კოტე მარჯანიშვილის ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში მდებარეობს. ის ერთ-ერთი ძველი, ცენტრალური და ისტორიული ქუჩაა. ამასთან ის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ღერძიცაა, რომელიც „ვარდების რევოლუციის მოედნიდან“ იწყება, გადის გალაკტიონის ხიდზე, შემდეგ კვეთს მარჯანიშვილის მოედანს და მიემართება ზევით, რკინიგზამდე.
ახლანდელი მარჯანიშვილის ქუჩა და მიმდებარე ტერიტორია წარსულში კუკიის დასახლებაში შედიოდა - იქ იყო სოფელი კუკია.
1818-1820 წლებში ქუჩასა და მის ტერიტორიაზე ვიურტემბერგელი გერმანელი მოახალშენეები დასახლდნენ, რომლებმაც აქ ე.წ. „თბილისის კოლონია“ დააარსეს. გააშენეს ბაღები და იქაურობა კეთილმოეწყო. ახლანდელ მარჯანიშვილის მოედნის ტერიტორიაზე ააშენეს ლუთერანული ეკლესია (გერმამუნად „კირხე“), რამაც ამ ქუჩას კირკის სახელი ამის მიხედვით დაუმკვიდრა (აქედანაა სახელწოდება „კირიჩნიც“). თბილისის 1876 წლის გეგმაზე ქუჩა დატანილია როგორც „კიროჩნაია“. 1863-1864 წლებში „კირიჩნისა“ და ნიკოლოზის (ახლანდელი ივანე ჯავახიშვილის ქუჩა) ქუჩის გადაკვეთაზე წმინდა ნეველის სახელობის რუსული ეკლესია აშენდა. 1885 წელს აიგო ვერის (ახლანდელი გალაკტიონის) ხიდი, რომელმაც ერთმანეთთან დააკავშირა მტკვრის ორივე მხარეს განლაგებული ცენტრალური უბნები.
ქუჩაზე ძირითადად იყო ხორცის, ხილისა და ბოსტნეულის სავაჭრო რიგები, პატარა ფანჩატურ-დუქნები. ამ ტერიტორიის განაშენიანება განსაკუთრებით XX საუკუნის დასაწყისიდან გააქტიურდა. 1901 წლიდან აიგო საცხოვრებელი სახლები, რომლებშიც გამოყენებულია რენესანსულ-ბაროკოული ხუროთმოძღვრული მოტივები.
1910 წელს სანაპირო ქუჩის (ახლანდელი დიმიტრი უზნაძის ქუჩა) გადაკვეთაზე აშენდა „ოფიცერთა ეკონომიკური საზოგადოების სახლი“ (ყოფილი ცენტრალური უნივერმაღი, ახლანდელი „თიბისი ბანკი“) შენობის არქიტექტორია ა. როგოისკია. ამ ნაგებობის მოპირდაპირედ ზუბალაშვილის სახელობის საქალაქო „სახალხო სახლი“ (ახლანდელი მარჯანიშვილის თეატრი, 1909, არქიტექტორი - ს. კრიჩინსკი). ორივე შენობა „მოდერნის“ სტილისაა.
1939 წელს ქუჩის დასაწყისში აშენდა წიგნის სასახლე (არქიტექტორები - ნ. ბარათაშვილი, ნ. მიქაელიანი). 1947-1948 წლებში ქუჩის ცენტრალური ნაწილი, სატრანსპორტო კვანძის მოწესრიგების მიზნით, მარჯანიშვილის ქუჩისა და დავით აღმაშენებლის გამზირის გადაკვეთაზე გაფართოვდა და შეიქმნა კოტე მარჯანიშვილის მოედანი, რომლის ჩრდილოეთ კუთხეში განთავსებულ საპროექტო ინსტიტუტის „თბილქალაქპროექტის" I სართულზე 1966 წელს გაიხსნა მეტროს I ხაზის სადგური „მარჯანიშვილის მოედანი“.
გოგა ჩანადირი, ფოტოგრაფი:

„მარჯანიშვილის მოედანი 1946-1948 წლებში შეიქმნა, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, უფრო ძველი ისტორია აქვს როგორც ვთქვით, 1818-1920 წლებში ჩამოსახლებულ გერმანელებს უკავშირდება. მათ ნოიტიფლისი შექმნეს და 32 ქუჩა დაგეგმეს. მარჯანიშვილი-აღმაშენებლის კუთხეში 1820 წელს პატარა ლუთერანული ეკლესია ააშენეს, 1834 წელს კი ძველი ახლით შეცვალეს. დროთა განმავლობაში ტაძარი მრევლს ვეღარ იტევდა. გერმანელებმა ფული შეაგროვეს და 1894 წელს ძველი ნაგებობის წინ უფრო დიდის, ნეოგოთიკური სტილის ტაძრის, იმავე კირხეს მშენებლობა დაიწყეს, რაშიც რუსეთის საიმპერატორო კარიც დაეხმარა.
პროექტი ოტო სიმონსონს ეკუთვნოდა, მშენებლობას კი სათავეში ხუროთმოძღვარი ლეოპოლდ ბილფელდი ჩაუდგა, ვინც ლიკანში რომანოვების სასახლე ააშენა, ასევე, 1904-1910 წლებში ქაშუეთის ტაძრის მშენებლობის ერთ-ერთი ხუროთმოძღვარი იყო.
1897 წლის 30 მაისისს ევანგელიურ-ლუთერანული კირხე წმინდა პეტრესა და პავლეს სახელზე აკურთხეს. მშენებლობაზე დაახლოებით 50 ათასი მანეთი დაიხარჯა. გახსნის ცერემონიალი პატარა ტაძრიდან დაიწყო. უამრავი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის, დიდი მთავარი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი.
იმდროინდელი თბილისის მარცხენა სანაპიროზე კირხე ყველაზე მაღალი ნაგებობა იყო. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თბილისის ევროპული არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებაში.
აღმაშენებლის გამზირი ჯერ მეფისნაცვალ მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის სახელი ერქვა, 1918 წლიდან 1990 წლამდე კი რუსი მარქსისტის გიორგი პლეხანოვის გამზირი იყო. თავად მოედანს თბილისელები გერმანულ-რუსული გავლენით კიროჩნის ან კირიჩნის უწოდებდნენ.
ბედის ირონიით 1946 წელს კრემლის ბრძანებით, კირხე გერმანელ ტყვეებს დაანგრევინეს და 1947-1948 წლებში მარჯანიშვილის მოედანი გააკეთეს. ააშენეს ახალი კორპუსები, მერე მეტროსადგურიც დაუმატეს.
მოედნის კორპუსებში ბევრ ცნობილ ადამიანს გადასცეს ბინა.
ამდენად, დღეს მარჯანიშვილის მოედანი თბილისის ერთ-ერთი მთავარი კვანძია. 200 წლის წინათ კი აქ ტყეები და სოფელი კუკია იყო. ერქვა კირკის უბანიც, მერე კირხეს გალავანი გადიოდა, სკვერიც იყო მოწყობილი. დღეს წარსულის გასახსენებლად კირხის სამახსოვრო დაფაღაა მარჯანიშვილი-აღმაშენებლის კუთხეში. ეს ადგილი ძველი-ახალი თბილისის ეპოქის გამორჩეული სახეა.