ავტორი:

"...არ არსებობს შანსი, რომ ეს მოხდეს“ - რას უნდა ველოდოთ ახლო აღმოსავლეთში: მორიგი შეხვედრა შეთანხმების გარეშე და ამერიკის პოზიცია ირანზე

"...არ არსებობს შანსი, რომ ეს მოხდეს“ - რას უნდა ველოდოთ ახლო აღმოსავლეთში: მორიგი შეხვედრა შეთანხმების გარეშე და ამერიკის პოზიცია ირანზე

შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ომანის შუამავლობით, გუშინ ჟენევაში გაიმართა. შეხვედრამ შეთანხმების გარეშე ჩაიარა, თუმცა, ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საიდ ბადრ ალბუსაიდიმ განაცხადა, რომ მხარეებმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს და რომ მოლაპარაკებები მომავალ კვირას გაგრძელდება.

Reuters-ის ცნობით, ორივე მხარე გეგმავს მოლაპარაკებების განახლებას თავიანთი ქვეყნების დედაქალაქებში კონსულტაციების შემდეგ გეგმავს.

  • ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საიდ ბადრ ალბუსაიდიმ, რომელიც მოლაპარაკებებს შუამავლობს, შვეიცარიაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი პროგრესს მიაღწიეს.

"დავასრულეთ დღე შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევის შემდეგ“, - განაცხადა ბადრ ალბუსაიდიმ.

მისი თქმით, ტექნიკური დონის დისკუსიები მომავალ კვირას ვენაში გაიმართება.

მედიის ინფორმაციით, საიდ ბადრ ალბუსაიდი დღეს ვაშინგტონში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და აშშ-ის სხვა ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებს გამართავს.

Reuters-ი წერს, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმების მიღწევისკენ მიმართული ნებისმიერი არსებითი ნაბიჯი შეამცირებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ირანზე თავდასხმის შესაძლო პერსპექტივას.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმებს განიხილავს, არ არსებობს შანსი, რომ ასეთმა დარტყმებმა შეერთებული შტატები მრავალწლიან ომში ჩაითრიოს.

ვენსმა The Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დარტყმები იქნება შემაკავებელი ფაქტორი ირანისთვის ბირთვული იარაღის შემუშავების თავიდან ასაცილებლად, თუ საკითხი დიპლომატიურად არ მოგვარდება.

  • "ის აზრი, რომ ჩვენ წლების განმავლობაში ვიქნებით ახლო აღმოსავლეთის ომში, რომლის დასასრული არ ჩანს - არ არსებობს შანსი, რომ ეს მოხდეს“, - აღნიშნა ვენსმა.

ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ იცის, როგორ იმოქმედებს პრეზიდენტი ტრამპი ირანთან დაკავშირებით და დასძინა, რომ ის და პრეზიდენტი "უცხოური სამხედრო ჩარევების მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილები“.

ვენსმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია საკითხის დიპლომატიურ გადაწყვეტას ამჯობინებს. თუმცა, მისი თქმით, ეს "დამოკიდებულია იმაზე, თუ რას მოიმოქმედებენ და რას იტყვიან ირანელები“.