პოლიციამ ბრაზილიელი ინფლუენსერი, ლარისა კაეტანო და მისი მეუღლე, მარკუს კაეტანო მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად აიყვანა. წყვილს ბრალად ედება აკრძალული გასახდომი პრეპარატებით, მათ შორის ცნობილი "მუნჯაროთი“ (Mounjaro), უკანონო ვაჭრობა.
სამართალდამცავებმა წყვილის სახლში ჩხრეკისას დიდი რაოდენობით გასახდომი საშუალებები აღმოაჩინეს. პოლიციის განცხადებით, მედიკამენტები შეუსაბამო პირობებში ინახებოდა, რაც მათ გამოყენებას სიცოცხლისთვის სახიფათოს ხდის.

კერძოდ, საუბარია ნივთიერება ტირზეპატიდზე, რომელიც ბრაზილიის ჯანდაცვის მარეგულირებელი სააგენტოს მიერ აკრძალულია, თუმცა შავ ბაზარზე მასზე მოთხოვნა მაღალია.
ორმაგი ცხოვრება: ფიტნეს-ვარსკვლავი თუ ცრუ-ექიმი?
ლარისა კაეტანოს ინსტაგრამზე 385,000 გამომწერი ჰყავს, რომლებსაც ვარჯიშისა და წონაში კლების "საიდუმლოებებს“ უზიარებდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მას მეორე ფარული ანგარიშიც ჰქონდა, სადაც თავს ექიმად ასაღებდა, რათა კლიენტების ნდობა მოეპოვებინა.
"შენ აქამდე იმისთვის არ მოსულხარ, რომ საკუთარ თავში ეჭვი შეგეპაროს", - ეს პოსტი ინფლუენსერმა დაკავების დღეს გამოაქვეყნა.

მოსალოდნელი სასჯელი
ბრაზილიური კანონმდებლობით, საზოგადოების ჯანმრთელობისა და ეკონომიკის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის წყვილს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
აღსანიშნავია, რომ ეს ბრაზილიაში ინფლუენსერების მხრიდან გასახდომი საშუალებებით უკანონო ვაჭრობის პირველი შემთხვევა არ არის. იანვარში ორი სხვა ცნობილი სახე დააკავეს, რომლებიც ბავშვთა კრიმინალურ დაჯგუფებას აფთიაქების გასაძარცვად იყენებდნენ.