ხშირად გვისაუბრია ემიგრანტებთან, მათთან ინტერვიუები ჩაგვიწერია, მათი მძიმე ცხოვრებისა და შრომის შესახებ მკითხველისთვის მოგვიყოლია. გისაუბრია მათ შვილებთანაც, მაგრამ საქართველოში შრომით მიგრაციის ერთ-ერთ მტკივნეულ და ნაკლებად შესწავლილ საკითხს ხშირად არ შევხებივართ. არადა, ემიგრანტი მშობლების საქართველოში დარჩენილი შვილების ემოციური და სოციალური მდგომარეობა ძალიან მძიმეა.
25 თებერვალს დიასპორული პლატფორმა „სფიჩ მედიას“ მიერ სოციალურ თემაზე მომზადებული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის - „ერთმანეთის გარეშე“ ონლაინ პრემიერა გამართა.
„ერთმანეთის გარეშე“ წარმოადგენს სოციალურ-დოკუმენტურ ნამუშევარს, რომელიც უცხოეთში მცხოვრები დედებისა და საქართველოში დარჩენილი შვილების გამოცდილებას მრავალმხრივი მიმართულებით იკვლევს. ფილმი აერთიანებს პირად ისტორიებსა და პროფესიულ შეფასებებს - ექსპერტის, ფსიქოლოგის, სკოლის დირექტორის, აღმზრდელის და თავად მიგრანტი მშობლის ხედვებს. ეს პრობლემის მასშტაბურობას სრულად წარმოაჩენს და არის ერთგვარი გზამკვლევი“, - აღნიშნავს პლატფორმა „სფიჩის" დამფუძნებელი, სოფო ჯაჯანაშვილი.
ფილმში ასახულია ამერიკაში მცხოვრები მიგრანტი დედის ყოველდღიური ძალისხმევა შვილების დისტანციურად აღზრდაზე. აქცენტი კეთდება საქართველოში დარჩენილ ბავშვებზე, მათ მარტოობაზე, ემოციურ გაუცხოებასა და მშობლის სითბოს მუდმივ დეფიციტზე.
ფილმის მთავარი გმირია ია აბუაშვილი, პროფესიით პედაგოგი და სკოლის ყოფილი დირექტორი. საქართველო წლების წინ დატოვა, ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს და ბავშვის აღმზრდელად მუშაობს. ია თავადაც ემიგრანტების ოჯახიდანაა. მისი დედა და ძმა საფრანგეთში 23 წლის წინ წავიდნენ. ია იმ ქართველი ემიგრანტი დედების სახეა, რომლებიც წლებია, უცხოეთში ცხოვრობენ და შვილებს ონლაინრეჟიმში ზრდიან. მიუხედავად სრული ჩართულობისა, დროთა განმავლობაში მაინც ხდება გაუცხოება საკუთარ ოჯახებთან, რასაც ხშირად შვილების მხრიდან მშობლების დადანაშაულებაც ახლავს. დედებს აწუხებთ მუდმივი კომპლექსი, უჭირთ პრობლემებზე ღიად საუბარი და ხშირად გამოსავალს შვილების ფინანსურ განებივრებაში ეძებენ, რაც მოზარდებისთვის შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს.
ია:
„დანაშაულის განცდა ყველა დედას აქვს, ვინც შვილს ტოვებს და ემიგრაციაში მიდის. თავს იმშვიდებს, რომ ამას შვილის მომავლისთვის აკეთებს, თუმცა ავიწყდება, რომ მათ ჩვენგან სულ სხვა რამ სჭირდებათ. ეს ამოუცნობი წყენა მოზარდს მთელი ცხოვრება გასდევს... ყველა დედას უნდა თავის შვილთან ყოფნა, მაგრამ ვხვდებით, რომ აქ ჩვენი ყოფნით მუშაობით მათ უკეთეს მომავალს ვუქმნით, მაგრამ ეს არჩევანი არასოდესაა მარტივი...
თავად ემიგრანტის შვილი ვარ და ვიცი, შვილისთვის რას ნიშნავს დედის წასვლა...
ისე წავიდა, ისე გავაცილე აეროპორტში ხმა არ გამიცია, ვცდილობდი, ჩემი ცრემლები არ დაენახა, არადა, როგორ მინდოდა ჩავხუტებოდით...
ვიცოდი, ჩემს შვილებს უჩემოდ ნამდვილად გაუჭირდებოდათ... ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, შვილი არასრულწლოვანია თუ სრულწლოვანი, ძალიან რთულია, როცა სხვის შვილზე თუ შვილებზე ზრუნავ და საკუთარი შვილებისთვის დრო აღარ გრჩება. ამას ძალიან განიცდი...
იცი, როგორ მენატრები და როგორ მიყვარხარ? გიგზავნი ჩემს საუკეთესო მეგობარს „ბანის,“ ვიცი, ისე ვერ შეიყვარებ როგორც მე, მაგრამ შენთან იყოს. შენი თეკლა.
რამდენჯერმე ისე მოხდა, შევპირდი, დაგირეკავ-მეთქი და ვეღარ მოვახერხე. როცა მოვიცალე, მას უკვე ეძინა. ასეთ დროს ძალიან განვიცდი. მგონია, რომ ეწყინა, იდარდა... დანაშაულის განცდა სულ თან დამყვება. ხშირად ამის გამო იმაზე მეტს ვუკეთებთ შვილებს, ვიდრე საჭიროა და სწორედ აქ ვუშვებთ შეცდომებს... ამ პრობლემას საქართველოშიც ვაწყდებოდი, როდესაც სკოლის დირექტორი ვიყავი და იგივე პრობლემაა ახლა სწორედ ჩემ წინაშე. თუ მე ის მოვახერხე, რომ ონლაინ შევძელი თეკლასთან ემოციური კავშირის შენარჩუნება, მაშინ ვიტყვი, რომ დროსა და მანძილზე გავიმარჯვე“.
საერთო სევდა აკავშირებდათ. დღეს ის თავადაც პედაგოგია და საკუთარ გამოცდილებას ხშირად უკვე მოსწავლეებს უზიარებს, რომელთა მშობლებიც ასევე ემიგრაციაში არიან.
სოფო: „როდესაც მშობელი გტოვებს, მიდის, გაქვს უსუსურობის შეგრძნება, მაგრამ საკუთარ თავს არ უტყდები. თან არც გინდა, რომ ეს ტკივილი დედას თუ მამას აჩვენო იმიტომ, რომ იცი, ძალიან რთულ გზას გადის და ამას მალავ. თან დედას უფრთხილდები, თან საკუთარ თავსაც არ უტყდები... ეს ყველაფერი წლების შემდეგ გადავლახე.
12 წლის ვიყავი, დედა რომ წავიდა. სკოლაში ვიყავი და მახსოვს სიბრალული, შეცოდება მახსოვს, - აი, ეს გრძნობა მოდიოდა, პირდაპირ მეტაკებოდა და ამიტომ შევწყვიტე საუბარი. შევიფუთე ისე, თითქოს ყველაფერი იდეალურად იყო და ეგ იდეალურობა დღემდე გამომყვა... კიდევ მეტად გავაცნობიერე სტუდენტობისას, რომ ეს მარტო ჩემი ცხოვრების ტკივილი არ იყო - ბევრნი ვიყავით. ჩემი მეგობარი, ჩემი კურსელი, ჩემი კლასელი, ჩემი მეზობელი და აღმოვჩნდით, რომ ეს არის უზარმაზარი, დიდი რაღაც არეალი, სადაც ემიგრანტის შვილები ვცხოვრობთ. ახლა კი იმ ასაკის ბავშვები სხედან ჩემ წინ გაკვეთილზე, რა ასაკშიც მე არ მყავდა იმ მომენტში დედა. მათ იმ თვალით ვუყურებ, რა დღეშიც მე ვიყავი და რაშიც ახლა ეს ბავშვები იხარშებიან.
თუ წიგნში სიტყვა ემიგრანტი წერია და ის ამოვიკითხე, შეიძლება ყველაფერი ამოყირავდეს. შეიძლება იმ გაკვეთილზე ვერ გავძლოთ, შეიძლება ჩაიშალოს გაკვეთილი იმიტომ, რომ ძალიან სენსიტიურები ვართ...
მართლა განსხვავებული თაობა ვართ ის ადამიანები, ვინც ემიგრანტის შვილები ვართ. ხიდი, რაც მშობლებსა და შვილებს შორის არსებობს, ეს ხიდი არ მყარდება. არ მჯერა ამის. ჩემი მაგალითიდან გამომდინარე ვიწროვდება...
ხშირად დავუსვამთ კითხვა, - აი, დედა რომ ჩამოვიდა, რატომ არ რჩება? მაგრამ აქ რა ხვდება? ამაშია საქმე. მარტო მე ხომ არ ვარ, საკუთარი თავი ჰყავს, ინდივიდი, რაც მე დავკარგე, მანაც დაკარგა. თუმცა მე აქ რაღაცებით შევივსე. რაღაცები ჩემს სამშობლოში შევძელი. სალმის თქმა არ დამიკარგავს. ემიგრანტმა ქალებმა ყველაფერი დაკარგეს. დედა ამბობს ხოლმე ხშირად, რომ ეაქ ყოფნა ციხეა, სადაც კარი ღიაა, მაგრამ ვერ გადიხარ... ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ისინი ჩვენ გველოდებიან“.
„მშობლის ემიგრაცია ბავშვისთვის მხოლოდ ფიზიკური განშორება არ არის. ეს არის ემოციური დანაკარგი, რომელსაც თან ახლავს გაურკვევლობა, მიტოვების განცდა და უსაფრთხოების დაკარგვა. კვლევამ გამოავლინა, რომ მიგრანტი მშობლების შვილებში ხშირად ვლინდება სევდა, მარტოობის განცდა, შფოთვა და სტრესი. ბავშვები ხშირად საუბრობენ მშობლების მონატრებაზე, ხდებიან ჩაკეტილები და ნაკლებად ერთვებიან სოციალურ აქტივობებში. სწორედ ამიტომ არის საჭირო საკითხისადმი კომპლექსური მიდგომა, მათი საჭიროებების ადრეული იდენტიფიკაცია, პედაგოგების გაძლიერება და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის ხელმისაწვდომობა,“ - აღნიშნავს საერთაშორისო ასოციაცია „Civitas Georgica”-ს პრეზიდენტი, მაია ნასრაშვილი.
ცნობისთვის, დოკუმენტური ფილმი „ერთმანეთის გარეშე“ შექმნილია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით.