ავტორი:

"კონსილიუმი გვქონდა, თბილისიდან იაშვილის კლინიკიდან ჩამოვიდნენ ყბა-სახის ქირურგები" -  როგორია ახალშობილის მდგომარეობა, რომლის მკვლელობა დედამ სცადა

"კონსილიუმი გვქონდა, თბილისიდან იაშვილის კლინიკიდან ჩამოვიდნენ ყბა-სახის ქირურგები" -  როგორია ახალშობილის მდგომარეობა, რომლის მკვლელობა დედამ სცადა

ბათუმში კლინიკა „მედინას“ დირექტორის, ჯუმბერ უნგიაძის განცხადებით, ახალშობილის მდგომარეობა, რომელიც სანიტარმა საპირფარეშოში გააჩინა და შემდგომ მკვლელობა სცადა, სტაბილურად მძიმედ ფასდება. ამის შესახებ კლინიკის დირექტორი ჯუმბერ უნგიაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს.

„ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით სტაბილურად მძიმედ ფასდება. ასევე, გამოჩნდა სხვა პრობლემები. მგონი ინფექციის წყარო ნაკლებად გვაქვს… ცენტრალური ნერვული სისტემის პრობლემებია, სისხლჩაქცევა და ტვინის შეშუპება. თხემის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა ჰქონდა, რომლის ფონზე ტვინის შეშუპება მოხდა. გადარჩენის პროცენტი ერთი ან ორი იყო, ახლა უფრო მეტია ეს პროცენტი, ვინაიდან ძირითადი ტრავმა გადავლახეთ.

მულტიფაქტორული პრობლემები აქვს, ამას დრო სჭირდება. კონსილიუმი გვქონდა, თბილისიდან იაშვილის კლინიკიდან ჩამოვიდნენ ყბა - სახის ქირურგები. ახალშობილის გადარჩენისთვის ერთობლივად ვიბრძვით“, - აღნიშნა ჯუმბერ უნგიაძემ.

შეგახსენებთ, ბათუმის კლინიკა „მედინაში“ კლინიკის სანიტარმა კვირას გამთენიისას საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს ყელის არეში დაზიანებები მიაყენა. მას ბათუმის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11.პრიმა 19.109 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ახალშობილი წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.