დღეს დილით, ირანის წინააღმდეგ აშშ და ისრაელი ერთობლივ დარტყმები განახორციელეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ნეთანიაჰუს ცნობით, ირანის წინააღმდეგ ისრაელის ოპერაციას "ლომის ღრიალი" ეწოდება.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, დარტყმების ერთ-ერთი სამიზნე ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის რეზიდენცია იყო. თუმცა, როგორც ირანული გამოცემები წერენ, პრეზიდენტი უსაფრთხოდაა.
ასევე მედია წერს, რომ ირანში არ იმყოფება აიათოლა ალი ხამენეი. Reuters-ის ინფორმაციით, უზენაესი ლიდერი უსაფრთხო ლოკაციაზეა გადაყვანილი.
ამასთან, გამოცემასთან საუბარში ისრაელის თავდაცვის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ დღეს დილით დაწყებული ოპერაცია აშშ-სთან ერთად ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იგეგმებოდა, ხოლო მისი დაწყების თარიღის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ იქნა მიღებული.
ირანის ოფიციალურმა პირებმა შაბათს განაცხადეს, რომ თეირანი საპასუხო თავდასხმისთვის ემზადება და პირობა დადეს, რომ ისრაელ-აშშ-ის ერთობლივ მოქმედებებს "გამანადგურებელ პასუხს" გასცემენ.
"თეირანი შურისძიებისთვის ემზადება; პასუხი გამანადგურებელი იქნება", — განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა.
ამ თემაზე პოსტს აქვეყნებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი კობერიძე და წერს:
"მოდით ამერიკულ ბაზებზეც გავაკეთოთ განმარტება, რომლებსაც ბოლო ერთი საათია ირანის ისლამური რეჟიმი ბალისტიკურ რაკეტებს ინტენსიურად ესვრის. ჯერჯერობით მხოლოდ ბაჰრეინი დაიბომბა, მაგრამ მცდელობები სხვაგანაც იყო. გავიაროთ ბაზების მნიშვნელობა და ადგილმდებარეობა: პირველი და ყველაზე კრიტიკული სამიზნე ყატარში მდებარე ალ-უდეიდის საჰაერო ბაზაა. ეს არის აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) მოწინავე შტაბ-ბინა და რეგიონში ყველაზე დიდი ამერიკული სამხედრო ობიექტი. აქედან იმართება ფაქტობრივად ყველა საჰაერო ოპერაცია ახლო აღმოსავლეთში. თუმცა ახლა მთელი ძალები ზღვაში ან საიდუმლო ადგილასაა გადასროლილი, მასზე დარტყმა პრაქტიკული თვალსაზრისით ირანს ბევრს არაფერს მისცემს. ამასთან, ის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრად დაცული ლოკაციაცაა, რომელსაც ეშელონირებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები იცავს.
მეორე უმნიშვნელოვანესი წერტილი ბაჰრეინია, სადაც აშშ-ის მეხუთე ფლოტის შტაბ-ბინა (NSA Bahrain) მდებარეობს. იმ ფონზე, რომ თეირანი სპარსეთის ყურეში მეკობრეობითა და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით იმუქრება, ბაჰრეინის საზღვაო ბაზა ირანული საზღვაო ძალების, ე.წ. "მწერების გუნდის" (სწრაფმავალი შეიარაღებული კატარღების) და მოკლე მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების პირდაპირი სამიზნეა. მასზე იერიში ყველაზე ადვილი და მოსალოდნელი იყო. ამიტომაც დაარტყეს მას ირანელებმა. ლოჯისტიკური და სახმელეთო ოპერაციების კუთხით, უდიდესი ტაქტიკური მნიშვნელობა აქვს ქუვეითში მდებარე კემპ არიფჯანს. ეს არის ამერიკული ჯავშანტექნიკისა და სახმელეთო ჯარების მთავარი ჰაბი. ერაყის საზღვართან სიახლოვე მას განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის.საჰაერო უპირატესობის შენარჩუნებისთვის კრიტიკულია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე ალ-დაფრას ავიაბაზა, სადაც ტრადიციულად განთავსებულია ამერიკული გამანადგურებლები და უპილოტო აპარატები. თუმცა აქედანაც გაყვანილია ძალების აბსოლუტური უმრავლესობა, დანარჩენს კი იცავს შესაბამისი საჰაერო თავდაცვა.
