პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილა და მხარი დაუჭირა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის ამოქმედების შედეგად, საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევაზე არსებული ჯარიმები იზრდება და პასუხისმგებლობა მკაცრდება.
საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონის პროექტზე, რომელიც პარლამენტს გასული წლის ნოემბერში წარედგინა. მეორე მოსმენის ფარგლებში გარკვეული მუხლები დაკორექტირდა.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თანახმად:
გარდა ამისა, ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული პირობების არსებობისას, სატრანსპორტო საშუალება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას დაექვემდებარება.
მკაცრდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ე.წ. “დრიფტზე“ - თუკი “დრიფტს“, შედეგად სატრანსპორტო საშუალების, ქონების, ნაგებობის დაზიანება ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვება, ეს 500-ლარიან ჯარიმასთან ერთად, 6 თვის ვადით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას გამოიწვევს.
200 ლარიდან 2 000 ლარამდე გაიზრდება ჯარიმა ისეთი ქმედებისათვის, როგორიცაა - გზის, რკინიგზის გადასასვლელის ან სხვა საგზაო ნაგებობის მოვლა-შენახვის და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დადგენილი წესების დარღვევა, ასევე ზომების მიუღებლობა გზის ცალკეულ უბნებზე მოძრაობის დროულად ასაკრძალად, შესაზღუდად ან აღსადგენად, როცა ამ გზით სარგებლობა ზღუდავს ან საფრთხეს უქმნის მოძრაობას, ან გზის, რკინიგზის გადასასვლელის ან სხვა საგზაო ნაგებობის ან საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალების დაზიანება, გზის საფრის გაჭუჭყიანება, გზის სავალ ნაწილზე, ტროტუარზე ან გვერდულაზე სამშენებლო ან სხვა მასალის დაყრა, გარე ვაჭრობის მოწყობა, ან არსებულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მიცემული წერილობითი მითითების შეუსრულებლობა. ეს გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 5 000 ლარის ოდენობით.