ავტორი:

სკანდალი Meta-ს გარშემო: ხედავენ თუ არა უცხო ადამიანები თქვენს პირად ცხოვრებას ჭკვიანი სათვალეების მეშვეობით?

სკანდალი Meta-ს გარშემო: ხედავენ თუ არა უცხო ადამიანები თქვენს პირად ცხოვრებას ჭკვიანი სათვალეების მეშვეობით?

ტექნოლოგიური გიგანტი Meta მორიგი სკანდალის ცენტრშია. ბრიტანეთის მონაცემთა დაცვის უწყებამ (ICO) კომპანიისგან სასწრაფო განმარტებები მოითხოვა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ Meta-ს "ჭკვიანი სათვალეებით" გადაღებულ უაღრესად პირად კადრებს დაქირავებული თანამშრომლები ათვალიერებენ.

შვედური გამოცემების, Svenska Dagbladet-ისა და Göteborgs-Posten-ის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ კენიაში მომუშავე კონტრაქტორები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის (AI) დახვეწაზე მუშაობენ, ხელი მიუწვდებათ მომხმარებელთა ინტიმურ ვიდეოებზე.

ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით: "ჩვენ ყველაფერს ვხედავთ - მისაღები ოთახებიდან დაწყებული, შიშველი სხეულებით დამთავრებული".

აღმოჩნდა, რომ სათვალის მფლობელების მიერ გადაღებულ მასალაში ხშირად ხვდება სექსუალური კადრები, შიშველი ადამიანები საძინებელში ან თუნდაც საპირფარეშოთი სარგებლობის მომენტები.

მომხმარებელთა დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ მათ მიერ AI-სთვის გაზიარებულ სურათებსა და ვიდეოებს არა მხოლოდ რობოტი, არამედ ცოცხალი ადამიანებიც ნახულობენ „გამოცდილების გაუმჯობესების“ მიზნით.

Meta ამტკიცებს, რომ კონტროლიორებამდე მისულ მასალაში სახეები დაფარულია (დაბლარულია), თუმცა ინსაიდერები ამბობენ, რომ ეს სისტემა ხშირად მუშაობს ხარვეზებით და ადამიანების იდენტიფიცირება მაინც შესაძლებელია.

ვინ არიან „მეთვალყურეები“?

კადრებს ამუშავებენ ნაირობიში მდებარე კომპანია Sama-ს თანამშრომლები. მათი სამუშაოა „ასწავლონ“ ხელოვნურ ინტელექტს სამყაროს აღქმა - მაგალითად, დაარქვან სახელი ობიექტებს, რომლებსაც სათვალე ხედავს. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო გარემო მკაცრად კონტროლდება და იქ ტელეფონების შეტანა აკრძალულია, მუშაკები მაინც ხდებიან უნებლიე მოწმეები სხვისი პირადი ცხოვრების.

რას ამბობს Meta?

კომპანია თავს იმართლებს და აცხადებს, რომ:

ეს მონაცემები გამოიყენება მხოლოდ AI-ს დასახვეწად.

მასალა იგზავნება მხოლოდ მაშინ, როცა მომხმარებელი თავად სთხოვს AI-ს რამის გაანალიზებას.

ყველა წესი გაწერილია მომხმარებლის შეთანხმებაში (თუმცა, როგორც წესი, ეს დოკუმენტები იმდენად რთულია, რომ მათ არავინ კითხულობს).

რატომ არის ეს საშიში?

პრობლემა იმაშია, რომ ჭკვიანი სათვალეები ხშირად შემთხვევით რჩება ჩართული. ერთ-ერთ შემთხვევაში, სათვალე საძინებელში იყო დატოვებული და მან გადაიღო ქალი, რომელიც ტანსაცმელს იხდიდა, ისე, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცოდა. მიუხედავად იმისა, რომ სათვალეს აქვს პატარა შუქდიოდი (ინდიკატორი) გადაღებისას, ის ბევრისთვის შეუმჩნეველია.

ბრიტანეთის მონაცემთა დაცვის სამსახური (ICO) აპირებს მკაცრად შეამოწმოს, რამდენად გამჭვირვალეა Meta თავის მომხმარებლებთან. უწყების განცხადებით, ტექნოლოგიურმა გიგანტებმა ნათლად უნდა განმარტონ, თუ ვინ და რატომ ნახულობს ჩვენს პირად მონაცემებს.

რა არის „ჭკვიანი სათვალე“ და როგორ მუშაობს ის?

ბევრს აინტერესებს, თუ რატომ გახდა ეს აქსესუარი განხილვის საგანი. Ray-Ban Meta გარეგნულად ჩვეულებრივი მზის სათვალისგან თითქმის არ განსხვავდება, თუმცა მის ჩარჩოში დამონტაჟებულია:

მიკრო-კამერები: რომლებითაც მფლობელს შეუძლია გადაიღოს ფოტო ან ვიდეო ზუსტად იმ რაკურსით, რასაც თავად ხედავს.

ხელოვნური ინტელექტი (AI): სათვალეს შეგიძლიათ დაუსვათ კითხვა, მაგალითად: „რა შენობაა ჩემ წინ?“ ან „გადამითარგმნე ეს ტექსტი“.

ინდიკატორი ნათურა: გადაღების დროს სათვალის კუთხეში პატარა შუქი ინთება, რათა გარშემომყოფებმა იცოდნენ, რომ კამერა ჩართულია. სწორედ ეს „ჭკვიანი“ ფუნქციები ხდება პრობლემის სათავე: როდესაც მომხმარებელი სათვალეს სთხოვს რაიმეს გაანალიზებას, გადაღებული კადრი იგზავნება Meta-ს სერვერებზე, სადაც მას, როგორც აღმოჩნდა, ხშირად ცოცხალი ადამიანებიც ათვალიერებენ...წყარო