განხილული უნდა იყოს იორდანიაში მდებარე მუვაფაქ სალტის საჰაერო ბაზაც. იორდანიის ბაზა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავად ისრაელის დასაცავად და სირია-ერაყის საჰაერო სივრცის გასაკონტროლებლად, საიდანაც ირანული "შაჰედები" და ფრთოსანი რაკეტები მოფრინავენ. აქ წინა დღეებში სერიოზული აქტივობა იყო და სავარაუდოდ ამერიკული ოპერაციების ერთ-ერთი ცენტრია ის.
ერაყში აინ ალ-ასადის საჰაერო ბაზა და ერბილის საერთაშორისო აეროპორტის სამხედრო ნაწილია. ეს წერტილი, იერიშის შემთხვევაში, საკმაოდ ადვილი სამიზნე შეიძლება გამოდგეს. ბაზების უმრავლესობა მაქსიმალურად დაცლილია. ოპერაციული სარდლობა ზღვაში გადატანილი. ორი ავიამზიდისა და დამრტყმელი ჯგუფის ადგილზე ყოფნა სწორედ ამას მიუთითებს. სავარაუდოა, რომ ირანი ყველა ამ წერტილის დაბომბვას შეეცდება".

ეს მანძილი საკმარისია, რათა ირანის დარტყმის ქვეშ სპარსეთის ყურის რეგიონში მდებარე ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურის ფართო ქსელს მოექცეს.
მათ შორის:
კატარში მდებარე ალ უდეიდის ავიაბაზა, სადაც აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მოწინავე შტაბი მდებარეობს;
ბაჰრეინში მდებარე საზღვაო მხარდაჭერის ობიექტი. აშშ-ის მეხუთე ფლოტის შტაბი;
ქუვეითში მდებარე კემპ არიფჯანი, არმიის ლოჯისტიკური და სამეთაურო ცენტრი;
ქუვეითის ალი ალ სალემის ავიაბაზა;
საუდის არაბეთში მდებარე პრინც სულთანის ავიაბაზა;
არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მდებარე ალ დაფრას ავიაბაზა;
იორდანიაში მდებარე მუვაფაქ სალტის ავიაბაზა, სადაც ასევე ამერიკული ავიაციაა განთავსებული.

როგორც აღინიშნა, ირანის საჯაროდ ცნობილი სარაკეტო სისტემების უმეტესობის მაქსიმალური მოქმედების რადიუსი დაახლოებით 2 000 კილომეტრს შეადგენს. გაშვების ადგილიდან გამომდინარე, ეს შესაძლოა მოიცავდეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ნაწილებს, მათ შორის საბერძნეთს, ბულგარეთსა და რუმინეთს. აშშ-ს ევროპაში დაახლოებით 80 000 სამხედრო ჰყავს განთავსებული, მათ შორის ამ სამ ქვეყანაშიც.
ევროპის უფრო ღრმა რეგიონების მისაღწევად ირანს უფრო შორი მოქმედების სისტემები დასჭირდება, ვიდრე ამჟამად საჯაროდ აქვს დემონსტრირებული.
აშშ - ის აღმოსავლეთ სანაპიროს მისაღწევად რაკეტას დაახლოებით 10 000 კილომეტრის მოქმედების რადიუსი დასჭირდებოდა, რაც ირანის ცნობილ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აღემატება.
თუმცა ამერიკული სადაზვერვო უწყებების მონაცემებით, ირანის კოსმოსური პროგრამა შესაძლოა ტექნოლოგიურ საფუძვლად იქცეს მომავალი შორი მოქმედების რაკეტების შემუშავებისთვის, თეირანს უკვე გააჩნია კოსმოსური გამშვები აპარატები, რომელთა გამოყენებით 2035 წლამდე შეიძლება სამხედრო თვალსაზრისით სიცოცხლისუნარიანი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა შეიქმნას. ეს ნიშნავს რომ მისი პოტენციური კონტინენტთაშორის შესაძლებლობებს დაახლოებით ერთი ათწლეული და პოლიტიკურ გადაწყვეტილებები აშორებს. წყარო
იხილეთ ასევე: