ირანის პოლიტიკის ვეტერანი, ალი ლარიჯანი ირანის რეჟიმის უსაფრთხოების იერარქიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა.
ლარიჯანი 1958 წელს, ერაყის ქალაქ ნაჯაფში დაიბადა, ცნობილი ირანელი სასულიერო პირის, აიათოლა ჰაშემ მირზა ამოლის ოჯახში, რომელიც შაჰმა, მოჰამედ რეზამ ერაყში გადაასახლა. ალი ლარიჯანიმ განათლება ერაყში მიიღო, მას ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი აქვს. აღსანიშნავია, რომ მის ძმებს მაღალი თანამდებობები ეკავათ მთავრობაში, მათ შორის სასამართლო სისტემასა და საგარეო საქმეთა სამინისტროში.
2005 წლიდან 2007 წლამდე ლარიჯანი ბირთვულ პროგრამაზე მთავარი მომლაპარაკებლის თანამდებობას იკავებდა და იცავდა თეირანის უფლებას ურანის გამდიდრებაზე. როგორც ექსპერტები ამბობენ, ის დიპლომატიის გზით ცდილობდა დასავლეთის დარწმუნებას და პრაგმატისტად ითვლებოდა. 2005 წელს ის კენჭს იყრიდა საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა მცდელობა წარუმატებელი იყო. 2021 და 2024 წლებშიც სურდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა მეურვეთა საბჭოს მიერ დისკვალიფიცირებული იყო.
2008 წლიდან 2020 წლამდე ლარიჯანი პარლამენტის სპიკერის თანამდებობას იკავებდა და პოსტრევოლუციური ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პოლიტიკოსად იქცა. მისი პოლიტიკის წყალობით, ირანმა ორწლიანი რთული მოლაპარაკებების შემდეგ, 2015 წელს, მსოფლიოს ექვს ძალასთან ბირთვულ შეთანხმებას მიაღწია. 2018 წელს კი დონალდ ტრამპმა, თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, ამ ძნელად მოპოვებული შეთანხმებიდან ამერიკა გაიყვანა.
ლარიჯანი მთელი თავისი კარიერის განმავლობაში მაღალ თანამდებობებს იკავებდა, რომელიც გამოირჩეოდა ხამენეისადმი ერთგულებით და სისტემაში ხშირად მეტოქე ფრაქციებთან ურთიერთობისას პრაგმატისტის რეპუტაციით.
ბოლო თვეების განმავლობაში ლარიჯანი რამდენჯერმე ეწვია თეირანის მთავარ მოკავშირეს, მოსკოვს, რათა განეხილა უსაფრთხოების სხვადასხვა საკითხი, რაც მისი მაღალი დონის დიპლომატიაში დაბრუნების კიდევ ერთი ნიშანი იყო.
ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მისი ზოგიერთი საჯარო განცხადება საკმაოდ პრაგმატულად ჟღერდა.
"ჩემი აზრით, ეს საკითხი შეიძლება გადაწყდეს“, - განაცხადა ლარიჯანიმ თებერვალში ომანის სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში, აშშ-სთან მოლაპარაკებებზე საუბრისას. ამავდროულად, ლარიჯანიმ არაერთხელ განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა "ვერასდროს განადგურდება“.

რადგან ლარიჯანი სასულიერო პირი არ არის, მას არ შეუძლია უზენაესი ლიდერის ჩანაცვლება. ეს როლი სასულიერო პირისთვისაა განკუთვნილი.
ინსაიდერები აცხადებენ, რომ ლარიჯანიმ უკვე გადადგა ნაბიჯები ძალაუფლების გასამყარებლად, დაზვერვის სამსახურებთან მჭიდრო კავშირების, ასევე მაღალი რანგის სასულიერო პირებთან კავშირების გამოყენებით.