Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარია ბიჭი "გაღმა ნაპირიდან,“ მსახიობი თედო ბექაური. მან ჩვენი მკითხველის დასმულ შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ინტერვიუდან საინტერესო ეპიზოდებს. "სახალხო ინტერვიუს“ სრული ვერსიის ნახვას კი სტატიის ბოლოს შეძლებთ.
გიგა:
- ახლა რას საქმიანობთ? როგორ მიდის თქვენი ცხოვრება?

- საქართველოში არსებული დღევანდელი პრობლემები ზოგადად როგორც ყველას, ისე მეც მეხება და ამიტომ, არც თუ ისე კარგად ვარ, მაგრამ მადლობა ღმერთს, ჯანმრთელი ვარ. მოკლედ, ჯერჯერობით არაფერს ისეთს არ ვსაქმიანობ, რომ საინტერესო იყოს.
ლიკა:
- ვიდრე ფილმში მოხვდებოდით, როგორ ცხოვრობდით... როგორი ბავშვი იყავით, რა სურვილები გქონდათ?
- ვიდრე ჩემი სამსახიობო კარიერა დაიწყებოდა, ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი. სოფელში ვიზრდებოდი. სოფლის საქმეებს ჩემებურად, ბავშვურად ვაკეთებდი, უფროსებივით ხომ ვერ ვიშრომებდი, თუმცა, ვცდილობდი. ჩემი ოცნება იყო, რომ გავიზრდებოდი, ჯარისკაცი ვყოფილიყავი, მაგრამ ცხოვრებამ სხვა გზით წამიყვანა. ჯარისკაცი კი არა, მსახიობი გავხდი.
ზუკა:
- მოგვიყევით თქვენს სოფელსა და ოჯახზე, სადაც იზრდებოდით...
- ჩემი სოფელი ერთ-ერთი ძალიან ლამაზი სოფელია საქართველოში. ორბეთი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. იქ გავიზარდე და მთელი ჩემი ბავშვობა ორბეთში გავატარე. დიდი სიყვარულით მახსენდება ის წლები და იმ წარსულის ნოსტალგია მაქვს... ახლა თითქმის ისეთივე გაჭირვება აქვს ორბეთს, როგორც საქართველოს სხვა სოფლებს. შეიძლება კიდევ მეტი პრობლემაც ჰქონდეს - ხალხისგან დაიცალა. ის ადამიანები სოფელში აღარ არიან, ვისაც ბავშვობაში ვიცნობდი და იმ პერიოდიდან მახსოვს. ვინც არიან, თავისთვის შრომობენ... მართლა ერთ-ერთი ძალიან ლამაზი და საყვარელი სოფელია...
რაც შეეხება ჩემს ოჯახს, პატარა სოფლის მეურნეობა ჩვენც გვაქვს და ამასთან დიდი სიყვარული. ასევე სტუმარმასპინძლობა და კეთილი გული...
მირო:
- ბავშვობაში ბულინგის ობიექტი თუ ყოფილხართ და როგორ უმკლავდებოდით ამას?
- ბულინგის ობიექტი ვყოფილვარ, მაგრამ რაღაცნაირად ვუმკლავდებოდი იმ ყველაფერს. ამიტომ ჩაკეტილი ვიყავი, ძირითადად საკუთარ თავთან მერჩინა ყოფნა, თამაში. რამდენიმე ამორჩეული მეგობარი მყავდა, რომელთანაც დიდ დროს ვატარებდი. მაგრამ ძირითადად დროს მარტოობას ვუთმობდი. ვიგონებდი რაღაც თამაშებს და ასე ვერთობოდი. ბავშვები თუ იყვნენ გარეთ, კი გავდიოდი, მაგრამ ჩემთვის მარტო ყოფნა უფრო მერჩივნა.
მიუხედავად ამისა, ძალიან მოუსვენარიც ვიყავი. ათასი რაღაც მაქვს თავს გადახდენილი. ერთხელ დაახლოებით 6 წლის ვიქნებოდი, ჭაში ჩავვარდი. მადლობა ღმერთს, იქ ფიცარი ეგდო. იმ ფიცარს მოვეკიდე და ისე ამოვედი. ასეთი თავგადასავალი ბევრი მქონია.
ტუსი:
- "გაღმა ნაპირში“ რომელი სცენის გადაღება იყო ყველაზე რთული თქვენთვის?
