ირანის ბირთვული პროგრამა კვლავ ყურადღების ცენტრშია. შეერთებულმა შტატებმა რეგიონში თვითმფრინავები და სამხედრო ხომალდები განალაგა და, როგორც ჩანს, მზადაა დარტყმისთვის იმ შემტხვევაში, თუ თეირანი არ დათანხმდება ბირთვული განვითარების შეჩერების შესახებ შეთანხმებას.
"მათ არ შეუძლიათ ბირთვული იარაღის ქონა, საქმე მარტივადაა... ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა ვერ იქნება, თუ მათ ბირთვული იარაღი აქვთ“, - თქვა პრეზიდენტმა.
ირანი უარყოფს, რომ ბირთვული ბომბის შექმნას ცდილობდა, მაგრამ ბევრი ქვეყანა, მათ შორის წამყვანი საერთაშორისო ბირთვული ზედამხედველი ორგანო, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA), არ არის ამაში დარწმუნებული.

ირანის ბირთვული პროგრამის სტატუსი გაურკვეველი რჩება გასული წლის ივნისში, ისრაელსა და ირანს შორის მომხდარი შეიარაღებული კონფლიტის შემდეგ, როდესაც ბირთვულ ობიექტებზე განხორციელდა დარტყმები.
მაშინ შეერთებული შტატები დროებით ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში და სამი ბირთვული ობიექტი დაბომბა: ირანის უდიდესი ბირთვული კვლევის ცენტრი ისპაჰანში და ურანის გამდიდრების ობიექტები ნატანზსა და ფორდოუში.
დარტყმების შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს ობიექტები „მთლიანად განადგურდა“.
თუმცა, ერთი კვირის შემდეგ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ დარტყმებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, მაგრამ სრულად ვერ გაანადგურეს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ურანის გამდიდრება შეიძლება რამდენიმე თვეში განახლდეს.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, იმ დროს, როდესაც ისრაელმა 13 ივნისს საჰაერო დარტყმები დაიწყო, ირანს ჰქონდა 440 კილოგრამი ურანის მარაგი, რომელიც გამდიდრებული იყო 60%-მდე - იარაღისთვის ვარგისია 90%-იანი გამდიდრებული ურანი.
სააგენტოს ხელმძღვანელმა, გროსიმ ოქტომბერში Associated Press-ს განუცხადა, რომ ეს რაოდენობა, თუ გამდიდრებას გააგრძელებდნენ, საკმარისი იქნებოდა 10 ბირთვული ბომბის შესაქმნელად.
ნოემბერში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ Economist-ს განუცხადა, რომ ურანის გამდიდრება „ახლა შეჩერებულია“. თუმცა, გასულ თვეში მან Fox News-თან აღნიშნა: „დიახ, თქვენ გაანადგურეთ ობიექტები, მანქანები... მაგრამ ტექნოლოგია და მტკიცე გადაწყვეტილება ვერ განადგურდება ბომბებით“.
ამიტომ, გაურკვევლობა კვლავ რჩება ძირითად საკითხებთან დაკავშირებით - პირველ რიგში, ურანის მარაგების ადგილმდებარეობასა და მდგომარეობასთან, ასევე იმ ობიექტების მდგომარეობასთან დაკავშირებით, სადაც ის გამდიდრდა.
ირანის მთავრობა ამტკიცებს, რომ მისი ბირთვული საქმიანობა მშვიდობიანია. ქვეყანა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების (NPT) მხარეა, რომელიც ბირთვული ტექნოლოგიების სამოქალაქო მიზნებისთვის - როგორიცაა მედიცინა, სოფლის მეურნეობა და ენერგეტიკა - გამოყენების უფლებას იძლევა, მაგრამ კრძალავს ბირთვული იარაღის შემუშავებას.
თუმცა, IAEA-ს მიერ ჩატარებული 10-წლიანი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ირანი 1980-იანი წლების ბოლოდან 2003 წლამდე ახორციელებდა „ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის შემუშავებასთან დაკავშირებულ საქმიანობას“.
