ფლორიდელი წყვილის, ტიფანი სკორისა და სტივენ მილსის ოჯახური იდილია ნამდვილ კოშმარად იქცა. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მათი ახალშობილი გოგონა გენეტიკურად მათი შვილი არ არის, ბავშვის ბიოლოგიური მშობლების ძიების პროცესი უკვე სასამართლომდე მივიდა.
ტიფანიმ და სტივენმა დახმარებისთვის ორლანდოს განაყოფიერების ცენტრს მიმართეს. პროცედურების შედეგად სამი სიცოცხლისუნარიანი ემბრიონი მიიღეს. თუმცა, როდესაც 2025 წლის დეკემბერში პატარა შეა დაიბადა - ჩვილს განსხვავებული კანის ფერი ჰქონდა. დნმ-ის ტესტმა კი დაადასტურა, რომ ახალშობილი მათი შვილი არ იყო და კლინიკაში ემბრიონები აერიათ.
მას შემდეგ, რაც წყვილმა კლინიკას უჩივლა, ათზე მეტი ოჯახი გამოჩნდა, ვინც ვარაუდობს, რომ შესაძლოა, შეა მათი ბიოლოგიური შვილი იყოს. ადვოკატ ჯეკ სკაროლას თქმით, სასამართლომ კლინიკას დაავალა, უფასო გენეტიკური ტესტირება ჩაუტაროს ყველა პაციენტს, ვინც იმავე პერიოდში იმყოფებოდა კლინიკაში.
ერთი წყვილი უკვე ელოდება ტესტის პასუხებს, რომელიც მარტის პირველ კვირაში გახდება ცნობილი.
ტიფანის და სტივენს კიდევ ერთი დიდი შიში აწვალებთ: სად არის მათი ბიოლოგიური ემბრიონი? არსებობს ეჭვი, რომ მათი შვილი შესაძლოა სხვა ოჯახში იზრდებოდეს ან ემბრიონი ვლავ კლინიკის საცავში იყოს, თუმცა ამის დადასტურება ჯერ ვერ ხერხდება.
მიუხედავად იმისა, რომ წყვილს პატარა შეა ძალიან შეუყვარდა და მასზე დაბადების დღიდან ზრუნავენ, ისინი ამბობენ, რომ აქვთ "მორალური ვალდებულება“, იპოვონ ბავშვის ნამდვილი მშობლები.
"ჩვენ სასწაულისთვის ვლოცულობთ,“ - ამბობს ადვოკატი. წყვილი ყოველდღიურ შიშში ცხოვრობს, რადგან არ იციან, როდის გამოჩნდებიან ბიოლოგიური მშობლები და მოითხოვენ თუ არა ბავშვზე მეურვეობას.
ამ დროისთვის კლინიკა და მკურნალი ექიმი მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ და პაციენტების კონფიდენციალურობის დაცვის მოტივით დუმილს ამჯობინებენ. სასამართლოს შემდეგი სხდომა 4 მარტსაა ჩანიშნული.