ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვას ირანელთა ნაწილი გლოვობს და ნაწილი - ზეიმობს.
ცენტრალურ ირანში, ისპაჰანის ქუჩებში გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ მხიარულობენ ადამიანები.
კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ იკრიბებიან ადამიანები კოცონის გარშემო. ქუჩებსა და სახლებში ზეიმობს დაღუპული მომიტინგეების რამდენიმე ოჯახიც.
Reuters-ის ცნობით, ზეიმი იყო თეირანთან ახლომდებარე ქალაქში, კარაჯშიც.
ამასთან, BBC Persian-ის ინფორმაციით, დღეს დილით ქუჩებში მიმდინარე მოვლენები, როგორც ჩანს, უზენაესი ლიდერის გარდაცვალებისადმი მიძღვნილი პრო-სამთავრობო ღონისძიებებია.
თეირანში, საინფორმაციო სააგენტოების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ გლოვობენ ქუჩებში ადამიანები, ზოგიერთ მათგანს კი ხელში ხამენეის ფოტოები უჭირავს.