ბრიტნი სპირსი სამართალდამცავების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. 44 წლის მომღერალი კალიფორნიაში, ვენტურას ოლქში, ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის დააკავეს.

ინციდენტი ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით 21:30 საათზე მოხდა. პოლიციამ ვარსკვლავი პირდაპირ საჭესთან დააკავა და განყოფილებაში გადაიყვანა. ვენტურას ოლქის შერიფის სამსახურის მონაცემებით, ბრიტნიმ წინასწარი დაკავების იზოლატორში რამდენიმე საათი გაატარა, ხუთშაბათს დილით კი გაათავისუფლეს.
კალიფორნიის საგზაო პატრულის (CHP) მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, პოლიციამ 44 წლის პოპვარსკვლავს დაკავებამდე რამდენიმე საველე ტესტი ჩაუტარა. მათი ინფორმაციით, მომღერალი „ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვის ეჭვის“ საფუძველზე დააკავეს. თუმცა იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა მომღერალს ორგანიზმში სხვა ნივთიერება, დამატებითი ქიმიური ტესტები ჩატარდა. მათი შედეგები ჯერ არ არის ცნობილი.

სპირსის სასამართლო სხდომა 4 მაისს გაიმართება.
დაპატიმრების შემდეგ მომღერლის წარმომადგენელმა გამოცემა Daily Mail-ს განუცხადა, რომ მომხდარი „სამწუხარო ინციდენტი“ იყო. მისი თქმით, სპირსი კანონის მოთხოვნებს დაიცავს და სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს.
„იმედია, ეს იქნება პირველი ნაბიჯი იმ დიდი ცვლილებებისკენ, რომელსაც ის დიდი ხანია ელოდება,“ - აღნიშნა წარმომადგენელმა და დაამატა, რომ მომღერალი ახლა რთულ პერიოდშია და მხარდაჭერას საჭიროებს.