ავტორი:

რა განაცხადა სასამართლო სხდომაზე, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ?

რა განაცხადა სასამართლო სხდომაზე, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ?

სასამართლოში ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეზე ბიზნესმენი ზურაბ ტუკვაძე დაიკითხა არ მქონდა მიზანი, ვინმეს წინააღმდეგ მიმეცა ჩვენება, უბრალოდ, სიმართლე მოვუყევი გამოძიებას , - ამის შესახებ ბიზნესმენმა, "კია ჯგუფის" დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა ზურაბ ტუკვაძემ სასამართლო პროცესზე დაკითხვისას განაცხადა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო აპარატის შესყიდვების საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმეა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მან სასამართლოზე განაცხადა, რომ შესყიდვა საიდუმლო უნდა ყოფილიყო და შესყიდვის სრული ღირებულების 10% თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან უნდა წაეღო,

მოწმე აშშ-ში იმყოფება და სასამართლოში ჩვენება დისტანციურად მისცა.

როგორც ზურაბ ტუკვაძემ აღნიშნა, ჯუანშერ ბურჭულაძეს არ იცნობს და მხოლოდ მის ცოლის ძმასთან, ვასილ მხეიძესთან ჰქონდა შეხება.

ტუკვაძემ იმ ტენდერის შესახებ ისაუბრა, რომელშიც მას მონაწილეობა აქვს მიღებული.

ამასთან, ტუკვაძის განმარტებით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას ყველა ჯერზე სწორი ჩვენება მისცა და არაფრის შეცვლა არ სურს.

"გარიგების დადებაში თანამდებობის პირებიდან არავინ დამხმარებია, ეს ვუთხარი გამომძიებელს... ვასილ მხეიძეზე დამისვეს კითხვა, მაგრამ არ დაუსვამთ კითხვა, დამეხმარა თუ არა რაიმე გარიგების დადებაში", - განაცხადა ზურაბ ტუკვაძემ ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის შეკითხვის საპასუხოდ.

ტარიელ კაკაბაძე თავდაცვის სამინისტროს ე.წ. შესყიდვების საქმეში ვასილ მხეიძეს იცავს. ადვოკატმა ტუკვაძეს ჰკითხა: ე.წ. შესყიდვების საქმის ფარგლებში, რატომ მოითხოვა დამატებით დაკითხვა, რაზეც ბიზნესმენმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ გაიაზრა ის, რომ მის მეგობრებს, ბიზნესმენებს საფრთხეში ვერ ჩააგდებდა, რის გამოც გამოძიების კითხვებზე დამატებით პასუხის გაცემა გადაწყვიტა.

"როგორც წინა პროცესზე გითხარით, ამ პროცესში 15 ივლისის კითხვებიდან გამომდინარე, გამოძიების კითხვებიდან გამომდინარე, არ ველოდი, რომ ეს შეეხებოდა ვასო მხეიძისგან გადაფორმებულ სახლს, მანქანას და ა.შ. და კითხვები შეეხებოდა ჩემ მეგობრებს, ბიზნესმენებს. აშკარად, ჩემი გააზრებით, ამ გამოკითხვიდან მივხვდი, რომ საფრთხეში ვერ ჩავაგდებდი მეგობრებს, პარტნიორებს. ... ამიტომ გადავწყვიტე ჩვენების დამატებით მიცემა", - განაცხადა ზურაბ ტუკვაძემ.

ამის შემდგომ მას ტარიელ კაკაბაძემ დამაზუსტებელი კითხვა დაუსვა: "ანუ თქვენი მეგობრები, რომ საფრთხეში არ ჩაგეგდოთ, ამიტომ გადაწყვიტეთ მეორედ ჩვენების მიცემა?", რაზეც ტუკვაძემ თქვა, რომ მისი მიზანი არ იყო , ვინმეს წინააღმდეგ ჩვენების მიცემა.

"ზოგადად ეს პროცედურულად ჩამოგითვალეთ, მეგობრები, სახლის გადაფორმება, შესყიდვა... მე არ მქონდა მიზანი ვინმეს წინააღმდეგ ჩვენება მიმეცა, მე უბრალოდ სიმართლე მოვუყევი გამოძიებას”, - განაცხადა მან.

ამის შემდგომ მას ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ დამატებითი შეკითხვა დაუსვა, კერძოდ კაკაბაძემ მოწმეს ჰკითხა:

"მაინტერესებს, გამოძიებას თუ ჰკითხეთ, რომ როდესაც ამხელა გარიგებას, დანაშაულს დავთანხმდი, რატომ არ ვარ დაკავებული? ან რამე ხომ არ გაქვთ ისეთი, რის გამოც ბრალი არ წაგიყენეს, ან რამე იმუნიტეტი ხომ არ გაქვთ, რაც ჩვენ არ ვიცით?".

ტუკვაძემ კი ადვოკატს უპასუხა, რომ არანაირი იმუნიტეტი არ აქვს.

"არაფერი იმუნიტეტი არ მაქვს და არც არვის უთქვამს ჩემთვის, რომ აპირებს ბრალის წარდგენას", - განაცხადა ზურა ტუკვაძემ.

ამასთან, ადვოკატმა მას ჰკითხა, გამოკითხვისას მის მიმართ რაიმე ზეწოლას ხომ არ ჰქონია ადგილი, ან "ფრჩხილები ხომ არ დაუჭრიათ, ან დაუძრიათ?"

"არა, დაჭრილი ფრჩხილებით მივედი" - აღნიშნა ზურა ტუკვაძემ.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ბრალის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ასევე, 2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.

რაც შეეხებათ, ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას.

მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული