ავტორი:

"რადგან ექსპერტიზის პასუხი უკვე არის, გადავწყვიტე განმარტება გავაკეთო ეპიზოდთან დაკავშირებით, სადაც მე მახსენებენ" - რას ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი

"რადგან ექსპერტიზის პასუხი უკვე არის, გადავწყვიტე განმარტება გავაკეთო ეპიზოდთან დაკავშირებით, სადაც მე მახსენებენ" - რას ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი

18 თებერვალს, დილის 10:30 საათზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან სამართალდამცავებმა ჟურნალისტი ელისო კილაძე დააკავეს. დაკავების კადრები სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა.

  • რა ბრალდება აქვს წარდგენილი ელისო კილაძეს?

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებულ ყველა პირს, მათ შორის ელისო კილაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, საქმე ეხება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობასა და ფულის გათეთრებას.

გამოძიების ვერსიით, საუბარია 2020-2023 წლებში მოქმედ თაღლითურ სქემაზე, რომელიც ოთარ ფარცხალაძისა და გრიგოლ ლილუაშვილის მფარველობით ფუნქციონირებდა. ჯგუფის წევრები უცხო ქვეყნის 200-ზე მეტი მოქალაქის კუთვნილ, დაახლოებით 9.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას დაეუფლნენ.

პროკურატურის ინფორმაციით, ელისო კილაძის როლი შემდეგი იყო:

  • დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენა მედიაპლატფორმებზე;
  • კონკურენტი "ქოლცენტრების“ შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების დაგეგმვა და შანტაჟი მათი შემდგომი გადმობირების მიზნით.

ბრალდება 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ფარული ჩანაწერები და დაპირისპირება ბენ ანორთან

ელისო კილაძის დაკავებას წინ უძღოდა ბიზნესმენ ბენ ანორის ადვოკატის, ზურაბ თოდუას მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერები. ანორი, რომელიც დეველოპერული ბიზნესითაა დაკავებული, ამტკიცებს, რომ კილაძეს საოფისე ფართი მიაქირავა, თუმცა ჟურნალისტმა მას 155 000 დოლარის დავალიანება დაუტოვა და შენობის წართმევას ცდილობდა.

ადვოკატ თოდუას თქმით, ჩანაწერებით ირკვევა, როგორ გეგმავდა კილაძე ბენ ანორის დაშინებას და როგორ ახსენებდა კავშირებს "ქუჩასთან“ და მთავრობასთან. ჩანაწერების ავთენტურობა ექსპერტიზამ 17 თებერვალს დაადასტურა, რასაც მეორე დღესვე ჟურნალისტის დაკავება მოჰყვა. ცნობისთვის, ჩანაწერში ელისო კილაძე სამშენებლო კომპანია "სვეტის" დირექტორს, გია ჯიბლაძეს ესაუბრება, რომელიც ამჟამად ასევე დაკავებულია.

ნანუკა ჟორჟოლიანის სახელი ჩანაწერებში და მისი ვრცელი პასუხი

გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ელისო კილაძე გია ჯიბლაძესთან საუბრისას ნანუკა ჟორჟოლიანსაც ახსენებს:

"ნანუკა ამ თავის გოგოს ამბავზე რომ შემხვდა... მაშინ ვუთხარი, რომ ობიექტურად, შეფერხებები იმიტომ გქონდა-მეთქი, რომ ბენი აყირავდა... პროსტა ბოლო მომენტში ავახიეთ ისა, რა ჰქვია, წილი-თქო...“, - ამბობს კილაძე ჩანაწერში [სტილი დაცულია].

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ამ ფაქტს ვრცელი ვიდეომიმართვით გამოეხმაურა. მან დაადასტურა, რომ ჩანაწერში ნახსენები ეპიზოდი ნამდვილად უკავშირდება მის ყოფილ საოფისე ფართს ფანჯიკიძის ქუჩაზე.

ნანუკა ჟორჟოლიანი:

"დაახლოებით ორი თვის წინ, ჯერ კიდევ კუსტარულად გავრცელდა აუდიო ჩანაწერი, სადაც ელისო კილაძე თავის მეგობართან დიალოგში მახსენებს მე.