- გადაღებისას ყველაზე რთული მომენტი ბოლო სცენა იყო. უნდა მეცეკვა და თან უნდა მეტირა. ამ ყველაფერს ვერ ვათავსებდი - ეს ერთი... მეორე კი ის იყო, რომ სხვა ადამიანების თანდასწრებით შარვლის გახდა გამიჭირდა, კამერის წინ ვერ ვბედავდი. თან ცოტაც მეშინოდა. ისე, შიში უფრო ნაკლებად, უმეტესად - მაინც სირცხვილი იყო. ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა, იმხელა ბიჭს - 11 წლის ვიყავი, რომ კამერის წინ გამეხადა... მოკლედ, ეს უხერხულობა რაღაცნაირად დავძლიე. მოკლედ, ეს ორი სცენა მახსოვს, რომ გამიჭირდა.
ლაკო:
- 10-11 წლის ბიჭმა ფილმში "გაღმა ნაპირი“ როლის შესანიშნავად შესრულება შეძელით. რა ადგილი უკავია ამ ფილმს თქვენს ცხოვრებაში?
- ძალიან დიდი ადგილი უკავია ამ როლს ჩემს ცხოვრებაში. თუნდაც ის, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი გავხდი. ხალხის ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟი არა მარტო ფილმში, ცხოვრებაშიც - საყვარელი ადამიანი გავხდი. ამ ყველაფერს სულ ვგრძნობ, რაც დიდი პასუხისმგებლობაა... კი, ფილმმა უდიდესი როლი ითამაშა და ცხოვრების ერთ-ერთ მაღალ საფეხურზე ამიყვანა. ყველა მიმართულებით სერიოზული ტრამპლინი იყო.

უცნობი:
- თურმე გადამღები ჯგუფიდან ვიღაცებს არ მოსწონდით. ამბობდნენ, რატომ მოიყვანეთ ეს ბიჭი, სხვა ვერავინ მოიძებნაო. მართალია?
- სამწუხაროდ ასე იყო. ვიღაცები ამბობდნენ, რომ ეს ვერ შეძლებს ამ როლის თამაშსო... მაგრამ არა უშავს, მე ჩემი შედეგი დავდე, რისთვისაც ბევრი ვიშრომე. იმდენი გავაკეთე, რომ მათ სიტყვებს და წარმოსახვას ვაჯობე. შესაბამისად, ყველამ უნდა "ვიბრძოლოთ“ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჩვენზე ასე არასწორად ფიქრობენ.
რაც შეეხება კინოს ემოციას, მე არ ვიცოდი მანამდე, რა იყო კინო, ჩემთვის წარმოუდგენელი, ამოუცნობი რამ იყო. არც არასდროს მქონია ამ სფეროსთან შეხება და ასაკიც არ მქონდა შესაბამისი. როდესაც გადაღება დაიწყო, სრულიად სხვა სამყარო აღმოჩნდა. უცებ დავინახე, რომ ბევრი ხალხი მიყურებდა, კამერა ჩემს თამაშს იღებდა, ეს ცოტას მძაბავდა. ამიტომ სულ კამერაში ვიყურებოდი, მაინტერესებდა კამერაში რა ხდებოდა. შესაბამისად, ბევრი დუბლი გაფუჭდა. ამას ცოტა დატუქსვაც მოჰყვა, იმ რთულ მომენტებს, ჩემი სწავლისთვის ვიყენებდი. რომ მტუქსავენ, რატომ მტუქსავენ, იმიტომ, რომ კამერაში არ უნდა ვუყურო... არადა, მართლა რთული იყო, როდესაც ის ობიექტი მიყურებდა. ხომ ვამბობ, სულ მინდოდა, გამეგო, მის შიგნით რა ხდებოდა, როგორ აღმბეჭდავდა... ამ ყველაფრის ფონზე ძალიან დიდი ემოციებიც მოდიოდა. ნუ, ყველაფერი დავძლიე და მადლობა ღმერთს ამისთვის.
ბესო:
- ფილმმა პოპულარული გაგხადათ. თან მსახიობობასაც გემო გაუგეთ. თეატრალურ უნივერსიტეტში რატომ არ ჩააბარეთ?
- სკოლა რომ დავამთავრე, სერგო ზაქარიაძის სახელობის თეატრალურ კოლეჯში ვსწავლობდი. იმის მერე მინდოდა, რომ სწავლა თეატრალურ უნივერსიტეტში გამეგრძელებინა, მაგრამ ფინანსური კუთხით რაღაც ისე ვერ აეწყო საქმე, თან ვიღაც პიროვნებებიდან გამომდინარეც არ მოხდა ისე, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში მესწავლა.
თეა:
- თვალთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემა და მასთან დაკავშირებული ყველა ამბავი იყო თუ არა თქვენთვის ბავშვობის ტრავმა? და როგორ იხსენებთ ამას?
- ძალიან რთული იყო გარეთ გასვლა, თუნდაც სკოლაში ყოფნა იმის გამო, რომ ბავშვები უცნაური სახით მიყურებდნენ. თვალი რანაირად აქვს ამასო, არ ჰყავდათ ალბათ ასეთი თვალის მქონე ადამიანი ნანახი. მოდიოდა რაღაც-რაღაც პატარა-პატარა დაცინვა ბავშვების მხრიდან და არა მარტო მათგან. ვიღაც-ვიღაცები სიტყვებს, რაღაც ფრაზებს ისროდნენ. ამ ყველაფერმა გულში ძალიან დიდი ტკივილი დამიტოვა. ეს ბიჭობაშიც გამყვა და მერე კიდევ კარგა ხანს. რაღაც ეტაპზე კი ჩემს თავს ვუთხარი, - იცი, რა, შენ შენ ხარ და მორჩა - ვერავინ შეგცვლის და ვერც თვალს შეგიცვლის... პატარა ნაკლზე არასდროს უნდა დავხაროთ თავი, უნდა ვიყოთ ამაყები, რადგან ეს ყველაფერი ბუნებისგან გვერგო...
ანა:
- როდესაც ადამიანის ცხოვრებაში პოპულარობა მოდის, ბევრი წონასწორობის დაცვას ვერ ახერხებს. საკუთარ თავზე გადამეტებული წარმოდგენა ექმნებათ... როგორ მოახერხეთ წონასწორობის დაცვა?
- ამ ყველაფერში დიდი როლი ალბათ პასუხისმგებლობამ ითამაშა და ასევე ძალიან დიდი როლი ჩემს მშობლებს მიუძღვით. სულ მეუბნებოდნენ, რომ არასდროს არავისზე მეტად თავი არ წარმოაჩინო, იყავი ის, რაც ხარ... რამდენადაც ხალხს შეუყვარდები, თუ ზედმეტი მოგივიდა, იმდენად შეგიძულებენო... ეს ბავშვობიდან სელ მესმოდა. ამას რეჟისორიც მეუბნებოდა - არასდროს არ აწიო თავი იმდენად, რამდენადაც არ შეიძლება. არ შეიძლება ვიღაცას აგრძნობინო, რომ მასზე მეტი ხარ, შესაძლოა, ამ დროს იმაზე დაბალი აღმოჩნდე, ვიდრე საერთოდ ხარო. მეც სულ ამ ფიქრში ვიყავი... თუმცა მქონდა ერთი ასეთი მომენტი და ამის ძალიან შემრცხვა. ალბათ რაღაც გამექცა, რაზეც ბევრი ვიდარდე... ასეთ დროს უნდა მოახერხო იმ მომენტს თავად გაექცე. ამიტომ რასაც არ უნდა მიაღწიო, პირველ რიგში, უნდა იყო ადამიანი. ჩვენ ხომ ჯერ ადამიანები ვართ და მერე გვეძლევა რაღაც სტატუსები. ჯობია, ადამიანობა შევინარჩუნოთ, ვიდრე სტატუსით ვიცხოვროთ.
გიო:
- ვინ იყო ის ადამიანი, ვინც თვალის პრობლემა მოგიგვარათ? კონკრეტულად რა პრობლემასთან გქონდათ საქმე?
- საფრანგეთიდან დამიკავშირდა ჩვენი იმჟამინდელი ელჩი - ბატონი მამუკა კუდავა. დიდი მადლობა მას ამისთვის. მისთვის ერთ-ერთ ქალბატონს, რომელსაც ანალოგიური პრობლემით ძმა ჰყავდა. ჩემი პრობლემა იყო დისკის ამოვარდნა და თან ნაღრძობი იყო. დიდი დაზიანება მქონდა. იმ ქალბატონმა სურვილი გამოთქვა, დამხმარებოდა მას შემდეგ, რა ფილმი "გაღმა ნაპირი“ ნახა. მან გულთან ახლოს მიიტანა ჩემი თვალის პრობლემა, მით უფრო, რომ მის ძმასაც იგივე პრობლემა ჰქონდა. ძმის სურვილიც ყოფილა, საჩუქარი გავუკეთოთ, პრობლემა მოვუგვაროთო. ამ ადამიანების დიდი მადლობელი ვარ. საფრანგეთში ჩამიყვანეს. პროფესიონალი ექიმები დამახვედრეს. ჩასვლიდან მერვე დღეს ოპერაცია გამიკეთეს. სარკეში ჩახედვის შემდეგ ძალიან დიდი სიურპრიზი ჩემი თავის ვერ ცნობა აღმოჩნდა. უდიდესი შოკი იყო. რადიკალური შეცვლა დავინახე არა მარტო თვალის, ზოგადად სრულად შემცვალა.
ნინი:
- იღბლიანი ხართ?
- იღბლიანზე მეტად ღმერთის სიყვარული მაქვს და ეს ღმერთის სიყვარული მაძლევს იღბლიანობას. ღმერთის შეწევნით ვარ, რაც ვარ. იღბალი ჩემთვის ცოტა სხვა რაღაცას ნიშნავს. იღბლიანობა არაფერ შუაშია, უბრალოდ, ეს არის ღმერთის შეწევნა და ღმერთის მხარდაჭერა. ამას სულ ვგრძნობ, რომ ძალიან ვუყვარვარ და მადლობა ამისთვის... მე კი ძალიან ცუდი ადამიანი ვარ, სამწუხაროდ, ამ ყველაფერს სათანადოდ ვერ ვაფასებ...
დიტო:
- ცხოვრებაში რა ამბავი გქონიათ ისეთი, რომელმაც ცრემლები მოგგვარათ და თავი ვერ შეიკავეთ?
- ეს არის ჩემი შვილების შეძენა და მათთან პირველი შეხვედრა. ეს იყო ძალიან დიდი ბედნიერება, რაც ორჯერ განვიცადე და როდესაც მათთან ის შეხვედრა მახსენდება, ისევე ვღელავ. ამაზე დიდი ბედნიერება არასდროს განმიცდია - ალბათ შეუცვლელი ბედნიერებაა...
მზიკო:
- ელიავას ბაზრობაზე რომ არ დაგეწყოთ მუშაობა, სხვა გამოსავალი არ იყო მაშინ? და როგორი იყო ადამიანების რეაქციები, ვინც იქ გხედავდათ?
- სხვა გამოსავალი ნამდვილად არ იყო იმიტომ, რომ სხვა ვერაფერი ვნახე. ელიავას ბაზრობაზე მაღაზიაში ვმუშაობდი. ის ალბათ ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი გამოცდილება იყო. ბევრი რამ ვისწავლე. კარგი მეგობრები შევიძინე... მაღაზიაში ხალხი რომ შემოდიოდა და იქ მნახულობდნენ, უკვირდათ - აქ რატომ მუშაობ? აქ რა გინდაო? რა მექნა, მიწევდა მუშაობა, ასე იყო საჭირო... ერთ-ერთი ადამიანი მახსოვს, შემოვიდა და მითხრა, თეატრი ძალიან მიყვარს და თეატრში რატომ არ ხარო? არ ვიცი და არც მიცდია-მეთქი... იმ ადამიანმა თითქოს სტიმული მომცა და დღესდღეობით ერთ პატარა საბავშვო თეატრში ვარ და ძალიან მიხარია. ჩემი საქმე მაქვს, არაფერი ისეთი ჯერჯერობით, მაგრამ მაინც მიხარია. სკოლებთან ვმუშაობთ...
უცნობი:
- რას ნანობთ?
- თუნდაც ის, რომ ოქროს წუთები და დრო დავკარგე იმაში, რომ არაფერი გამიკეთებია, უბრალოდ დავხარჯე. პირობითად ვიტყვი, ის წლები სწავლისთვის, განვითარებისთვის უნდა გამომეყენებინა.
ნატო:
- გაგვაცანით თქვენი ოჯახი?

- მყავს ორი შვილი, უსაყვარლესი მეუღლე და ლამაზი ადამიანი, რომელიც ცხოვრებას მიფერადებს. ძალიან ბედნიერი ვარ ჩემს ოჯახთან, ორ შვილთან, მეუღლესთან ერთად. ამაზე მეტი რა არის...
ვიკა:
- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
- არის რაღაც-რაღაცები, რის გაკეთებაც მინდა. ოღონდ, ჯერჯერობით არ ვიცი, რა როგორ იქნება, ვნახოთ, ყველაფერი წინ არის. მთავარია, ყველაფერი კარგად იყოს, დალაგდეს სიტუაცია. ყველას წარმატებას გისურვებთ, ჯანმრთელობას და უპირველეს ყოვლისა - საქართველოს გაერთიანებას, გაძლიერებას...