IAEA აცხადებს, რომ არსებული ინფორმაციის თანახმად, ეს პროგრამა, რომელიც ცნობილია როგორც პროექტი „ამადი“, შემდგომში შეწყდა. თუმცა, 2009 წელს დასავლურმა სადაზვერვო სააგენტოებმა ფორდოუს ობიექტი იპოვეს.
2015 წელს ირანმა ექვს მსოფლიო ძალასთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლითაც სანქციების მოხსნის სანაცვლოდ მისი ბირთვული საქმიანობის მკაცრ შეზღუდვებს დათანხმდა. თუმცა, 2018 წელს დონალდ ტრამპმა შეთანხმება დატოვა და განაცხადა, რომ ის ირანს ბირთვული ბომბის შექმნაში გზას არ უღობავდა, მან სანქციები აღადგინა.
საპასუხოდ, ირანმა შეთანხმების შეზღუდვების დარღვევა დაიწყო - ურანის 60%-მდე გამდიდრება, უფრო მოწინავე ცენტრიფუგების გამოყენება და ფორდოუში გამდიდრების პროცესის განახლება.

2025 წლის 12 ივნისს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭომ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ირანი არღვევს გაუვრცელებლობის შესახებ ვალდებულებებს, რაც პირველად მოხდა ორი ათწლეულის განმავლობაში. მომდევნო დღეს ისრაელმა საჰაერო დარტყმები დაიწყო.
თანამგზავრული ფოტოები აჩვენებს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ნატანზისა და ისპაჰანის ობიექტებზე სამუშაოები მიმდინარეობდა. ფოტოებზე ასევე ჩანს, რომ ნატანზის ობიექტზე სახურავი აშენდა.
გარდა ამისა, იმავე ანალიტიკური ცენტრის მიერ პირველად გაანალიზებული ბოლოდროინდელი თანამგზავრული ფოტოები აჩვენებს, რომ ირანი ამაგრებს მიწისქვეშა კომპლექსს ქოლანგ გაზ ლას მთაზე. ეს ადგილი, ასევე ცნობილი როგორც პიკაქსის მთა, არ ყოფილა ისრაელის ან აშშ-ის ძალების სამიზნე და მდებარეობს ნატანზის ბირთვული ობიექტიდან დაახლოებით 2 კილომეტრში სამხრეთით.
გამდიდრებული ურანის წარმოება არ არის იგივე, რაც გამოსაყენებელი ბირთვული იარაღის შექმნა, რაც დამატებით ტექნიკურ ნაბიჯებს მოითხოვს.
აშშ-ის თავდაცვის დაზვერვის სააგენტოს (DIA) მიერ გასული წლის მაისში გამოქვეყნებული შეფასებების თანახმად (ისრაელისა და აშშ-ის დარტყმებამდე), ირანს ამ დროს შეეძლო საკმარისი რაოდენობის იარაღის ურანის წარმოება თავისი პირველი ბირთვული მოწყობილობისთვის - „სავარაუდოდ, ერთ კვირაზე ნაკლებ დროში“.
დასვლელი ლიდერები დიდი ხანია და ამტკიცებენ, რომ ირანს არ უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება.
“თუ თეირანი მას შეიძენს, „მსოფლიო განადგურდება“, - განაცხადა ტრამპმა 2025 წლის მაისში. 2024 წლის საარჩევნო კამპანიის დროს მან თქვა, რომ ეს ნიშნავს „სრულიად განსხვავებულ სამყაროს... სრულიად განსხვავებულ მოლაპარაკებებს“, სადაც ისრაელი გაქრება.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ბირთვული იარაღით შეიარაღებულ ირანს „რეგიონის სტაბილურობისთვის უდიდესი საფრთხე“ უწოდა.
ზოგიერთი ანალიტიკოსი ამტკიცებს, რომ ბირთვული იარაღის ფლობამ შეიძლება გააძლიეროს ირანის პოზიცია რეგიონში, კიდევ უფრო დააახლოოს იგი ჩინეთთან და რუსეთთან და პოტენციურად გამოიწვიოს შეიარაღებისთვის კონკურენცია საუდის არაბეთთან.
იხილეთ ასევე: