ავტორი:

შეტევა დრონით კვიპროსის სამხრეთში, ბრიტანეთის სამხედრო ბაზაზე - რა ხდება ცნობილი?

შეტევა დრონით კვიპროსის სამხრეთში, ბრიტანეთის სამხედრო ბაზაზე - რა ხდება ცნობილი?

გასულ ღამით კვიპროსის სამხრეთში, დიდი ბრიტანეთის სამხედრო ბაზაზე, უპილოტო საფრენი აპარატით მიიტანეს შეტევა. აკროტირის ბაზაზე დისლოცირებული სამხედრო ძალების მიერ შეტევაზე რეაგირების შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ 2 მარტს განაცხადა. "ჩვენი ძალების დაცვა რეგიონში უმაღლეს დონეზეა და ბაზამ ჩვენი ხალხის დასაცავად რეაგირება მოახდინა“, - თქვა თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა. მას სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

BBC-ს ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

სამეფო საჰაერო ძალების აკროტირის ბაზა ქალაქ ლიმასოლთან ახლოს მდებარეობს.

ლონდონმა ცოტა ხნის წინ ამ ბაზაზე თავდაცვითი ზომების სახით დამატებითი საშუალებები განათავსა, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რადარები და F-35 ტიპის თვითმფრინავები.

სააგენტო "ფრანს-პრესი“ იუწყება, რომ ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც გაერთიანებულმა სამეფომ განაცხადა, რომ ირანული რაკეტებისა და მათი გამშვები მოწყობილობების განადგურების მიზნით თავდაცვითი დარტყმების განსახორციელებლად აშშ-ს ბრიტანული სამხედრო ბაზების გამოყენების უფლება მისცეს.

მოგვიანებით გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ კვიპროსში მდებარე სამეფო საჰაერო ძალების აკროტირის ავიაბაზიდან პერსონალის ოჯახები გაჰყავთ.

"ჩვენი პერსონალისა და მათი ოჯახების უსაფრთხოება ჩვენი აბსოლუტური პრიორიტეტია. სიფრთხილის ზომების სახით, სამეფო საჰაერო ძალების აკროტირის ბაზაზე მცხოვრები ოჯახის წევრები კვიპროსის კუნძულთან ახლოს მდებარე ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაგვყავს. ჩვენი ბაზა და პერსონალი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ ფუნქციონირებას, რათა დაიცვან დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოება და ჩვენი ინტერესები“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია და ავიაბაზას მხოლოდ მცირე ზიანი მიადგა.

შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვლიდან მიმდინარეობს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები, მას შემდეგ, რაც ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს, ირანმა კი საპასუხო შეტევა მიიტანა ისრაელზე და შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში.

28 თებერვალს ირანზე ისრაელის და აშშ-ის დარტყმების შედეგად მოკლულია ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ხამენეი და არაერთი მაღალჩინოსანი, მათ შორის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელები.