ახლო აღმოსავლეთში ვითარების უკიდურესი გამწვავების ფონზე, მსოფლიო ელიტა რეგიონის სასწრაფო ევაკუაციას ცდილობს. მას შემდეგ, რაც ირანულმა რაკეტებმა და დრონებმა აბუ-დაბის, დუბაის, კატარისა და ბაჰრეინის ცა დაფარეს, "მდიდართა თავშესაფრად" მიჩნეული ქვეყნები სახიფათო ზონებად იქცა.
საუდის არაბეთი – ერთადერთი „გამოსასვლელი“
ამ დროისთვის ერ-რიადი ერთადერთ უსაფრთხო დერეფნად რჩება მათთვის, ვისაც რეგიონის დატოვება სურს. მას შემდეგ, რაც ომანის პორტსა და ნავთობტანკერზე იერიში განხორციელდა, გასასვლელი გზები იქაც ჩაიკეტა. ერ-რიადის მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი ერთ-ერთი იშვიათია, რომელიც ჯერ კიდევ ფუნქციონირებს.
გაქცევის ფასი: 10-საათიანი მგზავრობა SUV-ებით და კერძო თვითმფრინავები (ჯეტებით)
მდიდრებისთვის ევაკუაცია საკმაოდ ძვირი ჯდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კერძო უსაფრთხოების კომპანიები ჯავშნიან SUV-ების მთელ კოლონებს, რათა კლიენტები დუბაიდან ერ-რიადამდე 10-საათიანი მგზავრობით ჩაიყვანონ. იქიდან კი ევროპისკენ კერძო თვითმფრინავების დაქირავებაა შესაძლებელი, რომელთა ფასიც ასტრონომიულ ნიშნულს - 260 000 ფუნტ სტერლინგს (დაახლოებით 350 000 დოლარს) აღწევს.

ევაკუირებულთა შორის არიან გლობალური ფინანსური კორპორაციების ხელმძღვანელები და ძალიან მდიდარი პირები, რომლებიც რეგიონში დასასვენებლად ან ბიზნეს ტურნეში იმყოფებოდნენ.
საფრთხე იზრდება: დარტყმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე
მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთი აქამდე ახერხებდა იერიშების თავიდან აცილებას, დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანულმა დრონმა მსოფლიოს უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, Ras Tanura-ს დაარტყა. საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ორი დრონის განადგურება, თუმცა ქარხნის დროებით დახურვა მაინც გახდა საჭირო.
ექსპერტების აზრით, ეს არის კონფლიქტის „მნიშვნელოვანი ესკალაცია“, რაც მიანიშნებს, რომ ირანის სამიზნეში ახლა უკვე ყურის ქვეყნების ენერგოინფრასტრუქტურაც მოექცა. ეს ფაქტი საუდის არაბეთსა და მეზობელ ქვეყნებს აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციებში ჩართვისკენ უბიძგებს...წყარო
წაიკითხეთ ასევე: