ავტორი:

რატომ არ გრძნობთ თავს ბედნიერად - 7 ჩვევა, რაც სიმშვიდესა და სიხარულს გპარავთ

რატომ არ გრძნობთ თავს ბედნიერად - 7 ჩვევა, რაც სიმშვიდესა და სიხარულს გპარავთ

ეპოქაში, როდესაც სოციალური ქსელები იდეალური ცხოვრების სტანდარტებს გვკარნახობენ, დილით აბსოლუტური ბედნიერების განცდის გარეშე გაღვიძება თითქმის "დანაშაულად" აღიქმება. "ტოქსიკური პოზიტიურობის" კულტურაში განსაკუთრებით მძიმეა იმის გაცნობიერება, რომ თქვენი რეალობა არ შეესაბამება იმ ფერადოვან კადრებს, რომლებსაც მეგობრების შვებულებიდან ან ქორწილებიდან ხედავთ.

ექსპერტები ამბობენ, რომ პრობლემა გაცილებით ღრმაა. არსებობს კონკრეტული ქცევის მოდელები და მცდარი რწმენები, რომლებიც ხელს გიშლით ცხოვრებით ტკბობაში. ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები გვიზიარებენ იმ 7 ჩვევას, რომლებიც ყველაზე მეტად აზიანებს ჩვენს კმაყოფილების განცდას.

1. სირცხვილი, დანაშაულის გრძნობა და შფოთვა

"სირცხვილი, დანაშაული და შფოთვა ბედნიერების ყველაზე გავრცელებული გამანადგურებლებია," - ამბობს ტამიკა ლუისი, კლინიკური დირექტორი და კალიფორნიული WOC Therapy-ს დამფუძნებელი. როდესაც ამ გრძნობებს განიცდით, თქვენ წარსულის ტყვეობაში ხართ ან მომავალზე ნერვიულობთ. შედეგად, არ იმყოფებით "აქ და ახლა", რაც სიხარულს საფუძველშივე კლავს.

2. ინიციატივის ნაკლებობა

ბევრი ადამიანი უბრალოდ არ აკეთებს იმას, რაც ბედნიერებას ანიჭებს - იქნება ეს ჰობი, სამსახურის შეცვლა თუ ტოქსიკური ურთიერთობის დასრულება. ფსიქოთერაპევტი სადაფ სიდიკი აღნიშნავს, რომ ადამიანები ხშირად იჭედებიან აკვიატებულ ფიქრებში, რაც რეალურ მოქმედებაში უშლით ხელს.

ხშირად ეს გამოწვეულია სხვის ცხოვრებაზე ზედმეტი ფოკუსირებით. "თუ მუდმივად თქვენი დის წარუმატებელ პირად ცხოვრებაზე ფიქრობთ, თქვენ კარგავთ კავშირს საკუთარ თავთან", - ამბობს სიდიკი. ის გვირჩევს "მიკრო-ნაბიჯების" გადადგმას - მცირე ცვლილებები დროთა განმავლობაში დიდ ტრანსფორმაციას იწვევს.

3. საკუთარი თავის სხვებთან შედარება

ეს ჩვევა ბედნიერების ნამდვილი ქურდია. სოციალურ ქსელებში სხვისი "იდეალური" ცხოვრების ყურება ქვეცნობიერად გვაიძულებს საკუთარი თავის დამცირებას.

გამოსავალი: ლიცენზირებული სოციალური მუშაკი სტეფანი დალბერგი გვირჩევს, დილით Instagram-ის ნაცვლად, პირველ რიგში, მადლიერების დღიური გადავშალოთ და ჩამოვწეროთ 5 რამ, რისთვისაც ბედნიერები ვართ. გახსოვდეთ: სოციალური ქსელი მხოლოდ "საუკეთესო კადრების" კრებულია და არა სრული რეალობა თავისი აღმავლობებითა და ვარდნებით.

4. "უნდა" - ტირანი

კიდევ ერთი პრობლემა არის მოლოდინები იმის შესახებ, თუ როგორი "უნდა" იყოს თქვენი ცხოვრება. "დღეს სარეცხი უნდა გამერეცხა" ან "ამ ასაკში კარიერაში მეტისთვის უნდა მიმეღწია"... - მსგავსი ფიქრები გაშორებთ აწმყოს. როდესაც ამ კატეგორიებით აზროვნებთ, საკუთარ თავზე ზეწოლას ახდენთ, რაც სიმსუბუქის შეგრძნებას გართმევთ.

5. კავშირის გაწყვეტა საკუთარ თავთან

თუ თქვენი თვითშეფასება სრულად არის დამოკიდებული სხვების აზრზე ან საზოგადოებრივ სტანდარტებზე, თქვენ ყოველთვის მოწყვლადი იქნებით. საკუთარ თავთან მყარი კავშირი ნიშნავს თქვენი ღირებულებების, სუსტი და ძლიერი მხარეების ცოდნას. ეს გეხმარებათ ჯანსაღი საზღვრების დაწესებაში, რაც აუცილებელია "რესურსების შესავსებად".

6. ღრმა პრობლემების იგნორირება

ტრავმების (ბავშვობის, ურთიერთობების თუ სოციალური) დათრგუნვა პირდაპირ აზიანებს თქვენს ბედნიერებას. ფსიქოლოგი შავონ მურ-ლობანი ამბობს, რომ თუ არ იქნებით გულწრფელი საკუთარ პრობლემებთან, განკურნება შეუძლებელია. ზოგჯერ მიზეზი ბიოლოგიურიცაა (დეპრესია), რაც სპეციალისტის ჩარევასა და მედიკამენტურ მკურნალობას საჭიროებს.

7. იზოლაცია

მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ქსელებით მუდმივად "ხაზზე" ვართ, რეალური ურთიერთობების ნაკლებობა მარტოობის განცდას ამწვავებს. სპეციალისტები გვირჩევენ, მეტი დრო დავუთმოთ ცოცხალ ურთიერთობებს - დავურეკოთ ახლობლებს, დავგეგმოთ ვახშამი მეგობრებთან ან კოლეგებთან.

  • როგორ ვიპოვოთ მეტი სიხარული ყოველდღიურობაში? - პირველი ნაბიჯი არის განზრახვა. დილით, საქმეების სიის ნაცვლად, დაფიქრდით იმაზე, თუ როგორ გსურთ გრძნობდეთ თავს. თუ სიმსუბუქე გინდათ, მოიფიქრეთ ერთი მცირე რამ, რაც ამ შეგრძნებას მოგიტანთ.
  • ექსპერტების მთავარი რჩევა კი ასეთია: ნუ გახდით "ბედნიერებას" საბოლოო მიზნად. ბევრი ფიქრობს: "ბედნიერი ვიქნები, თუ დავქორწინდები/გავხდები/დავწინაურდები". თუმცა, მიზნის მიღწევის შემდეგ პრობლემები არ ქრება. ბედნიერება არ არის დანიშნულების პუნქტი, ეს არის არჩევანი გზაზე - უნარი, მიიღო ცხოვრების აღმავლობაც და დაღმავლობაც, და ყველაზე რთულ მომენტშიც კი უკეთესის იმედი არ დაკარგო.