ირანის ოფიციალურმა პირებმა შაბათს განაცხადეს, რომ თეირანი საპასუხო თავდასხმისთვის ემზადება და პირობა დადეს, რომ ისრაელ-აშშ-ის ერთობლივ მოქმედებებს "გამანადგურებელ პასუხს" გასცემენ.
"თეირანი შურისძიებისთვის ემზადება; პასუხი გამანადგურებელი იქნება", — განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა.
ირანის თავდაცვის სფეროს წარმომადგენლებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპასუხო ქმედებები, მათ შორის სარაკეტო დარტყმები, სავარაუდოდ, უახლოეს საათებში განხორციელდება
წყაროების შეფასებით, სამხედრო მზადყოფნა გაძლიერებულია და გადაწყვეტილებები ოპერატიულ რეჟიმში მიიღება. სხვა დეტალები ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.

შეგახსენებთ, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ და ისრაელი დარტყმებს ახორციელებენ. მედიის ცნობით, ირანის წინააღმდეგ მიმდინარე იერიშები აშშ-ისრაელის ერთობლივ ოპერაციას წარმოადგენს.
ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა. ნეთანიაჰუს ცნობით, ირანის წინააღმდეგ ისრაელის ოპერაციას „ლომის ღრიალი“ ეწოდება.
ისრაელის დარტყმების სამიზნეებს ირანის უზენაესი ლიდერი და ირანის პრეზიდენტი წარმოადგენდნენ - დარტყმების შედეგები ჯერჯერობით უცნობია, - ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემას ისრაელის ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომ დღეს დილით განხორციელებული დარტყმების სამიზნეები ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი და ასევე, სხვა მაღალი რანგის სამხედრო მეთაურები იყვნენ.
ამასთან, ისრაელის მე-12 არხის ინფორმაციით, ირანში განხორციელებული დარტყმები „ძალიან წარმატებული“ იყო.
მანამდე, ირანულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო აიათოლა ალი ხამენეი უსაფრთხო ლოკაციაზეა გადაყვანილი.
წაიკითხეთ ასევე: