ომის რეალობაში, სადაც სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ზღვარი ყოველდღიურად იშლება, ქართველი სამხედრო მედიკოსის პირადი ისტორია ტკივილისა და იმედის ყველაზე მძაფრ თანაარსებობას ასახავს. უკრაინაში დაჭრილთა გადასარჩენად მყოფმა ქართველმა ქალმა - ქეთი ლეშკაშელმა ფრონტის ხაზზე უკრაინელი ქმარი დაკარგა, მებრძოლი, რომელიც სამშობლოს დაცვისას გმირულად დაიღუპა. თავად კი დღეს, ყველაზე მძიმე დანაკარგის პარალელურად, ახალ სიცოცხლეს ელოდება და ომის ფონზე აგრძელებს გზას, სადაც სიყვარულის, მსხვერპლისა და მომავლის რწმენა ერთმანეთში იკვეთება.
ქეთი ლეშკაშელი:
- ჩემი მეუღლე ვლადიმირ (ვოვა) ვეკლიჩი კუპიანსკის რაიონში, დასახლებულ პუნქტ პიშანეში დაიღუპა. საბრძოლო მოქმედებების დროს თვითგანადგურებადი დრონის, ე.წ. „ჟდუნის“ დარტყმას ემსხვერპლა. ის უკრაინის შეიარაღებული ძალების მაიორი, 43-ე ცალკე მექანიზებული ბრიგადის მეორე მექანიზებული ბატალიონის მეთაურის მოადგილე იყო. ძალიან კარგი ადამიანი და მოსიყვარულე მეუღლე იყო. ამასთან, შეუპოვარი მებრძოლი, რომელსაც შიშის შეგრძნება თითქმის არ ჰქონდა. ხშირად ვეუბნებოდი, ნუ გადიხარ ცხელ წერტილებში, შეგიძლია უკან დარჩე და იქიდან აკონტროლო ბრძოლა, უფროსი ხარ-მეთქი, მაგრამ ყოველთვის ერთსა და იმავეს მპასუხობდა, - ჯარისკაცს მაგალითი უნდა აჩვენო, თუ შიში შეგატყვეს, აღარ დაგემორჩილებიანო.
- როგორც ვიცი, დაჭრილიც იყო...
- კი, 2022 წელს პირველად მარცხენა ფეხში დაიჭრა, თუმცა აქტიური ბრძოლების გამო საავადმყოფოში არ გადასულა, ბრძოლა გააგრძელა და ჭრილობას ადგილზე, მედიკების დახმარებით ამუშავებდა. დაჭრილმაც კი ბოლომდე გაათავისუფლა დასახლებული პუნქტი, რის გამოც ჯილდოც მიიღო. ამის გამო ძალიან ბედნიერი იყო.

ზოგადად ბედნიერებას და პოზიტივს ასხივებდა, სიცოცხლე უსაზღვროდ უყვარდა, სულ იცინოდა… ვერ გამოიყვანდი მწყობრიდან, ყველაზე მხიარული და ნათელი ადამიანი იყო, ვინც ოდესმე მცნობია. ამ ზაფხულს საქართველოშიც ვგეგმავდით ჩამოსვლას. ძალიან უყვარდა თავისი ქვეყანა და ყოველთვის მზად იყო სხვის დასახმარებლად.
- შეგიძლიათ მასთან შეხვედრის პირველი და უკანასკნელი მომენტები გაიხსენოთ?
- პირველად 2022 წლის სექტემბერში შევხვდი, კუპიანსკის გათავისუფლებისას. მე ინტერნაციონალურ ლეგიონში ვიყავი, ის 92-ე შემტევ ბრიგადაში. იმდენად ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა, რომ ყოველდღე 6-7 დაჭრილი მყავდა, მედიკები არც ჩვენ გვყოფნიდა და არც მათ, ამიტომ ერთმანეთის დახმარება გვიწევდა. ბოლოს ისე მოხდა, რომ მათ მედიკები საერთოდ აღარ დარჩათ და ჩვენ მიგვამაგრეს. ფრონტის ხაზიდან ვიყავით ახალი გამოსული და ვისვენებდით. უცებ ოთახში შემოვიდა ტალახიანი, სისხლიანი, ნაომარი ბიჭი და ჩვენი მთავარი ექიმი იკითხა. მე რომ შემომხედა, მიცნო და მკითხა, ქეთი ლეშკაშელი ხომ არა ხარო. ასე დაიწყო ჩვენი კონტაქტი…

თავიდან ვმეგობრობდით, თუმცა ნელ-ნელა ურთიერთობა მეგობრობაში, მეგობრობა კი სიყვარულში გადაიზარდა... უზარმაზარი თაიგულებიც ვერ ასწრებდნენ დაჭკნობას, რადგან ყოველთვის ახლებს მჩუქნიდა. ძალიან სიმპათიური იყო… არ უყვარდა, როცა თავს საფრთხეში ვიგდებდი, სულ ცდილობდა გასვლაში ხელი შეეშალა, ათას მიზეზს იგონებდა, ოღონდ ფრონტის ხაზზე არ წავსულიყავი. ერთხელ, დავიჭერი და დრონით დაინახა, გამოვარდა, მაგრამ ვერ შეძლო შემოსვლა. ყველაფერი რომ დამთავრდა, გამომიცხადა, პოზიციებზე აღარ გახვალო. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემს საქმეს ვაკეთებდი… 26 მაისს, 2023 წელს, სოფელ კრუგლაკოვკაში, ხარკოვის ოლქში ხელი მთხოვა. 25 ივლისს დრუჟკოვკაში, დონეცკის ოლქში ხელი მოვაწერეთ. მეუბნებოდა, რომ ოდესმე აუცილებლად ჩამაცმევდა კაბას და ნამდვილი ქორწილი გვექნებოდა, თუმცა არ მჯეროდა, ისეთ ადგილას ვიყავით, არც მეგონა, თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა…
2025 წელს 11 მაისს, მან თავისი პირობა შეასრულა, თეთრი კაბა ჩამაცვა და ჩვენ ჯვარი დავიწერეთ. იმ დღეს უბედნიერესი ვიყავი. მეგონა, ცხოვრება ძალიან ლამაზი იყო, ომი კი არა, ატომური ბომბიც ჩამოვარდნილიყო, ყველაფერს ვარდისფერ ფერებში ვხედავდი. უკანასკნელად 20 სექტემბერს ვნახე, სუმის ოლქში ჩამოვიდა ჩემთან რამდენიმე დღით. 19 ოქტომბერს კი დაიღუპა… ახლა ჩემი ერთადერთი ნუგეში ის არის, მის შვილს მუცლით ვატარებ. ჩვენ ბიჭუნას ველოდებით, იმედი მაქვს რომ მამასავით სიმპათიური და მამაცი იქნება.

- ვლადიმირმა თუ იცოდა, მამა რომ უნდა გამხდარიყო?
- რა თქმა უნდა, პირველი მას შევატყობინე, უზომოდ ბედნიერი იყო, სულ ოცნებობდა რომ მამა ყოფილიყო, სახელებიც კი მოფიქრებული გვქონდა ორივე სქესისთვის. პირველ თვეები ბუნკერში ვიჯექი და არ ვასაჯაროებდი ჩემს ფეხმძიმობას, არ მინდოდა სხვა ჩემი თანამებრძოლებისთვის თავის ტკივილი და ზედმეტი ტვირთი გავმხდარიყავი. ჩემს გამო რამე არ მომხდარიყო დაცვაში. ამიტომ უფლის იმედად ვლოცულობდი რომ ბავშვი შემენარჩუნებინა. როდესაც მოვახერხე სამშვიდობოს გამოსვლა მაშინვე ეხოზე ჩავეწერე. შაბათი დღე იყო და ორშაბათისთვის ჩამწერეს. ვლადიმირი ისე ელოდებოდა ამ დღეს ვერ აღგიწერთ. კვირას კი დაიღუპა…

- ქეთი, ყველაფრის თავიდან დაწყების შესაძლებლობა რომ გქონდეს, რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?
- არაფერს! მე მიყვარს ჩემი განვლილი გზა, ვამაყობ რომ თუნდაც ერთი ადამიანის ცხოვრება შევცვალე ან სიკვდილს გადავარჩინე. არათუ რამეს შევცვლიდი, პირიქით, წინასწარ რომ მცოდნოდა ეს სცენარი, მაინც ყველაფერს ახლიდან გავივლიდი. მიუხედავად იმის რომ ამდენი მეგობარი დავკარგე, უმეტესობამ ჩემს ხელებში დალია სული, და რაც მთავარია, ჩემი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული დავკარგე.
- ახლა რას აპირებთ?
- ჯერ ვაპირებ, რომ ჯანმრთელი ბავშვი გავაჩინო. ამის გამო ამერიკაში წამოვედი, თუმცა აუცილებლად დავბრუნდები უკრაინაში. ბავშვმა მამის საფლავი უნდა ნახოს, უნდა იცოდეს, როგორი გმირი მამა ჰყავდა. ასევე ბებია და ნათლიები უნდა გაიცნოს. რაც შეეხება ჩემს ბრძოლას, მე არაფერი არ დამისრულებია. იმედია მანამდე ომი დასრულდება, მაგრამ ასე თუ არ იქნება, მე ისევ დავდგები უკრაინელი ხალხის გვერდით, მათ მე კიდევ ვჭირდები.