მაშინ, როდესაც ეს აუდიო ჩანაწერი დაიდო, რადგან ელისომ თქვა, რომ ეს იყო ფეიქი და მიმართა შესაბამის სამსახურებს, რომ დაედგინათ ნამდვილობა ამ აუდიო ჩანაწერის, მე გამოვსულიყავი და მეთქვა, ამ დიალოგის შინაარსი არის ნამდვილი, იქნებოდა ძალიან არასწორი. მით უფრო მას შემდეგ, რაც ის დააკავეს.

ანუ, მე გამოვსულიყავი და მეთქვა: ელისო რაზეც ესაუბრება მის მეგობარს, ეს დიალოგი ნამდვილად შედგა, არ მიმაჩნდა გამართლებულად. ანუ, პირველწყარო მე არ მინდოდა ვყოფილიყავი და ამიტომ დაველოდე ექსპერტიზას, რომ ჯერ მას ეთქვა, ვალიდურია ჩანაწერი თუ არა. რადგან ექსპერტიზის პასუხი არის უკვე, გადავწყვიტე, რომ განმარტება გავაკეთო იმ კონკრეტულ პატარა ეპიზოდთან დაკავშირებით, სადაც მე მახსენებენ.

ეს აუდიო ჩანაწერი უნდა იყოს გაკეთებული დაახლოებით ერთი წლის ან უფრო დიდი ხნის წინ, როდესაც მე დამიკავშირდა ჩემი ბუღალტერი და მითხრა, რომ ვეღარ ახერხებდა ოფისის ქირის გადახდას, რომელიც ჩვენ გვქონდა ნაქირავები ფანჯიკიძის პირველში, მერვე სართულზე. იმიტომ, რომ არ გამოდიოდა ხაზზე ის კონკრეტული საკონტაქტო პირი, თორნიკე, ვისთანაც სულ გვქონდა კომუნიკაცია. ჩვენ ოფისის ქირას ვეღარ ვიხდით და დამეხმარე, იმიტომ რომ ვერავის ვერ ვპოულობ, ვისაც შეიძლება რომ ვეკონტაქტოო.

სწორედ აქ ვთხოვე ელისოს დახმარება, რადგან ვისაც ელისო ამ აუდიოჩანაწერში ესაუბრება, ის ადამიანია ვისგანაც ფართი მქონდა ნაქირავები.

ელისომ მითხრა, რომ დავა იყო პარტნიორებს შორის ამ ოფისის ირგვლივ და თითქოს ერთ-ერთი აპირებდა თაღლითური გზით ამ ოფისის გადაფორმებას და გიამ დაასწრო.

იმის მოლოდინში, რომ ეს მალე გარკვეულიყო, დააკავეს თავად გია, იმ კომპანიის ხელმძღვანელი, ვისგანაც ჩვენ გვქონდა ფართი ნაქირავები. მან თქვა, რომ საპროცესო გარიგება ხდებოდა მას, დაკავებულსა და სუს-ს შორის და მოკლედ, მალე გამოვიდოდა, კომპანიას ყადაღა მოეხსნებოდა და ეს პრობლემა მოგვარდებოდა.

ვიდრე აი ამ გარკვევებში და ამ ამბების ცოდნაში ვიყავი, მე დამიკავშირდა მეორე ადამიანი, ბენ ანორი, რომელიც გიასთან ამ ქონებაზე დავობდა. მითხრა, რომ ახლა უკვე ეს შენობა იყო სრულად მისი და მას აღარ სურდა ფართის გაქირავება, მთხოვა ფართის დატოვება. რაზეც მე გონივრული ვადა ვთხოვე, სამი-ოთხი კვირა, იმიტომ რომ დეკემბერი იყო, ახალი წელი მოდიოდა და ვუთხარი, რომ ამას რამდენიმე დღეში ფიზიკურად ვერ ვიზამდი. დამთანხმდა. ჩვენი დიალოგები იყო ოფიციალური ფორმატის: ადვოკატით, მეილებით და ასე შემდეგ.

მან მომცა ეს ვადა, სამი-ოთხი კვირის და მე ოფისი, რომელიც ნაქირავები მქონდა ფანჯიკიძის ქუჩაზე, დავცალე", - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.