ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელმა, რომელიც აშშ-სთან ერთად განაგრძობს ირანზე დარტყმებს და პარალელურად ლიბანში ბომბავს ირანის მხარდამჭერ, აშშ-ის და ისრაელის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული "ჰეზბოლას პოზიციებს", სამხრეთ ლიბანის სიღრმეში სახმელეთო ძალები გაგზავნა.
როგორც ირკვევა, მიმდინარე კონფლიქტში ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა გააძლიერეს ძალები ლიბანის მიმართულებით, მაგრამ ოფიციალურად ეს არ არის ფართომასშტაბიანი, სახმელეთო შეჭრა ლიბანში.
ისრაელის თავდაცვის უწყებამ 3 მარტს განაცხადა, რომ ჯარები განათავსეს ისრაელის მიერ ამ რაიონში ადრე გახსნილი ხუთი საგუშაგოს მიღმა, რათა გააძლიერონ თავდაცვა და ისრაელის ჩრდილოეთ რაიონების უსაფრთხოება.
თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცის თქმით, სამხრეთ ლიბანში ისრაელის ძალების წინსვლა მიმართულია ისრაელის რაიონებზე "პირდაპირი ცეცხლის“ აღსაკვეთად. მისივე თქმით, ისრაელის სასაზღვრო რაიონების დაცვა ლიბანში დამატებით დაკავებული პოზიციებიდან მოხდება.
ოფიციალური წყაროები აცხადებენ, რომ ოპერაცია როგორც ფართო "საიერიშო შეჭრა ლიბანში“ არ იგეგმება.
შეგახსენებთ, ისრაელმა ლიბანში ჰეზბოლას პოზიციებზე სარაკეტო დარტყმები მას შემდეგ განაახლა, რაც ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას და ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ხამენეის ლიკვიდაციას "ჰეზბოლამ" ისრაელზე შეტევის განახლებით უპასუხა.
ამასთანავე, 2 მარტს, ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნავაფ სალამმა "ჰეზბოლას“ სამხედრო ოპერაციები უკანონო ქმედებებად გამოაცხადა.
ლიბანის პრეზიდენტის ჯოზეფ აუნის განცხადებით, "ჰეზბოლას“ სამხედრო საქმიანობის აკრძალვის შესახებ ბეირუთის გადაწყვეტილება სუვერენული და საბოლოო გადაწყვეტილებაა.
"მინისტრთა საბჭოს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ინარჩუნებს ლიბანის სახელმწიფოს უფლებას, გააკონტროლოს ომისა და მშვიდობის შესახებ გადაწყვეტილებები და კრძალავს კანონის მიღმა სამხედრო და უსაფრთხოების საქმიანობას, არის სუვერენული და საბოლოო გადაწყვეტილება, უკან დახევა არ იქნება“, - განაცხადა აუნმა.
მისი თქმით, მინისტრთა საბჭომ არმიას და უსაფრთხოების ძალებს გადაწყვეტილების ლიბანის ყველა რეგიონში განხორციელება დაავალა.