ავტორი:

გეგმავს თუ არა ტრამპი ირანში სახმელეთო შეჭრას - აშშ-ის პრეზიდენტი აბას არაღჩის განცხადებას პასუხობს

გეგმავს თუ არა ტრამპი ირანში სახმელეთო შეჭრას - აშშ-ის პრეზიდენტი აბას არაღჩის განცხადებას პასუხობს

გვინდა შევიდეთ და ყველაფერი გავწმინდოთ, არ გვინდა ვინმე, ვინც 10 წლის განმავლობაში აღადგენს ქვეყანას. გვინდა, რომ მათ კარგი ლიდერი ჰყავდეთ. გვყავს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც, ვფიქრობ, კარგ საქმეს გააკეთებენ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში ირანზე საუბრისას განაცხადა.

  • აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის ნაბიჯებს დგამს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მის სიაში მყოფი ადამიანები ომს ცოცხლები გადაურჩნენ. „დიახ, ჩვენ მათ ვაკვირდებით“, - აღნიშნა ტრამპმა.

ის ასევე გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებას, რომ მისი ქვეყანა მზადაა აშშ-ისრაელის ძალების სახმელეთო შეჭრისთვის. ტრამპის თქმით, ეს „ფუჭად დახარჯული კომენტარია“ და მიანიშნა, რომ შეჭრაზე ამ დროისთვის არ ფიქრობს.

"ეს დროის ფუჭად კარგვაა. მათ ყველაფერი დაკარგეს. მათ დაკარგეს საზღვაო ფლოტი. მათ დაკარგეს ყველაფერი, რისი დაკარგვაც შეეძლოთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ დარტყმების ტემპი და ინტენსივობა გაგრძელდება.

აბას არაღჩის განმარტებით, თუ აშშ ირანში სახმელეთო ძალებით შეჭრას გადაწყვეტს, მაშინ ირანი ამისთვის მზად იქნება.

"ჩვენ მათ ველით. დარწმუნებულები ვართ, რომ შეგვიძლია მათ წინააღმდეგობა გავუწიოთ. ეს მათთვის დიდი კატასტროფა იქნება“, - განაცხადა არაღჩიმ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ „აშშ-მა თავის მთავარ მიზანს ვერ მიაღწია, რაც სწრაფი გამარჯვება იყო“.

„მათ ეს ვერ შეძლეს და ახლა ცდილობენ, გაამართლონ ის, თუ რატომ დაგვესხნენ თავს. უამრავი მიზეზი წარმოადგინეს, მაგრამ არცერთმა იმუშავა“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

წაიკითხეთ ასევე: