ავტორი:

ვინ არის მიხეილ ბინიაშვილი, რომელიც გერმანიაში ე.წ. "ქოლ-ცენტრების" საქმეზე გაასამართლეს - დანაშაულებრივი სქემის დეტალები: "ადამიანებმა დაკარგეს მთელი დანაზოგი"

ვინ არის მიხეილ ბინიაშვილი, რომელიც გერმანიაში ე.წ. "ქოლ-ცენტრების" საქმეზე გაასამართლეს - დანაშაულებრივი სქემის დეტალები: "ადამიანებმა დაკარგეს მთელი დანაზოგი"

OCCRP-ის (ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის კვლევის ცენტრის) მიერ გამოაშკარავებული მასშტაბური თაღლითური სქემის, "Milton Group"-ის საქმეზე გერმანიის სასამართლომ განაჩენი გამოიტანა. ბავარიის ქალაქ ბამბერგის რეგიონულმა სასამართლომ თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურას 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ვინ არის გასამართლებული პირი?

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ოფიციალურ განცხადებაში მსჯავრდადებულის ვინაობა არ სახელდება, OCCRP-ის ინფორმაციით, საუბარია საქართველოსა და ისრაელის ორმაგ მოქალაქეზე, მიხეილ ბინიაშვილზე. ჟურნალისტებმა სასამართლო განრიგისა და ბრალდების დეტალების შეჯერებით დაადასტურეს, რომ სასჯელი სწორედ მას შეეფარდა.

დანაშაულის სქემა: როგორ ატყუებდნენ მოქალაქეებს

სასამართლომ დაადგინა, რომ 2017-2019 წლებში ბინიაშვილი ხელმძღვანელობდა ალბანეთში ბაზირებულ ქოლ-ცენტრს, სადაც 600-მდე ადამიანი იყო დასაქმებული.

მიხეილ ბინიაშვილი

სქემა შემდეგნაირად მუშაობდა:

მსხვერპლები რეგისტრირდებოდნენ ყალბ საინვესტიციო საიტებზე. სპეციალურად მომზადებული ოპერატორები უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს, მოიპოვებდნენ მათ ნდობას და არწმუნებდნენ დიდი თანხების "ინვესტირებაში". რეალურად, ფული არსად იდებოდა და მას თაღლითური დაჯგუფება ითვისებდა. მხოლოდ გერმანულენოვან ქვეყნებში მსხვერპლთა ზარალმა 8 მილიონი ევრო შეადგინა.

"PumaTS" – პროგრამული უზრუნველყოფა თაღლითებისთვის

ბინიაშვილს ბრალად ედებოდა არა მხოლოდ ქოლ-ცენტრის მართვა, არამედ სპეციალური პროგრამის, PumaTS-ის შექმნა და გავრცელება. ეს პროგრამა სხვა კრიმინალურ ჯგუფებს თაღლითური სქემების მართვაში ეხმარებოდა. ამ ნაწილში მიყენებული ზიანი სასამართლომ 42 მილიონ ევროდ შეაფასა.

"მსხვერპლები სასტიკად მოატყუეს... ადამიანებმა დაკარგეს მთელი დანაზოგი, განადგურდა მათი საარსებო წყარო“, - განაცხადა მოსამართლე გიოტცმა განაჩენის გამოცხადებისას.

სასამართლო პროცესზე ბინიაშვილმა დანაშაული სრულად აღიარა, საპროცესო შეთანხმებას დასთანხმდა და მსხვერპლებს ბოდიში მოუხადა. ციხის გარდა, მას 2.4 მილიონი ევროს ღირებულების ქონების კონფისკაციაც დაეკისრა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. "მილტონ გრუპის" ქსელი, რომელიც საქართველოში, ალბანეთსა და უკრაინაში მოქმედებდა, პირველად 2020 წელს OCCRP-ის ხმაურიანი გამოძიების შედეგად გახდა ცნობილი. საქართველოში ამ ქსელის ოფისები "მორგან ლიმიტედის" სახელით იყო ცნობილი.