ავტორი:

თოდუას კლინიკის ენდოსკოპისტმა ნოდარ ვაშაკიძემ პრესტიჟული საერთაშორისო გრანტი ESGE 2026 მოიპოვა

თოდუას კლინიკის ენდოსკოპისტმა ნოდარ ვაშაკიძემ პრესტიჟული საერთაშორისო გრანტი ESGE 2026 მოიპოვა

თოდუას კლინიკის ცენტრალური ფილიალის ენდოსკოპისტი ნოდარ ვაშაკიძე პირველი ახალგაზრდა ქართველი ექიმია, რომელმაც ESGE Fellowship Grant 2026 - გრანტი მოიპოვა. საერთაშორისო საგრანტო პროგრამა European Society of Gastrointestinal Endoscopy მიერ იყო გამოცხადებული. ეს ენდოსკოპიის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და კონკურენტულ პროფესიულ შესაძლებლობად ითვლება და ევროპისა და მსოფლიოს წამყვან ცენტრებში თანამედროვე მეთოდებისა და პრაქტიკის ათვისებას ისახავს მიზნად .

ESGE გასტროინტესტინალური ენდოსკოპიის სფეროს წამყვან სპეციალისტებსა და აკადემიურ ინსტიტუციებს აერთიანებს. ევროპაში კი დარგის პროფესიულ სტანდარტებს განსაზღვრავს. Fellowship პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად გაიცემა შეზღუდული რაოდენობის გრანტები, რის გამოც შერჩევის პროცესი განსაკუთრებით მაღალი პროფესიული მოთხოვნებით ხასიათდება.

რა მნიშვნელობა აქვს ამ შესაძლებლობას ქართველი ენდოსკოპისტისთვის, რას გულისხმობს პროგრამა პრაქტიკაში და როგორ გამოიყენებს ექიმი მიღებულ ცოდნას საქართველოში - კითხვებს თოდუას კლინიკის ცენტრალური ფილიალის ენდოსკოპისტი ნოდარ ვაშაკიძე პასუხობს:

როგორ მიიღეთ გრანტი, რა ეტაპები გაიარეთ ამისთვის და რა როლი შეასრულა თქვენმა გამოცდილებამ ამ პროცესში?

შერჩევის პროცესი იყო კონკურენტული და რამდენიმე ეტაპს მოიცავდა. კერძოდ, პროგრამა ორ მოდულად არის დაყოფილი და თითოეული მიმართულებით მთელი მსოფლიოდან წელიწადში მხოლოდ 35 ენდოსკოპისტს ირჩევენ . ამ ეტაპზე პირველი მოდულის შერჩევა გავიარე , რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა და გულისხმობს დამატებით პასუხისმგებლობასაც ტრენინგი სრულად ESGE-ის მიერ ფინანსდება.

ამ პროცესში მნიშვნელოვანი იყო ჩემი პრაქტიკული საქმიანობა და ყოველდღიური კლინიკური გამოცდილება. განსაკუთრებით მსურს აღვნიშნო ჩემი ხელმძღვანელისა და მენტორის, პროფესორ მამუკა გურგენიძის მხარდაჭერა და პროფესიული რჩევები. ასევე, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თოდუას კლინიკაში არსებულ გარემოსა და კოლეგების მხარდაჭერას.

რა შესაძლებლობებს მოგცემთ ევროპულ ენდოსკოპიურ ცენტრში პრაქტიკული გამოცდილების მიღება?

ამ შესაძლებლობას აღვიქვამ, როგორც გუნდის ერთობლივი მუშაობის შედეგს. ESGE Fellowship Grant-ის მიღებას ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა სპეციალისტისთვის, პირველ რიგში აქვს სწავლისა და პროფესიული განვითარების მნიშვნელობა. ტრენინგს გავივლი ლიონში, საფრანგეთში, Edouard Herriot Hospital-ში, რომელიც ევროპის ერთ-ერთ წამყვან ენდოსკოპიურ ცენტრად მიიჩნევა და წარმოადგენს Referral Center-ს. ასეთ გარემოში ყოფნა ჩემთვის ნიშნავს შესაძლებლობას, დავაკვირდე თანამედროვე კლინიკურ მიდგომებს, რთული შემთხვევების მართვის პრინციპებსა და პროცედურების ორგანიზებას, რომელსაც შემდეგ საქართველოში პრაქტიკული საჭიროების მიხედვით გამოვიყენებ.

ჩემი ერთ-ერთი მიზანია ჩვენს რეგიონში ჯერ კიდევ არ დანერგილი ენდოსკოპიური პროცედურების შესწავლა და მათი ეტაპობრივი გადმოტანა პრაქტიკაში, რა თქმა უნდა, შესაბამისი სტანდარტებისა და პროფესიული ჩარჩოს დაცვით. ამავდროულად, მსურს კიდევ უფრო დავხვეწო უნარ-ჩვევები იმ პროცედურებში, რომლებიც უკვე დანერგილია საქართველოში. ვფიქრობ, ეს გამოცდილება დამეხმარება პროფესიული ხედვის გაფართოებაში და პრაქტიკული უნარების უფრო სისტემურ განვითარებაში.

როგორ ფიქრობთ, რა როლს შეასრულებს მიღებული გამოცდილება კუჭ-ნაწლავის დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის მიმართულებიტ?

ენდოსკოპიაში დიაგნოსტიკის სიზუსტეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ონკოლოგიური დაავადებების ადრეული გამოვლენის კუთხით, რადგან ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილი პათოლოგია ნიშნავს ნაკლებად ინვაზიურ მკურნალობას და გაცილებით უკეთეს პროგნოზს. ევროპულ ცენტრში მიღებული გამოცდილება დამეხმარება უფრო სტრუქტურირებულად და დეტალურად შევაფასო ლორწოვანის მდგომარეობა და სწორად გამოვიყენო თანამედროვე ვიზუალიზაციის მეთოდები.

მაგალითად, ადრეული კუჭის კიბო ან საყლაპავის დისპლაზიური ცვლილებები ხშირად ვიზუალურად რთულად დასადგენია და საჭიროებს მაღალ პროფესიონალიზმსა და დახვეწილ დაკვირვების უნარებს. ევროპულ პრაქტიკაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სტანდარტიზებულ მიდგომებს, დეტალურ დოკუმენტაციასა და ხარისხის მაჩვენებლებს, როგორიცაა სრულყოფილი ინსპექციის დრო და ლორწოვანის სისტემური შეფასება.

როგორც ახალგაზრდა სპეციალისტისთვის, ჩემთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტექნიკური უნარების გაუმჯობესება, არამედ დიაგნოსტიკური აზროვნების დახვეწა - სწორი კლინიკური დასკვნის ჩამოყალიბება და ვიზუალური მონაცემების სწორ კონტექსტში შეფასება.

რა მნიშვნელობა აქვს თქვენს ევროპულ გამოცდილებას თოდუას კლინიკისთვის?

ეს გამოცდილება უნდა აისახოს პაციენტებისთვის უფრო დროულ დიაგნოზსა და მკურნალობის უფრო ოპტიმალურ არჩევანში. ჩემი მიზანია, ეტაპობრივად დაინერგოს ისეთი ენდოსკოპიური მიდგომები და პროცედურები, რომლებიც დღეს ჩვენს რეგიონში ჯერ ხელმისაწვდომი არ არის. ასევე, მსურს, გავაუმჯობესო ჩემი უნარ-ჩვევები უკვე დანერგილ ტექნიკებში.

თოდუას კლინიკა ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო დაწესებულებაა როგორც ტექნოლოგიური შესაძლებლობებით, ისე აქ მომუშავე პროფესიონალების კვალიფიკაციით. კლინიკა ორიენტირებულია განვითარებასა და თანამედროვე მიდგომების დანერგვაზე და ამ პროცესში ჩემი მოკრძალებული წვლილის შეტანა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ასეთ პროგრამაში მონაწილეობა აჩვენებს კლინიკის ჩართულობას საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში. ეს მიუთითებს, რომ თოდუას კლინიკაში უწყვეტი განათლება და განვითარება პრიორიტეტულია.

რა გეგმები გაქვთ საქართველოში დაბრუნების შემდეგ?

დაბრუნების შემდეგ ჩემი მთავარი მიზანი იქნება მიღებული გამოცდილების ეტაპობრივი გამოყენება ყოველდღიურ პრაქტიკაში. ასევე მსურს, კოლეგებისთვის ცოდნის გაზიარება და პროფესიული დისკუსიის გაგრძელება, რათა ის პრაქტიკაში ფართოდ იქნას გამოყენებული.

როგორც ახალგაზრდა სპეციალისტი, საკუთარ თავს ვხედავ უწყვეტი სწავლის პროცესში და ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის პროფესიული განვითარების სწორი და პასუხისმგებლობიანი გზა.

R