ავტორი:

ამერიკის ერთ-ერთი გეგმა: არეულობა ირანში, ქურთების მეშვეობით - რას აპირებს CIA, რომელსაც მეამბოხე ჯგუფების მხარდაჭერის ხანგრძლივი ისტორია აქვს

ამერიკის ერთ-ერთი გეგმა: არეულობა ირანში, ქურთების მეშვეობით - რას აპირებს CIA, რომელსაც მეამბოხე ჯგუფების მხარდაჭერის ხანგრძლივი ისტორია აქვს

ამერიკის შეერთებული შტატები ირანის რეჟიმის მიმართ ოპოზიციურად განწყობილ ქურთულ ძალებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა მათ იარაღი მიაწოდოს და ამით ქვეყანაში აჯანყების პროვოცირება მოახდინოს - ამის შესახებ რამდენიმე მედიასაშუალება იუწყება.

  • ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აქტიურად განიხილავს ოპოზიციურ ქურთულ ჯგუფების შეიარაღების შესაძლებლობას.

"თუმცა ქურთ და ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ოთხშაბათის მდგომარეობით ჯერ კიდევ უცნობი იყო, მიღწეულია თუ არა რაიმე შეთანხმება - წერს გამოცემა.

ქურთი მეამბოხეები წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებიან თეირანს და არაერთი თავდასხმა განახორციელეს, როგორც ირანის ქურთისტანის, ასევე სხვა დასავლეთ პროვინციებში. ქურთები, როგორც წესი, ერაყისა და ირანის საზღვართან მოქმედებენ, სადაც ირანისა და ერაყის ქურთულ უმცირესობებს ერთმანეთთან მჭიდრო კავშირები გააჩნიათ.

  • აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მეზობელ ერაყში ქურთულ ჯგუფებთან თანამშრომლობის დიდი ხნის ისტორია აქვს. ვაშინგტონი ასევე აფინანსებდა, აიარაღებდა და ამზადებდა ქურთ მებრძოლებს სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ.

მიმდინარე ომის ფონზე, როდესაც ირანი მეზობელ სპარსეთის ყურის ქვეყნებში განლაგებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებსა და პერსონალს აყენებს დარტყმებს, ირანის რევოლუციურმა გვარდიამ (IRGC) დასავლეთში მდებარე ქურთულ პოზიციებსაც შეუტია.

ბრიტანეთში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის Chatham House-ის ანალიტიკოსმა ნილ ქუილიამმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ეს გეგმა “ინსტინქტურად ცუდ ნაბიჯად“ გამოიყურება და შესაძლოა ირანში შიდა კონფლიქტი კიდევ უფრო გაამწვავოს.

"ქურთების შეიარაღების გეგმა უფრო მოქმედების შემდგომი ფიქრის შედეგს ჰგავს და ის მანამდე არც ერთ სერიოზულ სტრატეგიულ გეგმაში არ ფიგურირებდა, რომელიც საბოლოო შედეგის მიღწევას ემსახურებოდა. ეს აჩვენებს, რომ აშშ-ის ომი ირანის წინააღმდეგ ცუდად არის დაგეგმილი" - აცხადებს ექსპერტი.

რა ხდება ახლა?

აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ახლი სტრატეგია მიზნად ისახავს ქურთული ძალების ირანის შეიარაღებული ძალების გასაფანტად გამოყენებას, რასაც ჩანაფიქრით მასობრივი პროტესტების გაძლიერება, ან და ჩრდილოეთ ირანზე კონტროლის აღება უნდა მოჰყვეს, რაც ისრაელისთვის ერთგვარ ბუფერულ ზონას შექმნის.

CNN-ის ცნობით, ტრამპი სამშაბათს ირანის ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის (KDPI) ლიდერს, მუსტაფა ჰიჯრის ესაუბრა. ქურთი ოფიციალური პირის თქმით, უახლოეს დღეებში ირანში მოქმედი ქურთული ჯგუფები დასავლეთ ირანში სახმელეთო ოპერაციებშიც მიიღებენ მონაწილეობას.

ამერიკული გამოცემა xios- ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კვირას ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის დაბომბვის დაწყებიდან ერთ დღეში ტრამპი ტელეფონით ესაუბრა ერაყში ორი ქურთული პარტიის ლიდერებს: მასუდ ბარზანის (ქურთისტანის დემოკრატიული პარტია) და ბაფელ ტალაბანის (ქურთისტანის პატრიოტული კავშირი).

Axios-ის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ რამდენიმე თვის განმავლობაში ლობირებდა აშშ-სა და ქურთებს შორის ასეთი კავშირის შექმნას. ისრაელმა უკვე ჩამოაყალიბა სადაზვერვო ქსელები ქურთულ ჯგუფებში ირანში, ერაყსა და სირიაში.

ქურთი ლიდერებიდან მინიმუმ ერთმა — ბაფელ ტალაბანიმ — ტრამპთან საუბარი უკვე დაადასტურა.

როგორია აშშ-ის და ქურთული დაჯგუფებების ურთიერთობის ისტორია

ქურთები ეთნიკური უმცირესობას წარმოადგენენ, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა სახელმწიფოში არიან გაფანტული, მათ საკუთარი სახელმწიფო არ გააჩნიათ და სხვადასხვა ქვეყანაში ხშირად მარგინალიზებულები იყვნენ. უკვე ათწლეულებია, რაც რამდენიმე ქურთული ჯგუფი თურქეთში, სირიაში და ირანში თვითმმართველობის მიღწევას ცდილობს.

ვაშინგტონი ისტორიულად განსაკუთრებით ერაყელ ქურთებს უჭერდა მხარს. 1991 წლის აჯანყების დროს აშშ-მ მათ ტაქტიკური მხარდაჭერა გაუწია, მათ შორის “ფრენის აკრძალული ზონების“ შექმნით, რაც ქურთულ ძალების დაცვას ემსახურებოდა.

CIA-ის მიერ მეამბოხე ჯგუფების მხარდაჭერას ხანგრძლივი ისტორია გააჩნია

ბოლო 50–60 წლის განმავლობაში CIA-მ მრავალ ქვეყანაში დააფინანსა და შეაიარაღა მეამბოხე ჯგუფები.

ავღანეთი: 1970-იანი წლების ბოლოს CIA აფინანსებდა და ამზადებდა ავღანელ მუჯაჰედებს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ

ლიბია: 2011 წელს აშშ-ის სადაზვერვო სააგენტომ მხარი დაუჭირა მუამარ კადაფის წინააღმდეგ მებრძოლ მეამბოხეებს.

ირანი: 1953 წელს CIA-მ და ბრიტანეთის MI6-მ ერთად დაეხმარნენ სამხედრო ოფიცრებსა და სხვა შეიარაღებულ დაჯგუფებებს ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული პრემიერ-მინისტრის, მოჰამედ მოსადეღის გადაყენებაში.

ნიკარაგუა: 1980-იან წლებში CIA აფინანსებდა და აიარაღებდა „კონტრებს“ სოციალისტური მთავრობის წინააღმდეგ.

ვიეტნამი: 1950-იან წლებში CIA-მ დაიწყო მეამბოხეთა შეიარაღება, რაც მოგვიანებით ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა.

ინდონეზია: 1960-იან წლებში სააგენტომ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ სუკარნოს წინააღმდეგ მებრძოლ ძალებს.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: