ავტორი:

"მარტოხელა მებრძოლი": რატომ აღმოჩნდა პედრო სანჩესი ერთადერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც ტრამპს უპირისპირდება?

"მარტოხელა მებრძოლი": რატომ აღმოჩნდა პედრო სანჩესი ერთადერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც ტრამპს უპირისპირდება?

4 მარტს, დილით პედრო სანჩესმა ესპანეთის მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა - ეს იყო 10-წუთიანი გამოსვლა, საკმაოდ უღიმღამო სათაურით: "პრემიერ-მინისტრის ინსტიტუციური განცხადება საერთაშორისო მოვლენების შეფასების შესახებ“.

თუმცა მისი შინაარსი სულაც არ ყოფილა უფერული. მას შემდეგ რაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესპანეთს ვაჭრობის შეწყვეტით დაემუქრა იმის გამო, რომ მადრიდმა უარი თქვა ირანის წინააღმდეგ დარტყმებისთვის, ანდალუსიაში მდებარე ორი ერთობლივი სამხედრო ბაზის გამოყენების ნებართვაზე, სანჩესმა თავისი პოზიცია განმარტა.

ამით ის გახდა ევროპელი ლიდერებიდან თითქმის ერთადერთი, ვინც ღიად და მკაფიოდ უარყო აშშ-ის პრეზიდენტის მოთხოვნები - პრეზიდენტისა, რომლის მოლაპარაკების სტილი ხშირად წარმოადგენს არასტაბილურ ნაზავს ზეწოლის, დამცირების და თვითგანდიდების.

ესპანეთის პრემიერის მთავარი არგუმენტი იყო, რომ ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთი ომი ბევრ სიცოცხლეს შეიწირავს, კიდევ უფრო არასტაბილურს გახდის მსოფლიოს და მძიმე ეკონომიკურ შედეგებს მოიტანს. თუმცა მის გამოსვლაში არაერთი აბზაცი აშკარად სუბიექტურადაც იყო ნათქვამი.

სანჩესის თქმით, მთავრობის უმთავრესი მოვალეობაა საკუთარი მოქალაქეების ცხოვრების დაცვა და გაუმჯობესება, და არა გლობალური კონფლიქტებით მანიპულირება ან მათგან მოგების მიღება.

"სრულიად მიუღებელია, როდესაც ის ლიდერები, რომლებიც ამ მოვალეობას ვერ ასრულებენ, ომის კვამლს იყენებენ საკუთარი მარცხის დასაფარად და ამ პროცესში გარკვეული ჯგუფის ჯიბეების გასასქელებლად - იმავე ადამიანების, რომლებიც ყოველთვის სარგებლობენ მაშინ, როცა მსოფლიო საავადმყოფოების ნაცვლად, რაკეტებს აშენებს", - განაცხადა მან.

"მეტისმეტად გულუბრყვილობაა იმის დაჯერება, რომ დემოკრატია ან ერებს შორის პატივისცემა, ნანგრევებიდან იბადება. ან ის, რომ ბრმად და მონურად დამორჩილება ლიდერობის ფორმაა… ჩვენ არ გავხდებით თანამონაწილეები ისეთ საქმეში, რომელიც ცუდია მსოფლიოსთვის და რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებსა და ინტერესებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმეს შესაძლო შურისძიების გვეშინია..."

ვინ იყო ეს "ვინმე“, ახსნას აღარ საჭიროებდა.

ამ მიმართვამ სანჩესის მემარცხენე ამომრჩევლები აღაფრთოვანა, თუმცა პოლიტიკური ოპონენტებისგან მოსალოდნელი რეაქცია მიიღო. ის პარტიული პოლიტიკის თამაშში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ ის ესპანეთ-აშშ ურთიერთობებს საფრთხეს უქმნის. ესპანელი ულტრამემარჯვენეები უფრო შორსაც წავიდნენ და თქვეს, - ეს გადაწყვეტილება "აიათოლებმა“ მიიღეს და ასევე იმ პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერს აკეთებს, მიუხედავად მის გარემოცვაში კორუფციული სკანდალებისაო...

თუმცა სანჩესის მკვეთრი რიტორიკა ესპანელებისთვის უცხო არ არის - ის რაზაში მიმდინარე მოვლენების ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსია - მან ისრაელს ბრალი დასდო "დაუცველი ხალხის განადგურებაში“ საავადმყოფოების დაბომბვით და "უდანაშაულო ბავშვების შიმშილით დახოცვაში“.

ასევე ის გამოვიდა ვენესუელაში ხელისუფლების ძალით შეცვლის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავდა ნიკოლო მადუროს ჩამოგდებას.

ამავე დროს სანჩესი ეწინააღმდეგება მსოფლიო ტენდენციებს და იცავს იმიგრაციის სარგებელს - მაშინ, როცა ევროპის ბევრ ქვეყანაში პოლიტიკოსები უფრო რადიკალურ რიტორიკას და მავთულხლართებს ამჯობინებენ.

მისი ხმა სულ უფრო ხმამაღალი ხდება, თუმცა ჯერჯერობით მაინც საკმაოდ მარტოსულია. მაშინ როცა დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედრიკსენმა მოახერხა და ევროპელი ლიდერები გააერთიანა გრენლანდიის მიმართ ტრამპის განცხადებების წინააღმდეგ, სანჩესს ევროპის მთავარ დედაქალაქებში მსგავსი მხარდაჭერა არ მიუღია.

სხვადასხვა მიზეზის გამო - ზოგჯერ შიდა პოლიტიკის, ზოგჯერ გლობალური გარემოებების, ზოგჯერ იდეოლოგიის და ზოგჯერ პრაქტიკული გათვლების - ბერლინის, პარიზისა თუ რომის ლიდერები არ აღმოჩნდნენ მზად ტრამპის წინააღმდეგ ღიად გამოსვლისთვის.

გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონი სანჩესს დაუკავშირდა და აშშ-ის სავაჭრო მუქარის ფონზე "ევროპული სოლიდარობა“ გამოუცხადა.

მაკრონი, რომელსაც ხელისუფლებაში მხოლოდ ერთი წელი დარჩა და თითქმის მთლიანად საგარეო პოლიტიკაზეა კონცენტრირებული, ახლა კიდევ ერთი საერთაშორისო კონფლიქტის დეესკალაციის რთული ამოცანის წინაშე დგას.

მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმები ირანზე საერთაშორისო სამართალს არ შეესაბამება. თუმცა მან ასევე თქვა, რომ პასუხისმგებლობა ირანის ხელმძღვანელობასაც ეკისრება - მისი ბირთვული პროგრამის, ტერორისტული ჯგუფების დაფინანსებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.

საფრანგეთმა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში გაგზავნა თავისი ავიამზიდი Charles de Gaulle და ასევე სხვა საჰაერო თავდაცვის საშუალებები - "მკაცრად თავდაცვითი“ მისიის ფარგლებში რეგიონული მოკავშირეების მხარდასაჭერად, მათ შორის კვიპროსის, კატარის, ქუვეითისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების.

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის რიტორიკა კი ყველაზე მეტად განსხვავდებოდა სანჩესისგან.

"ირანში მიმდინარე მოვლენების საერთაშორისო სამართლის მიხედვით შეფასებას პრაქტიკულად მცირე ეფექტი ექნება. ამიტომ ახლა არ არის დრო ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების დასარიგებლად". მერცის სტრატეგია ვაშინგტონში ვიზიტისას იყო პრაგმატიზმით სავსე, რათა ევროპას მეტი მანევრის შესაძლებლობა ჰქონოდეს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე: უკრაინასა და ტრამპის ქაოსურ ტარიფებზე.

იტალიაში კი პოზიცია შედარებით ორაზროვანია. პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ცდილობს ერთდროულად შეინარჩუნოს ურთიერთობა ტრამპთან, რომელსაც ხშირად პოლიტიკურ და პირად მოკავშირესაც უწოდებს და ამავე დროს დარჩეს ევროპულ ბანაკში.

"ჩვენ ომში არ ვართ და არც ვაპირებთ მასში შესვლას... სიტუაცია შემაშფოთებელია. საერთაშორისო სამართალი სულ უფრო მეტად კრიზისშია და მსოფლიო უფრო და უფრო ქაოსით იმართება", - განაცხადა მან.

ამასობაში ესპანეთის და ვაშინგტონის დაპირისპირება გრძელდება - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ თითქოს მადრიდმა პოზიცია შეცვალა და ახლა მზად არის ოპერაციაში ითანამშრომლოს.

ეს განცხადება სწრაფად და მკვეთრად უარყო ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა:

"ჩვენი პოზიცია - არა ომს! - კვლავ მკაფიო და ერთმნიშვნელოვანია. შეიძლება ის თეთრი სახლის პრესსპიკერია, მაგრამ მე ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვარ და ვამბობ: ჩვენი პოზიცია საერთოდ არ შეცვლილა.“ წყარო

იხილეთ ასევე: