უკვე ორი დღეა, რაც დუბაიზე ინტენსიური სარაკეტო დარტყმები მიმდინარეობს - ეს ირანის მიერ რეგიონში წამოწყებული ფართომასშტაბიანი თავდასხმის ნაწილია.
მოსახლეობის თქმით, ქალაქში ყოველდღიური ცხოვრების ჩვეული რიტმი მნიშვნელოვნად შეიცვალა - დაცარიელებულია სავაჭრო ცენტრები და სანაპირო ზოლი, შეზღუდულად მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხოლო ბევრმა კომპანიამ თანამშრომლებს დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა ურჩია. საჰაერო განგაშის სიგნალები და აფეთქებების ხმა ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.

ბეკი უილიამსი აცხადებს, რომ გუშინ "სახლის უკნიდან გაშვებული დაახლოებით 15 რაკეტა დაინახა“, - მისივე თქმით, მიუხედავად დაძაბული ვითარებისა, ის და მისი ოჯახი სიმშვიდეს ინარჩუნებენ და ქვეყნის სამხედრო ძალებს ენდობიან. "გვჯერა, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდება", - ამბობს იგი.
ირანის მიერ განხორციელებული იერიშები, ოფიციალური ცნობებით, აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების საპასუხოდ დაიწყო. ძლიერი აფეთქება მოხდა დუბაის ხელოვნურ არქიპელაგზე, პალმ ჯუმეირაზე მდებარე ხუთვარსკვლავიან სასტუმრო Fairmont The Palm-ში.

ხელისუფლების ინფორმაციით, დრონის ნამსხვრევებმა ცნობილი სასტუმროს, ბურჯ ალ არაბის გარე ფასადზე "მცირე ხანძარი“ გამოიწვია, რომელიც მალე ჩააქრეს.
შაბათს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ „საჰაერო ჩაჭრის“ შედეგად ჩამოვარდნილმა ნამსხვრევებმა ქალაქის პორტის ნავმისადგომზე ხანძარი გამოიწვია.
ადგილობრივი მცხოვრები ჯაგანათანი ამბობს, რომ ვითარება ჯერ კიდევ შედარებით მშვიდია, თუმცა შიში მაინც იგრძნობა - „ხმამაღალი აფეთქებების ხმა მხოლოდ რამდენიმე საათში ერთხელ ისმის, მაგრამ ეს შემზარავია - ეს ის დუბაი აღარ არის, რომელსაც შევეჩვიეთ,“ - განმარტა მან.
იხილეთ ასევე: