ავტორი:

როგორ უთვალთვალებდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ირანის უზენაეს ლიდერს თვეების განმავლობაში და გადამწყვეტი დარტყმა, რომელმაც ის იმსხვერპლა

როგორ უთვალთვალებდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ირანის უზენაეს ლიდერს თვეების განმავლობაში და გადამწყვეტი დარტყმა, რომელმაც ის იმსხვერპლა

ცნობილი ხდება აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს სპეციალური ოპერაციის დეტალები, რომლის ფარგლებშიც ირანის სულიერი ლიდერის ლიკვიდაცია განხორციელდა.

როგორც nypost სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით წერს, აშშ და ისრაელი ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, თვეების განმავლობაში აკვირდებოდნენ. ისინი იშვიათ შესაძლებლობას ელოდნენ, რათა დარტყმა განეხორციელებინათ. ეს შესაძლებლობა თეირანში მდებარე მის გამაგრებულ კომპლექსში ისლამური რესპუბლიკის უსაფრთხოების 40 მაღალჩინოსნის შეკრება გახდა.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო [CIA] რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდა ალი ხამენეის და დაადგინა, რომ ის 28 თებერვლის დილას საკუთარ რეზიდენციაში ირანის მაღალი თანამდებობის პირებს უნდა შეხვედროდა.

როგორც The New York Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, აშშ და ისრაელი თავდასხმას ჯერ ღამით გეგმავდნენ, თუმცა მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ ხამენეი მაღალჩინოსნებს უნდა შეხვედროდა, ოპერაციის დაწყება დილამდე გადადეს.

CIA-მ ხამენეის ადგილსამყოფლის შესახებ ისრაელს ინფორმაცია მიაწოდა. შედეგად, მიწოდებული ინფორმაციისა და საკუთარი დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, ისრაელმა განახორციელა ოპერაცია, რომელსაც ის თვეების განმავლობაში გეგმავდა.

ისრაელის გამანადგურებლებმა დარტყმა შაბათს, დღისით განახორციელეს. მათ შენობა ნანგრევებად აქციეს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ირანის სულიერი ლიდერი, მისი ოჯახის 3 წევრი და ათობით ჩინოვნიკი.

  • “ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) წინასწარ შეისწავლა 86 წლის აიათოლას გადაადგილების მარშრუტი და წესები. მათ მიიღეს ახალი სადაზვერვო ინფორმაცია თეირანის ცენტრში დაგეგმილი შეხვედრის შესახებ. სააგენტომ დაადასტურა, რომ შეხვედრას თავად ხამენეიც დაესწრებოდა.

ამერიკელმა და ისრაელელმა სამხედროებმა ოპერაციას „Epic Fury“ უწოდეს. თავდაპირველად დარტყმა ღამით იგეგმებოდა. თუმცა, გეგმა შეიცვალა, რათა შაბათი დილის შეხვედრით ესარგებლათ. ამ მოულოდნელმა დარტყმამ ხამენეისთან ერთად ირანის თავდაცვის მინისტრი და დაზვერვის ხელმძღვანელიც იმსხვერპლა. დაღუპულთა შორის არის ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი აბდოლრაჰიმ მუსავიც,“ - წერს გამოცემა.

თავდასხმა ისრაელის ოფიციალური პირების მიერ თვეების განმავლობაში იგეგმებოდა. თვითმფრინავები ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე აფრინდნენ. ზუსტი დამიზნების იარაღმა თეირანს დაახლოებით 9:40 საათზე დაარტყა. ისრაელის ავიაციამ კომპლექსზე დაახლოებით 30 ბომბი ჩამოაგდო.

გამოცემა Wall Street Journal-ის ცნობით, სამხედრო კამპანიის დაწყებამდე ისრაელის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობა, მათ შორის საჰაერო ძალების მეთაური, სამხედრო დაზვერვის უფროსი და „მოსადის“ დირექტორი, რეგულარულად სტუმრობდნენ ვაშინგტონს ოპერაციის დასაგეგმად. გამოცემა წერს, რომ აშშ-მა და ისრაელმა ხამენეის რეზიდენციაზე 30 საჰაერო ბომბი იმ დროს ჩამოაგდეს, როდესაც ქვეყნის მთელი უმაღლესი ხელმძღვანელობა კომპლექსში იმყოფებოდა. რეზიდენცია მთლიანად განადგურდა.

  • ხამენეი და სხვა მაღალჩინოსნები ორ სხვადასხვა შენობაში იმყოფებოდნენ, რომლებიც დარტყმებმა გაანადგურა.

გამოცემის ცნობით, აშშ-მა ირანზე მასშტაბური საჰაერო დარტყმის დასაგეგმად კომპანია Anthropic-ის მიერ შემუშავებული ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები გამოიყენა. სამხედრო სარდლობებმა მთელ მსოფლიოში, მათ შორის აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ახლო აღმოსავლეთში, Anthropic-ის Claude AI-ის ინსტრუმენტით ისარგებლეს.

Anthropic-ის Claude პირველი ნეიროქსელია, რომელიც გასამხედროებული საიდუმლო ღონისძიების ფარგლებში გამოიყენეს. პენტაგონმა ის პირველად ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების სპეცოპერაციისას გამოიყენა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხამენეის სიკვდილი შაბათს დაადასტურა. მან ხამენეის „ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი“ უწოდა. ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს სამართლიანობაა ირანელი ხალხისთვის და ყველასთვის, ვინც ამ რეჟიმისგან დაზარალდა. ხოლო დარჩენილ ჩინოვნიკებს დიპლომატიური გამოსავლისკენ მოუწოდა.

ასევე, პრეზიდენტმა აიათოლას მხარდამჭერებს იმუნიტეტი შესთავაზა, თუ ისინი ბრძოლას შეწყვეტდნენ. მისი თქმით, ბევრ ირანელ სამხედროს აღარ სურს ბრძოლა და უსაფრთხოების გარანტიებს ეძებს.

  • დონალდ ტრამპმა ისრაელი-ირანის შეიარაღებული კონფლიქტის შესახებ უახლესი განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ “პროცესი სწრაფად მიიწევს წინ.“

„პროცესი წინ მიიწევს. სწრაფად მიიწევს წინ. ასეა 47 წელია. არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა და ეს სწრაფად მიიწევს წინ“, - აღნიშნა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ეს რომ არ გაეკეთებინათ, ირანს ორ კვირაში ბირთვული იარაღი ექნებოდა.

წყარო

იხილეთ ასევე: