ავტორი:

"ყველაფერი ამოგვეწურა, ბევრი ოჯახით - ბავშვებთან ერთად არის. ჩარტერს არ გვპირდებიან" - ირანში დაწყებული ომის გამო ტაილანდში ჩარჩენილი 130-მდე ქართველი დახმარებას ითხოვს

"ყველაფერი ამოგვეწურა, ბევრი ოჯახით -  ბავშვებთან ერთად არის. ჩარტერს არ გვპირდებიან" - ირანში დაწყებული ომის გამო ტაილანდში ჩარჩენილი 130-მდე ქართველი დახმარებას ითხოვს

ახლო აღმოსავლეთში დაწყებულმა სამხედრო დაპირისპირებამ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მყოფ ტურისტებს, მათ შორის ათეულობით საქართველოს მოქალაქეს დიდი პრობლემები შეუქმნა გამოიწვია. ირანის საჰაერო სივრცის ჩაკეტვისა და რეგიონში შექმნილი საომარი ვითარების გამო, ავიაკომპანიებმა რეისები გააუქმეს, რის შედეგადაც ტაილანდში მყოფი ქართველები სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

  • 130 მოქალაქე და გაუქმებული ფრენები

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის ტაილანდში საქართველოს 130 მოქალაქეა რეგისტრირებული, რომელთაც რეისები არაბეთის რეგიონში არსებული საომარი ვითარების გამო გაუუქმდათ. მათ შორის არიან მგზავრები, რომლებიც "Air Arabia"-ს რეისით შარჟას გავლით უნდა გამოფრენილიყვნენ.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკომპანია მგზავრებს ორ ვარიანტს სთავაზობს: თანხის დაბრუნებას ან გადაჯავშნას, თუმცა 9 მარტის ჩათვლით ყველა ფრენა გაუქმებულია.

  • "3 დღე გზაში და 3000 დოლარი" - რას ამბობენ ტურისტები

ერთ-ერთი ქართველი ტურისტი, რომელიც კუნძულზე მეუღლესთან ერთად იმყოფება, ambebi.ge - სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ალტერნატიული გზები პრაქტიკულად არ არსებობს:

"ალტერნატივა კი არის, მაგრამ ყველაზე მცირე სამი დღე ფრენა გიწევს და კაცზე 3000 დოლარი გინდა. თან ესეც არ არის სტაბილური გზა".

მისივე თქმით, "ბევრი ქართველი ტაილანდში ოჯახებითა და ბავშვებით არის წასული". ვინაიდან სასტუმროს ჯავშნები ამოიწურა, მოქალაქეები ფინანსური და ლოჯისტიკური პრობლემების წინაშე დგანან, რადგან დახმარებას ამ ეტაპზე ვერავინ სთავაზობს.

  • რას აკეთებს სახელმწიფო?

საგარეო საქმეთა სამინისტროში მოქალაქეთა სრული სია (სახელი, გვარი, პასპორტის მონაცემები და მდებარეობა) უკვე შედგენილია. მიუხედავად ამისა, მოქალაქეები აცხადებენ, რომ საელჩოსთან კომუნიკაციისას მათთვის იმედისმომცემი პასუხი არ გაუციათ.

"საელჩოსთან გვაქვს კავშირი, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფრით გვეხმარებიან, გარდა იმისა, რომ რაღაცა მარშრუტების მოძიებაში მოგეხმარებითო, რაც ჩვენც შეგვიძლია... არის 7000-ლარიანი ბილეთები ყაზახეთის ან ჩინეთის გავლით და ასტრონომიულ თანხებზეა ლაპარაკი", - ამბობენ ტაილანდში ჩარჩენილები.

სპეციალურ წერილში, რომლითაც შესაბამის უწყებებს მიმართეს, მოქალაქეები ითხოვენ საგანგებო დახმარების მექანიზმის ამოქმედებასა და ჩარტერული რეისის ორგანიზებას, რათა 130-ზე მეტმა ადამიანმა სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნება შეძლოს.

იხილეთ ასევე: