მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მ ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყეს, მნიშვნელოვნად გაიზარდა რეგიონში ბირთვული კატასტროფის საფრთხე.
ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე წერტილოვანი თავდასხმა ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში - ე.წ. 12-დღიანი ომისას განახორციელა. მაშინ შეერთებული შტატები დროებით ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში და სამი ბირთვული ობიექტი დაბომბა: ირანის უდიდესი ბირთვული კვლევის ცენტრი ისპაჰანში და ურანის გამდიდრების ობიექტები ნატანზსა და ფორდოუში.
თუმცა, ერთი კვირის შემდეგ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ დარტყმებმა ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, მაგრამ სრულად ვერ გაანადგურეს რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ურანის გამდიდრება შეიძლება რამდენიმე თვეში განახლებულიყო.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, იმ დროს, როდესაც ისრაელმა 2025 წლის13 ივნისს საჰაერო დარტყმები დაიწყო, ირანს ჰქონდა 440 კილოგრამი ურანის მარაგი, რომელიც გამდიდრებული იყო 60%-მდე - იარაღისთვის ვარგისია 90%-იანი გამდიდრებული ურანი.
როდესაც კონფლიქტი დაცხრა, აშშ-მ ირანს ბირთვული შეთანხმება შესთავაზა, რომელიც ვერ შედგა და დღეს მსოფლიო არსებული რეალობის წინაშე დგას - დაპირისპირება მიმდინარეობს ატომური ელექტროსადგურების მქონე ქვეყნებს შორის, რომელიც რეგიონს, მათ შორის საქართველოს, განსაკუთრებული საფრთხის წინაშე აყენებს.
ირანის მთავრობა ამტკიცებს, რომ მისი ბირთვული საქმიანობა მშვიდობიანი იყო. ქვეყანა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების (NPT) მხარეა, რომელიც ბირთვული ტექნოლოგიების სამოქალაქო მიზნებისთვის - როგორიცაა მედიცინა, სოფლის მეურნეობა და ენერგეტიკა - გამოყენების უფლებას იძლევა, მაგრამ კრძალავს ბირთვული იარაღის შემუშავებას.
თუმცა, IAEA-ს მიერ ჩატარებული 10-წლიანი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ირანი 1980-იანი წლების ბოლოდან 2003 წლამდე ახორციელებდა "ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის შემუშავებასთან დაკავშირებულ საქმიანობას“.
IAEA აცხადებს, რომ არსებული ინფორმაციის თანახმად, ეს პროგრამა, რომელიც ცნობილია როგორც პროექტი "ამადი“, შემდგომში შეწყდა. თუმცა, 2009 წელს დასავლურმა სადაზვერვო სააგენტოებმა ფორდოუს ობიექტი იპოვეს.
საპასუხოდ, ირანმა შეთანხმების შეზღუდვების დარღვევა დაიწყო - ურანის 60%-მდე გამდიდრება, უფრო მოწინავე ცენტრიფუგების გამოყენება და ფორდოუში გამდიდრების პროცესის განახლება.
2 მარტს, სპეციალური განცხადება გაავრცელა გაეროს ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ.
“დღევანდელი სიტუაცია ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენ არ შეგვიძლია გამოვრიცხოთ შესაძლო რადიოლოგიური გაჟონვა სერიოზული შედეგებით, მათ შორის ისეთივე დიდი ან უფრო დიდი ქალაქების ტერიტორიების ევაკუაციის აუცილებლობით", - ამბობს ის.
მან აღნიშნულ პროცესში დიპლომატიური გადაწყვეტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ბირთვული დიპლომატია რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი.„ყველა ჩვენგანი შეშფოთებით აკვირდება ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და ახლო აღმოსავლეთში განხორციელებულ სამხედრო თავდასხმებს.
სააგენტო გამოწვევას დაუყოვნებლივ გამოეხმაურა მისი მანდატის ფარგლებში, ფოკუსირება მოხდა სამხედრო ოპერაციების შედეგად შესაძლო რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე.
"რეგიონული უსაფრთხოების მონიტორინგის ქსელი მზადყოფნაშია მოყვანილი და ჩვენთან მუდმივ კავშირშია. ამ დრომდე ირანის მეზობელ ქვეყნებში რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა. ირანს და რეგიონის სხვა მრავალ ქვეყანას, რომლებიც სამხედრო თავდასხმების მსხვერპლნი გახდნენ, აქვთ მოქმედი ატომური ელექტროსადგურები და ბირთვული კვლევითი რეაქტორები, ასევე მათთან დაკავშირებული საწვავის შესანახი ადგილები, რაც ზრდის ბირთვული უსაფრთხოების საფრთხეს. არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ოთხი მოქმედი ბირთვული რეაქტორია; იორდანიასა და სირიაში მოქმედი ბირთვული კვლევითი რეაქტორები. ასევე თავდასხმის ობიექტია ბაჰრეინი, ერაყი, ქუვეითი, ომანი, კატარი და საუდის არაბეთი. ყველა ეს ქვეყანა იყენებს რაიმე სახის ბირთვულ საშუალებას. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ყველას ნებისმიერი სახის სამხედრო ოპერაციისგან თავის შეკავებისკენ...
სააგენტო მონიტორინგს გააგრძელებს და ინფორმაციას გაავრცელებს მიმდინარე სამხედრო ოპერაციის რადიოლოგიური შედეგების შესახებ, ასევე ვინარჩუნებთ მზადყოფნას, დავეხმაროთ წევრ ქვეყნებს ბირთვული საფრთხის შემთხვევაში...
შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ატომური ენერგიის სააგენტო თანამშრომლობს თავის წევრ სახელმწიფოებთან და აწვდის საერთაშორისო საზოგადოებას ინფორმაციას, ამავდროულად, მზადაა დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის, თუ ბირთვული უსაფრთხოების დარღვევა მოხდება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
1. ისრაელი
ისრაელი მართავს ბირთვულ კვლევით ცენტრს დიმონაში (ნეგევის ბირთვული კვლევითი ცენტრი), რომელიც მისი ბირთვული იარაღის პროგრამის ნაწილია. მას ასევე აქვს უფრო მცირე კვლევითი რეაქტორი სორეკში.
ცნობები მიუთითებს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით მრავალი ბალისტიკური რაკეტა და დრონი ისროლა, რომელთაგან ზოგიერთი თელ-ავივის მახლობლად დაეცა, ზოგი კი პოტენციურად ინფრასტრუქტურას ისახავს მიზნად. ანალიტიკოსები შიშობენ, ირანმა შეიძლება დიმონას ობიექტი დაბომბოს.
2. არაბთა გაერთიანებული საამიროები

ქვეყანა მართავს ბარაკაჰის ატომურ ელექტროსადგურს, რომელსაც ოთხი რეაქტორი აქვს - ეს მას რეგიონში უდიდეს მოქმედ ატომურ ელექტროსადგურად აქცევს. მისი პირველი ბლოკი ამუშავდა 2020 წელს. პროექტი სამხრეთ კორეის მონაწილეობით განხორციელდა
არაბთა გაერთიანებული საემიროები ირანის დრონებითა და რაკეტებით თავდასხმების სამიზნე იყო, ჭურვები დუბაისა და აბუ დაბის მახლობელ ტერიტორიებზე ჩამოვცვივდი
3. საუდის არაბეთი
საუდის არაბეთი ავითარებს თავის ბირთვულ პროგრამას, მათ შორის რეაქტორებისა და კვლევითი რეაქტორის გეგმებს.
ირანის დრონებით თავდასხმებმა საუდის არაბეთში გაზარდა რისკი, რომ შესაძლოა მიზანში სწორედ აღნიშნული ობიექტი ამოიღონ.
4. იორდანია და სირია
ამ ქვეყნებს აქვთ მოქმედი ბირთვული კვლევითი რეაქტორები და რეგიონული არასტაბილურობა მათზე გავლენას ახდენს.
ირანული დრონები ასევე გამოჩნდნენ კატარში, ბაჰრეინში, ქუვეითსა და ომანში.
ატომური ელექტროსადგური აქვს ირანსაც, რომელიც სამხრეთ-დასავლეთით ქვეყნის საპორტო ქალაქ ბუშერში მდებარეობს, რომელიც 2011 წელს, რუსეთის ტექნოლოგიური დახმარების შედეგად შევიდა ექსპლუატაციაში.

რადიოლოგიური დაბინძურება: მოქმედ რეაქტორზე თავდასხმამ, როგორიცაა ბარაკაჰის (არაბთა გაერთიანებული საემიროები) ან დიმონას (ისრაელი) რეაქტორები, შეიძლება გამოიწვიოს რადიოაქტიური მასალის გაჟონვა ჩერნობილის ან ფუკუშიმას ტიპის ტრაგედიის მსგავსად.
გარდა ამისა, მაშინაც კი, თუ თავად რეაქტორი არ არის განადგურებული, დარტყმამ შეიძლება დააზიანოს საწვავის შესანახი აუზები, რომლებიც რადიაციის მაღალ დონეს გამოყოფენ.
ელექტრო ქსელებზე ან სარეზერვო ენერგოსისტემებზე თავდასხმებმა შეიძლება გამოიწვიოს გაგრილების სისტემების გაუმართაობა, რაც გამოიწვევს რეაქტორის დნობას.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ მსოფლიოს "უკიდურესი თავშეკავებისკენ“ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ბირთვულ ობიექტებზე შეიარაღებული თავდასხმები არასდროს არ უნდა განხორციელდეს!
იხილეთ ასევე: