"აშშ-მა ირანში ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაცია დაიწყო“, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ავრცელებს.
„ჩვენი მიზანი ირანის რეჟიმიდან წამოსული საფრთხის აღმოფხვრის შედეგად ამერიკელი ხალხის დაცვაა. ირანის სასტიკი რეჟიმის ქმედებები პირდაპირ საფრთხეს უქმნის აშშ-ს, ჩვენს სამხედროებს, უცხოეთში ჩვენს ბაზებსა და მთელ მსოფლიოში ჩვენს მოკავშირეებს“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.
"ამ ტერორისტულ რეჟიმს ბირთვული იარაღი არასდროს ექნება. კიდევ ერთხელ ვამბობ: მათ ბირთვული იარაღი არასდროს ექნებათ“, - აღნიშნავს ტრამპი.
დონალდ ტრამპი ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ იარაღის დაყრისკენ მოუწოდებს.
"ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს, შეიარაღებულ ძალებსა და პოლიციას მოგიწოდებთ, რომ იარაღი დაყაროთ. თქვენ სამართლიანად მოგექცევიან ან გარდაუვალი სიკვდილის წინაშე აღმოჩნდებით“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.
ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა ირანელ ხალხსაც მიმართა და ისინი გააფრთხილა, რომ „უსაფრთხო ადგილას დარჩნენ, რადგან ბომბები ყველგან ჩამოცვივდება”.
"თქვენი თავისუფლების საათი ახლოვდება. როდესაც ჩვენ დავასრულებთ, მთავრობას თქვენ გადაიბარებთ. ის თქვენი იქნება. ეს, ალბათ, მომავალი რამდენიმე თაობის განმავლობაში თქვენი ბოლო შანსი იქნება. თქვენ ამერიკის დახმარებას მრავალი წლის განმავლობაში ითხოვდით, მაგრამ იგი აქამდე არასდროს მიგიღიათ. არც ერთი პრეზიდენტი არ იყო მზად იმის გაკეთებისთვის, რასაც მე ვაკეთებ“, - აღნიშნავს ტრამპი.

ისრაელ კაცის განცხადებით, "მთელ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა“.

ამასთან, გამოცემასთან საუბარში ისრაელის თავდაცვის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ დღეს დილით დაწყებული ოპერაცია აშშ-სთან ერთად ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იგეგმებოდა, ხოლო მისი დაწყების თარიღის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ იქნა მიღებული.
ისრაელის მე-12 არხის ინფორმაციით, ირანის წინააღმდეგ ისრაელი და აშშ ერთობლივ დარტყმებს ახორციელებენ. ასევე, დაუდასტურებელი ინფორმაციით, დარტყმების ერთ-ერთი სამიზნე ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის რეზიდენცია იყო.

თავდასხმის დაწყების შემდეგ „მოსადმა“ განცხადება გაავრცელა და ირანის მოქალაქეებს მიმართა.
„ირანელო ძმებო და დებო. თქვენ მარტო არ ხართ! ერთად ირანს დიდებულ დღეებს დავუბრუნებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, ირანის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმების ფონზე ქვეყნის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ფრენებისთვის დაიხურა.
„საზოგადოებას ვთხოვთ, რომ აეროპორტებში არ მივიდნენ“, - ნათქვამია ისრაელის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში. ასევე, სამინისტრო ისრაელის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს რეკომენდაციები დაიცვან.
იხილეთ ასევე: