1 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში - თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.
ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
"27-28 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)" - ნათქვამია ინფორმაციაში.
რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, შეზღუდული ხილვადობა, ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
ამავე საავტომობილო გზის კმ1-კმ42 (კოდა-სოფ.ალგეთი) და კმ110-კმ146 მონაკვეთზე, შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ43-კმ94 (სოფ.ალგეთი-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ10-კმ104 მონაკვეთზე (ხაშური-ვალეს საბაჟო), დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე ინტენსიურად თოვს - მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა ცენტრალური გზები, - ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
მათი განცხადებით, იმისათვის, რომ ავტომობილებით გადაადგილება არ შეფერხდეს, კოჯრის, წავკისისა და წყნეთის დასახლებებში, ბეთანიისა და პანტიანის გზაზე ტექნიკური მარილი იყრება.„აღნიშნულ სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სპეცტექნიკის საშუალებით ასრულებენ. სამუშაო პროცესში ასევე ჩართულები არიან შესაბამისი რაიონული გამგეობების თანამშრომლები.
გზების ტექნიკური მარილით დამუშავების პროცესს მონიტორინგს უწევენ „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი.
ამინდის პროგნოზის მიხედვით, შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვა ხვალ საღამომდე გაგრძელდება. მოსახლეობას მოვუწოდებთ, უხვი ნალექის დროს ავტომანქანებით მხოლოდ ზამთრის საბურავებით გადაადგილდნენ. საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოგვმართეთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22”,- ნათქვამია ინფორმაციაში.