ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ირანში მიმდინარე სარაკეტო დარტყმების ფონზე, საფრთხის წინაშე მეზობელი ქვეყნებიც აღმოჩნდნენ. სწორედ ამ მოვლენების ეპიცენტრში, მივლინებით ბაჰრეინში იმყოფება ცნობილი ქართველი ფიტნესინსტრუქტორი და ინფლუენსერი თიკო ყაველაშვილი მეუღლესთან, ომარ ამანთან ერთად.
თიკო სოციალურ ქსელში უმძიმეს კადრებს აქვეყნებს, რომელშიც ჩანს, როგორ იწვის მათი საცხოვრებელი კორპუსიდან სულ რაღაც 500 მეტრში რაკეტის ნამსხვრევებისგან აალებული შენობა. ambebi.ge-სთან საუბარში თიკო დეტალურად აღწერს იმ საშინელებას, რაც ბაჰრეინში ამ წუთებში ხდება და საუბრობს ქართველებზე, რომლებიც საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გამო ქვეყნიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ
- თიკო, პირველ რიგში, მშვიდობას გისურვებთ. როგორია ახლა ვითარება ბაჰრეინში, გხვდებიან თუ არა იქ სხვა ქართველები და რა ინფორმაციას ფლობთ მეზობელ არაბულ ქვეყნებზე?
- მივლინებით ვართ ბაჰრეინში. აქ ქართველები არ შეგვხვედრია, თუმცა დუბაიში და სხვადასხვა არაბულ ქვეყნებში ბევრი ქართველია ვისთანაც კონტაქტი მაქვს და ახალ ინფორმაციებს ვუზიარებთ ერთმანეთს. ემირატებში შედარებით მეტი ადგილი დაიბომბა ან რაკეტების ნამსხვრევები მოხვდა ტერიტორიებს, ვიდრე ბაჰრეინში.
ქართველებთან გვაქვს მუდმივი კონტაქტი, ისინი სახლში რჩებიან და საჭიროების შემთხვევაში თავშესაფრებში შევლენ. ბაჰრეინში არ გვაქვს მსგავსი თავშესაფარი, მხოლოდ სახლში ან მოლებში შეგვიძლია თავის შეფარება. 28 თებერვალთან შედარებით, გუშინ და დღეს სიმშვიდეა, თუმცა პერიოდული სროლებია, რასაც მთავრობა აქტიურად და შედეგიანად ებრძვის.
- თიკო, თქვენ გამოაქვეყნეთ უმძიმესი ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ თქვენგან რამდენიმე მეტრში კორპუსი იწვის. რა ხდებოდა კონკრეტულად იმ დროს, როცა ეს კადრები გადაიღეთ?
- იმ წამს გვეგონა, რომ ბომბი ჩვენ მოგვხვდა. ის ბომბი, რომლის ხმაც გავიგეთ, ჩვენგან მოშორებით ჩამოვარდა - დაახლოებით 5 კილომეტრში. ეს ადგილი კი ჩვენგან მაქსიმუმ 500 მეტრშია, რომელსაც განეიტრალებული რაკეტის ნაგლეჯები დაეცა და მომენტალურად აალდა. ჩაქრობას მთელი ღამე ცდილობდნენ, მხოლოდ დილით მოხერხდა ბოლომდე მისი ჩაქრობა.
მთავარი რაც არის, მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან კორპუსი ევაკუირებული იყო. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ძალიან ემოციური იყო - იმის გააზრება, რომ ჩვენს გვერდით ასეთი საშინელება ხდებოდა... ალბათ წარმოგიდგენიათ, ჩემს ფიქრებში რა იქნებოდა. ძალიან რთულია იყო ომის მონაწილე, მით უმეტეს უცხო ქვეყანაში და არა შენს სამშობლოში. ახლაც, ამ მომენტში, გვესმის რაკეტების სროლის ხმა. ვლოცულობთ, ვცდილობთ სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ველოდებით, როდის გაიხსნება ზღვარი, რომ გავიდეთ აქედან.
- ადგილობრივები თუ გამხნევებენ და რა მოლოდინი გაქვთ - რამდენად რეალურია, რომ უახლოეს პერიოდში ბაჰრეინის დატოვება შეძლოთ?
- კი, რა თქმა უნდა, ყველა ერთმანეთს ვამხნევებთ და ვუზიარებთ ინფორმაციას. ამ ეტაპზე არ გვაქვს შანსი და არც არავინ იცის ჯერ, როდის გაიხსნება ფრენები როგორც ბაჰრეინში, ასევე დუბაიში, შარჟაში, აბუ-დაბისა და სხვა დანარჩენ რეგიონებში.

ერთს დავამატებ, ყველამ ვილოცოთ გვქონდეს მშვიდობა. პირველ რიგში ჩვენს პატარა სამშობლოს, შემდეგ კი მთელს მსოფლიოში. არავის ომი არ უნდა გვიხაროდეს. აქვე ყველა იმ ადამიანს მინდა მადლობა გადავუხადო ვინც მთელი ეს დღეები მხარში გვიდგას, გვლოცავს და ჩვენთვის ლოცულობს. ყველას ვერ ვპასუხობ და ვერც ვნახულობ ამ სიტუაციაში და ბოდიშს ვუხდი. ასეთი მხარდაჭერა და ასეთი სიყვარული ვიცით ქართველებმა, ყველა ემიგრანტს სიმშვიდეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებას ვუსურვებ
წაიკითხეთ ასევე: