ავტორი:

ევროკომისიამ ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა

ევროკომისიამ ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა

ევროკომისია დღეს ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლას აჩერებს, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

  • „ახლა მათ მოეთხოვებათ ვიზა ოფიციალური მიზნებისთვის შენგენის ზონაში შესვლისას. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვიზების შეჩერების ახალი გაძლიერებული მექანიზმი გამოიყენება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პრესრელიზში ხაზგასმულია, რომ ვიზების შეჩერების მექანიზმი ამოქმედდა საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში მიზანმიმართული და მუდმივი დარღვევის საპასუხოდ.

ევროკომისია განმარტავს, რომ ვიზების ლიბერალიზაციის მიზანია ხალხთა შორის კონტაქტების ხელშეწყობა და საერთო ღირებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემის ხელშეწყობა.

„2024 წლის ოქტომბრიდან საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა, მათ შორის მომიტინგეების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის დარბევამ, უარყოფითად იმოქმედა საქართველოში არსებულ ვითარებაზე და გამოიწვია რამდენიმე ფუნდამენტური უფლებისა და საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტის დარღვევა. საქართველომ ასევე უარი თქვა, ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შესაბამისობაში ყოფილიყო, რაც უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა. კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ვიზების ლიბერალიზაცია“, - აღნიშნულია პრესრელიზში.

  • ევროკომისიის მიერ საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება ძალაში დღეს შევა და 12 თვის განმავლობაში, 2027 წლის 6 მარტამდე გაგრძელდება.

ამასთან, როგორც ევროკომისია განმარტავს, თუ საქართველოს ხელისუფლება მმართველობასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ საკითხებს არ მოაგვარებს, კომისიას შეუძლია შეჩერება 24 თვემდე გააგრძელოს.

„კომისიას ასევე შეუძლია გადაწყვიტოს ამ ზომების გავრცელება საქართველოს ყველა მოქალაქეზე. ამ დროის განმავლობაში, სიტუაციის გამოსწორება საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. კომისია მკაცრად მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, კონსტრუქციულად ჩაერთოს ამ პროცესში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

წყარო