აშშ-ის საჰაერო დარტყმების შედეგად უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში, ირანის დროებით ხელმძღვანელად გამოცდილი სასულიერო პირი და ხამენეის თანამოაზრე - აიათოლა არაფი აირჩიეს. არაფი ლიდერთა საბჭოს იურიდიული წარმომადგენელი გახდა. სამწევრიან ლიდერთა საბჭოში ასევე შედის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ღოლამჰოსეინ მოჰსენი ეჯეი.
არაფი 1959 წელს, იეზდის ოსტანის ქალაქ მეიბოდში დაიბადა. ის სასულიერო პირების ოჯახიდან მოდის და ირანის თეოლოგიურ და ბიუროკრატიულ ინსტიტუტებში ათწლეულები აქვს გატარებული.
აიათოლა ალი ხამენეის დიქტატურის დროს არაფის კარიერა სწრაფად განვითარდა. ხამენეი მას “სწყალობდა“ - უზენაესი ლიდერის გადაწყვეტილებით ალრეზა წლების განმავლობაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობებზე იყო დანიშნული.
ხამენეის თანამოაზრე ასევე იყო ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის თავმჯდომარე. აღნიშნული დაწესებულება დღემდე მთავარ როლს ასრულებს ირანიდან და უცხოეთიდან სასულიერო პირების მომზადებაში.
სწორედ აქ იკვეთება ის საქართველოსთან - ალ-მუსტაფას უნივერსიტეტს, რომლის თავმჯდომარეც არაფი 2008-2018 წლებში იყო, საქართველოში ფილიალი აქვს გახსნილი და ყოველწლიურად ქვეყნის სამ ქალაქში - თბილისში (ფონიჭალა) მარნეულში, გარდაბანსა და ახალგაზრდებს შიიტურ ისლამს, სპარსულ ენასა და ყურანს ასწავლის.
ირანული შიიტური ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯაშუშური საქმიანობისა და ექსტრემიზმის პროპაგანდისთვის 2020 წლიდან აშშ-ისა და 2022 წლიდან კანადის მიერაა სანქცირებული. 2025 წლის დეკემბერში უნივერსიტეტზე ინფორმაცია "რადიო თავისუფლებამ" გაავრცელა, რომლის თანახმადაც, სასწავლებელს აიათოლა ალი ხამენეის ოფისის კონტროლს დაქვემდებარებული ბიზნესები აფინანსებდნენ. ამავე ინფორმაციით, სასწავლებელს არ აქვს განათლების სამინისტროს აკრედიტაცია, თუმცა თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სასულიერო ლიდერებთან.
ირანული სკოლების გახსნასთან ერთად, ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის მისია "ცივილიზაციათა შორის დიალოგის ისლამური ცენტრების გახსნასაც" მოიცავს.
ინტერნეტში იძებნება არაერთი ინფორმაცია, მათ შორის საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებული, რომელიც ამ უნივერსიტეტის აქაურ ხელმძღვანელებთან შეხვედრებს შეეხება.
"რადიო თავისუფლების" ცნობითვე, "ცივილიზაციათა დიალოგის" ინიციატივის გაგრძელების სახით 2013 წელს გამოიცა ჟურნალ "სამეცნიერო აზრის" რამდენიმე ნომერი, რომლის სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობაც ალ-მუსტაფას უნივერსიტეტებისა და ქართული უნივერსიტეტების, მათ შორის, საპატრიარქოს უნივერსიტეტების პროფესორებით იყო დაკომპლექტებული.
როგორც საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული "სამეცნიერო აზრის" ერთ-ერთი ნომრიდან ირკვევა, ჟურნალის მთავარი რედაქტორი მოჰამადრეზა ქალან ფარიბაია. სარედაქციო კოლეგიის აღწერის ნაწილში კი ასევე ვკითხულობთ, რომ "ჟურნალი პროფესორი ალირეზა არაფის მზრუნველობით იბეჭდება."
ზუსტად იმ ალირეზა არაფის, რომელიც ხამენეის მოკვლის შემდეგ ირანში ლიდერების დროებითი საბჭოს იურისტ წევრად აირჩიეს.
2019 წელს არაფი დანიშნეს მცველთა საბჭოს წევრად. ეს კონსტიტუციური ორგანო კანონმდებლობისა და კანდიდატების შემოწმებით არის დაკავებული.
არაფი აიათოლა ხამენეის შემცვლელის ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრებოდა. 67 წლის არაფი გამოცდილი სასულიერო პირი და ხამენეისთან დაახლოებული თანამოაზრეა. არაფი ამჟამად ექსპერტთა ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილეა, რაც უზენაეს ლიდერს ნიშნავს. ის აგრეთვე არის ირანის სასულიერო სისტემის ხელმძღვანელიც. მიუხედავად ამისა, ის არაა ცნობილი უსაფრთხოების უწყებებთან მჭიდრო კავშირებით.

ირანის თეოკრატიაში უზენაესი ლიდერი წარმოუდგენელ ძალაუფლებას იღებს და მას ეკუთვნის საბოლოო სიტყვა სახელმწიფოში მიმდინარე ყველა საკითხზე. უზენაესი ლიდერი არის ქვეყნის სამხედრო ძალების მთავარსარდალი და რევოლუციური გვარდია მისი გავლენის წრის ნაწილად მიიჩენვა.
რევოლუციურმა გვარდიამ, რომელიც აშშ-მ 2019 წელს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, ხამენეის მმართველობის ქვეშ საგრძნობლად გააძლიერა ძალაუფლება. ეს შეიარაღებული დანაყოფი ხელმძღვანელობს "წინააღმდეგობის ღერძს", მებრძოლი ჯგუფებისა და მოკავშირეების გაერთიანებას დასავლეთ აზიაში, რომლებიც აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ კონტრშეტევას ახორციელებენ და ირანში აურაცხელ სიმდიდრეს ფლობენ.

ჯერჯერობით, ირანს მხოლოდ 2 უზენაესი ლიდერი ჰყავდა. ერთი იყო აიათოლა ალი ხამენეი, მეორე კი დიდი აიათოლა რუჰოლა ხომეინი, რომელიც 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ხომეინი ირანის რევოლუციის მთავარი ფიგურა იყო და ქვეყანას ერაყთან რვაწლიანი ომის დროს ხელმძღვანელობდა.

უზენაეს ლიდერს ექსპერტთა ასამბლეა ნიშნავს, რომელიც 88 წევრისგან შედგება. მას აქვს ასევე უფლებამოსილება, თანამდებობიდან გადააყენოს ნებისმიერი მათგანი, თუმცა ეს არასდროს მომხდარა.
უზენაესი ლიდერი უნდა იყოს მაღალი რანგის შიიტი სასულიერო პირი და მეცნიერი. ექსპერტთა ასამბლეა, რომელთაც უზენაესი ლიდერის არჩევა ევალებათ, არის პანელი, რომელიც მთლიანად შიიტი სასულიერო პირებისგან შედგება, ისინი ყოველ რვა წელიწადში ერთხელ საყოველთაო არჩევნებით შეირჩევიან. მათ კანდიდატურებს ამტკიცებს მეურვეთა საბჭო, ირანის კონსტიტუციური მაკონტროლებელი ორგანო.
იხილეთ ასევე:
მოამზადა: ანა სიბოშვილმა