ირანში კრიტიკულმა ინფრასტრუქტურამ, ოფიციალურმა საინფორმაციო ვებგვერდებმა და უსაფრთხოების საკომუნიკაციო სისტემებმა ფუნქციონირება შეწყვიტა, რის შედეგადაც ქვეყნის ხელმძღვანელობა კომუნიკაციის სერიოზული შეფერხების წინაშე აღმოჩნდა.
ინტერნეტ-მონიტორინგის ორგანიზაცია NetBlocks-მა შაბათს დაადასტურა, რომ ირანში ინტერნეტკავშირი უკიდურესად დაბალ დონემდე დაეცა და ნორმალური ტრაფიკის მხოლოდ 4%-ს შეადგენდა.

დაზიანდა სახელმწიფო მედიის პლატფორმებიც. სერიოზული შეფერხებები შეექმნა სააგენტო Tasnim News Agency-ს, რომელიც ირანის რევოლუციურ გვარდიასთან (IRGC) არის დაკავშირებული. გავრცელებული ინფორმაციით, Tasnim-ის პლატფორმა ჰაკერული თავდასხმების სამიზნე გახდა, ხოლო საიტზე დროებით გამოჩნდა დივერსიული შეტყობინებები, რომლებიც ქვეყნის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის წინააღმდეგ იყო მიმართული.


დასავლური დაზვერვის წყაროების ინფორმაციით, იერიშის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის — Islamic Revolutionary Guard Corps (IRGC) — საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა იყო.
წყაროების შეფასებით, ინფრასტრუქტურის დაზიანების მიზანი კონტრშეტევების კოორდინაციის შეფერხება და ირანის კიბერ და ელექტრონული დანაყოფების შესაძლებლობების შეზღუდვა იყო. კერძოდ, საუბარია დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების გაშვების პროცესის ჩაშლაზე ან შეფერხებაზე.
ოფიციალური თეირანი აღნიშნულ ინფორმაციას ამ დრომდე საჯაროდ არ გამოხმაურებია.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ოპერაცია "ლომის ღრიალის" ფარგლებში ირანზე მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა. მედიის ინფორმაციით, ირანის წინააღმდეგ მიმდინარე იერიშები აშშ-ისრაელის ერთობლივ ოპერაციას წარმოადგენს.
აშშ-ის მხრიდან ოპერაციას ოფიციალურად "ეპიკური მრისხანება" ეწოდა. დარტყმების შემდეგ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ოპერაციის მიზანი ირანიდან მომავალი „გარდაუვალი საფრთხის აღმოფხვრაა“.
„აშშ გაანადგურებს ირანის სარაკეტო ინდუსტრიას და საზღვაო ფლოტს“, — თქვა მან.

საინფორმაციო სააგენტო Reuters იუწყება, რომ დარტყმები საჰაერო და საზღვაო ძალების საშუალებით განხორციელდა. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, ოპერაცია ვაშინგტონთან კოორდინაციით თვეების განმავლობაში იგეგმებოდა და თავდასხმის ზუსტი თარიღი რამდენიმე კვირის წინ შეირჩა.
Times of Israel-ის ცნობით, ერთობლივი თავდასხმის "საწყისი ფაზა" მინიმუმ ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება. რეპორტაჟში ნათქვამია, რომ თავდასხმისთვის დილის საათები "მოულოდნელობის ეფექტის" შესაქმნელად შეარჩიეს, რადგან ირანი დღის განმავლობაში შეტევას არ ელოდებოდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ ოპერაციას "ლომის ღრიალი" ეწოდა. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაციის სახელწოდება სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს - ლომი იუდას ტომის სიმამაცისა და ძალის სიმბოლოა.
სახელწოდებაში სიტყვა „ლომის“ გამოყენებით ისრაელი სიმბოლურად აგრძელებს გასული წლის ივნისში განხორციელებული ოპერაციის - „აღმავალი ლომის“ - ტრადიციას. მაშინ სამხედრო ოპერაციის მთავარი მიზანი ირანის ძირითადი ბირთვული ობიექტებისა და სამხედრო ხელმძღვანელობის განადგურება იყო.
წაიკითხეთ ასევე: