გასულ ღამით კვიპროსის სამხრეთში, დიდი ბრიტანეთის სამხედრო ბაზაზე, უპილოტო საფრენი აპარატით მიიტანეს შეტევა. აკროტირის ბაზაზე დისლოცირებული სამხედრო ძალების მიერ შეტევაზე რეაგირების შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ 2 მარტს განაცხადა. "ჩვენი ძალების დაცვა რეგიონში უმაღლეს დონეზეა და ბაზამ ჩვენი ხალხის დასაცავად რეაგირება მოახდინა“, -თქვა თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა. მას სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
BBC-ს ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
სამეფო საჰაერო ძალების აკროტირის ბაზა ქალაქ ლიმასოლთან ახლოს მდებარეობს.

ლონდონმა ცოტა ხნის წინ ამ ბაზაზე თავდაცვითი ზომების სახით დამატებითი საშუალებები განათავსა, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რადარები და F-35 ტიპის თვითმფრინავები.
სააგენტო "ფრანს-პრესი“ იუწყება, რომ ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც გაერთიანებულმა სამეფომ განაცხადა, რომ ირანული რაკეტებისა და მათი გამშვები მოწყობილობების განადგურების მიზნით თავდაცვითი დარტყმების განსახორციელებლად აშშ-ს ბრიტანული სამხედრო ბაზების გამოყენების უფლება მისცეს.
შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვლიდან მიმდინარეობს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები, მას შემდეგ, რაც ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს, ირანმა კი საპასუხო შეტევა მიიტანა ისრაელზე და შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში.
28 თებერვალს ირანზე ისრაელის და აშშ-ის დარტყმების შედეგად მოკლულია ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ხამენეი და არაერთი მაღალჩინოსანი, მათ შორის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელები.