გავარკვიეთ, თურმე, ბრიტანეთის ელჩი ქართულს რატომ სწავლობდა - „პოსტვ“-სთვის და „იმედისთვის“ რომ ეყურებინა და საქმეები შეეკერა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის ელჩის "იმედისა“ და „პოსტვ“-სთვის სანქციების დაწესების საკითხზე დაბარებას გამოეხმაურა.
„გავარკვიეთ, თურმე, ბრიტანეთის ელჩი ქართულს რატომ სწავლობდა - „პოსტვ“-სთვის და „იმედისთვის“ რომ ეყურებინა და საქმეები შეეკერა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. ფაქტია, რომ ბრიტანეთის გადაწყვეტილება თუკი რაიმეს შეიძლება ეყრდნობოდეს, ეს მისი ელჩის მომზადებული საკითხებია. დასტურდება, რომ [ბრიტანეთის] ელჩია ის, ვინც თავისუფალ მედიაზე თავდასხმისთვის საქმე შეკერა, რაც ძალიან მძიმეა. სოცმედიაში მისი ერთ-ერთი ვიდეო ტრიალებდა - 5-ჯერ ვუყურე. ირონიაა, რომ ეს ადამიანი რამდენიმე თვის წინ გვეფიცებოდა, რომ თავისუფალი მედიის მხარდამჭერები არიან. ალბათ ეს ვიდეო რომ ჩაწერა, გავიდა თავის კაბინეტში და თავისუფალ მედიაზე თავდასხმის საბაბების შეკერვა დაიწყო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გუშინ დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეტ უორდი იყო დაბარებული.
შეგახსენებთ, 24 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და POSTV-ის სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს. სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "იმედი" და POSTV „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი“.