩნდა.

მედიაში გავრცელდა ინფორმაციაც, რომლის მიხედვით ჯეფრი ეპშტეინი ბილ გეითსს ბრიჯის რუს მოთამაშესთან, მილა ანტონოვასთან ურთიერთობის გამო დაემუქრა.

2013 წლის ელექტრონულ წერილში, რომელიც გეითსის უფროს მრჩეველს გაეგზავნა, ფინანსისტი ორი ქალს ახსენებს, რომელთანაც, მისი მტკიცებით, ბილს ქორწინების პერიოდში ჰქონდა კავშირი და იმუქრება, რომ შესაძლოა ეს ამბავი “ერთ ღამეში სენსაციად აქციოს“.

წყარო