ავტორი:

"მამაჩემის საღამო უნდა გაგვემართა და დილით ომი დაიწყო“ - რას ჰყვება კაკული გურიელაშვილის ვაჟი ისრაელში არსებულ ვითარებაზე და იქ მყოფ ქართველ მომღერლებზე?

"მამაჩემის საღამო უნდა გაგვემართა და დილით ომი დაიწყო“ - რას ჰყვება კაკული გურიელაშვილის ვაჟი ისრაელში არსებულ ვითარებაზე და იქ მყოფ ქართველ მომღერლებზე?

28 თებერვალს ირანზე აშშ-ისრაელის ერთობლივი შეტევის შემდეგ, პირველი, ვინც დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ისრაელია, სადაც მთელი ქვეყნის მასშტაბით არ წყდება საჰაერო განგაშის ხმა. ქალაქ აშკელონში მცხოვრები მომღერალი მიშელ გურიელაშვილი არსებულ მდგომარეობაზე, მუდმივ სტრესსა და იმ ქართველ მომღერლებზე საუბრობს, რომლებიც ირანში ომის დაწყების დროს ისრაელში იმყოფებოდნენ. მიუხედავად რთული ვითარებისა, ის ოპტიმიზმს ინარჩუნებს და სჯერა, რომ მშვიდობა მალე დაისადგურებს

- ძალიან რთული სიტუაციაა იმის გამო, რომ ერთდროულად რამდენიმე ქვეყანას ვეომებით. საბრძოლო მდგომარეობაში ვართ და, სამწუხაროდ, გუშინ ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დაგვეღუპა. დიახ, საგანგაშო მდგომარეობაა, თუმცა ღვთის წყალობით, ისრაელი გაიმარჯვებს.

მიმაჩნია, რომ ირანის მთავრობას მსოფლიოსთვის კარგი არაფერი მოაქვს. თავად ხალხს, მასას, აიათოლების რეჟიმი არ უნდა - მათ მშვიდობიანი ცხოვრება სურთ. ჩვენ ერთად დავდგებით და ვიმედოვნებ, ირანელ ხალხთან ის ძველი მეგობრობა აღდგება. ჩვენ, როგორც ერი და ქვეყანა, არავის ვერჩით, ისინი კი ჩვენს განადგურებას ცდილობენ.

- მიშელ, ხშირად გიწევთ თავშესაფრებში ჩასვლა?

- დიახ, რადგან რაკეტებს მუდმივად ისვრიან. თუმცა, ზიანი იმაზე ნაკლებია, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო - ამ მხრივ, შედარებითი სიმშვიდეა.

რაც შეეხება ქართველ მომღერლებს, ისინი აქ მამაჩემის კაკული გურიელაშვილის შემოქმედებითი საღამოს გამო ჩამოვიდნენ. ამ კონცერტს აუცილებლად გავაკეთებ, უბრალოდ, შაბათ საღამოს უნდა გამართულიყო და იმ დილას ომი დაიწყო.

აქ არიან ნინო ჩხეიძე და გიორგი შოშიტაიშვილი. გიორგი წერეთელიც აქ იყო და გუშინ გადაფრინდა, ხვალ კი დარჩენილებიც გაფრინდებიან. გვერდიდან არ მოვცილებივარ, ახლაც მათთან მივდივარ. კომფორტულად არიან, თუმცა ძალიან განიცდიან და უნდათ, რომ ისრაელმა გაიმარჯვოს. მერაბ სეფაშვილიც უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ პირადი მიზეზების გამო, ბოლო წუთებში ვეღარ შეძლო გამომგზავრება.

- ყველაზე რთული მდგომარეობა ისრაელის რომელ ქალაქშია?

- ახლა ისეთი ვითარებაა, რომ მთელი ქვეყანა ერთნაირ სტრესშია. არ არსებობს რომელიმე გამორჩეული ქალაქი - თითოეული ადამიანი აქ დიდ დაძაბულობას გრძნობს.

წაიკითხეთ ასევე: