აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ტერორისტული გეგმები გამოავლინა და აღკვეთა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მიერ შემუშავებული ტერორისტული გეგმების განხორციელება იგეგმებოდა.

უწყების ცნობით, საზოგადოებაში პანიკის შექმნისა და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის დარტყმის მიზნით პოტენციურ სამიზნეებს შორის: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ისრაელის საელჩო და აშკენაზი ებრაელების სინაგოგა იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, სპეცსამსახურებმა სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღეს.
როგორც Report -ი იუწყება:
"გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ ირანის მოქალაქეებმა რუსტამზადა ბეჰნამ სადიბალი და ზანდკიან იასერ რაჰიმი დაუკავშირდნენ აზერბაიჯანის მოქალაქეს გულიევ ტარჰან ტარლან ოღლუს და განახორციელეს ბომბების უკანონო შემოტანა ქვეყნის ტერიტორიაზე. შიხოვის დასახლების მახლობლად მდებარე კონტეინერში აღმოჩნდა 7 კგ 730 გრამი C-4 ტიპის ასაფეთქებელი ნივთიერება.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ირანთან დაკავშირებული პირების დავალებით, ქვეყანაში შემოიტანეს კიდევ ორი დისტანციურად მართვადი C-4 ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც დამალეს სხვადასხვა ადგილზე. გარდა ამისა, გარადაღის რაიონში აღმოჩნდა კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, წონით 1280 გრამი, მოქმედების რადიუსით 250–300 მეტრი.
გამოძიებისას ასევე დადგინდა, რომ ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" გეგმავდა ტერორისტულ აქტს აზერბაიჯანის ერთ-ერთი საზოგადო მოღვაწის წინააღმდეგ. ამისთვის ადგილობრივ პირებს მიეცათ მითითება ჩაეტარებინათ სამიზნის სამუშაო ადგილის ფოტო და ვიდეოჩაწერა, აგრეთვე შეეძინათ იარაღი და სატრანსპორტო საშუალება.
უსაფრთხოების უწყების ცნობით, დაკავებულები არიან აზერბაიჯანის მოქალაქეები: გულიევ ტარჰან ტარლან ოღლუ, აგაევ ნიჟატ ზამან ოღლუ, აბდულაევ ასად ტოფიკ ოღლუ და რუსტამოვ რაშად ფარჰად ოღლუ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ტერორისტული გეგმების ორგანიზებაში მონაწილეობდა "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაზვერვის ოფიცერი, პოლკოვნიკი ალი ასგარ ბორდბარ შერამინი. საერთაშორისო ძებნაში გამოცხადდნენ ირანის მოქალაქეები: ზანდკიან იასერ რაჰიმი, რუსტამზადა ბეჰნამ სადიბალი, აზარუნდბილეჰ ჰოსეინ სავარ საბერი და შეიხზადე სადჯად მომჰადამ სათი სოფი ევადი.

ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები უცხოელი სპეციალური სამსახურების ტერორისტული და სადივერსიო გეგმების გამოვლენისთვის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გრძელდება".
შეგახსენებთ, 5 მარტს, ოთხმა უპილოტო აპარატმა შეუტია აზერბაიჯანის ქალაქ ნახიჩევანს. ხელისუფლების ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი აეროპორტის ტერმინალის შენობას შეეჯახა, ხოლო მეორე სოფელ შეკარაბადში სკოლის სიახლოვეს ჩამოვარდა. თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.
ბაქომ მომხდარზე პასუხისმგებლობა თეირანს დააკისრა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და თავდაცვის სამინისტრომ საპასუხო ზომებით დაიმუქრნენ, ხოლო ბაქოში ირანის ელჩს საპროტესტო ნოტა გადაეცა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მომხდარს "ტერაქტი“ უწოდა. მან ირანისგან ოფიციალური ახსნა-განმარტება, ბოდიში და დამნაშავეების პასუხისმგებლობაში მიცემა მოითხოვა. წყარო
იხილეთ ასევე: