შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში გარემოსთვის საშიში ნივთიერების ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევის მუხლით სამი პირი დააკავეს.
კერძოდ, როგორც "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 288-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარემოსთვის საშიში ნივთიერების ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევას ითვალისწინებს.
მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სხეულის ამპუტირებული ნაწილები სამტრედიაში ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში ეყარა, კონკრეტულად კი, "TV პირველმა” ადგილობრივებზე დაყრდნობით მოამზადა სიუჟეტი, რომელშიც ადგილობრივები ჰყვებიან, რომ უკვე თვეზე მეტია, კლინიკებიდან გამოტანილი სხეულის ნაწილები ძველი ფერმის დანგრეულ შენობაში მიაქვთ და შეფუთულს ტოვებენ.
სხვადასხვა ოპერაციების დროს, კლინიკებში სხეულის ამპუტირებული ნაწილები სოფელ მელაურის მცხოვრებლებმა ყოფილი ფერმის ტერიტორიაზე, რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინეს. მოსახლეობა ამბობს, რომ თავდაპირველად ყურადღება მძაფრმა სუნმა მიიქცია. მოგვიანებით კი შემთხვევით აღმოაჩინეს ადამიანის ძვლები, რომლებიც ძაღლებმა გამოიტანეს.
იხილეთ ასევე: