ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნანა მჭედლიძეს 20 მარტს 100 წელი შეუსრულდებოდა. ის 2016 წლის 28 მარტს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. რეჟისორმა ქართულ კინოში თავისი დამსახურებული ადგილი დაიმკვიდრა. მისი ფილმები მაყურებელში დიდი სიყვარულით სარგებლობს. განსაკუთრებით უყვართ "იმერული ესკიზები" და "პირველი მერცხალი"... თუმცა რეჟისორს არაერთი საინტერესო ნამუშევარი აქვს შექმნილი...
"როდესაც ვუყურებ ჩემ მიერ შექმნილ ფილმებს, გამოგიტყდებით, მხოლოდ ერთი სურვილი მამოძრავებს, რაც შეიძლება მალე დამთავრდეს. უსაშველოდ გრძლად და გაუთავებლად მეჩვენება ყველაფერი. მართლაც ფილმი, რომლის შექმნის პერიოდში ღამეები მითენებია, თავგანწირვითა და გატაცებით მიმუშავია, როცა მზად არის, ჩემთვის სრულიად კარგავს ინტერესს. უფლება რომ მქონდეს, არავის ვუჩვენებდი. ვუყურებ ეკრანს და გულში ვამბობ, "არა, ეს ის არ არის, რაც უნდა იყოს" - ამბობდა ნანა მჭედლიძე.
ხონში ცხოვრობდა. თბილისში საცხოვრებლად მეშვიდე კლასში გადმოვიდა, რადგან დედა - ბარბარე ფარცხალაძე 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლი აღმოჩნდა. პეტერბურგის ბესტუჟევის უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული იყო და სკოლაში რუსულ ენას ასწავლიდა. მამა ავტოსაგზაო ინჟინერი ჰყავდა, რომლის დაპროექტებული და აშენებულია საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტი. როდესაც მას მშობლები გადაუსახლეს, პატარა ნანა, ძმასთან ერთად, მარტო დარჩა და თბილისში წამოვიდნენ.

"დედა გადასახლებიდან 12 წლის შემდეგ დაბრუნდა და რამდენიმე თვეში გარდაიცვალა... მას თბილისში ცხოვრების უფლება არ ჰქონდა. ჩვენ - მე და ჩემი ძმა, დედაქალაქში მამიდებთან და დეიდასთან ვიყავით. მოვლილი გვქონდა მთელი სანათესავო. მშობლების გარეშე ცხოვრება არ იყო ადვილი... მამა 20 წლის იყო, სერგო ორჯონიკიძეს რომ ებრძოდა. გასაბჭოება რომ მოხდა, დაიჭირეს, დახვრეტა მიუსაჯეს. ბებიამ ვიღაც გავლენიანი ნათესავი ნახა, გვარად ელიავა და მამა ციხიდან დაიხსნა. ციხეში ერთი წელიწადი დაჰყო, შემდეგ ki ხონში გაგზავნეს... დედამ და მამამ ერთმანეთი ხონში გაიცნეს და შეუღლდნენ. მოკლედ, თუ რამე საინტერესო პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში, ეს ბავშვობის წლები იყო,“ - ჰყვებოდა რეჟისორი ჟურნალ „სარკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
მამის მხრიდან მისი პაპა ახალმოწამე მღვდელი - სიმონ მჭედლიძე, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
თეატრი და კინო ბავშვობიდან აინტერესებდა და სამომავლოდ სწავლა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტში გადაწყვიტა. ჯერ სამსახიობო, ხოლო შემდეგ სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა. მისი მოთხრობები წლების განმავლობაში ქართულ ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა. თვითონაა მისი რამდენიმე ფილმის სცენარის ავტორიც. 1981 წელს გამოიცა მისი მოთხრობების კრებული: „მხიარული მოთხრობები“. 2016 წელს მისი მოთხრობების კიდევ ორი წიგნი გამოვიდა: „იმერული ესკიზები“ და „შემოქმედებითი დავიდარაბა“.
ეს ფილმი თავისი გულწრფელობისა და სილაღის გამო მაყურებელს გამორჩეულად უყვარს. ფილმის ფრაზები ქართველმა მაყურებელმა ლამის ზეპირად იცის. "იმერულ ესკიზებზე“ რეჟისორი ყოველთვის დიდი სიყვარულით საუბრობდა. ფილმის იდეა რეჟისორს საკუთარი ბავშვობის მონატრებიდან გაუჩნდა. რაც გაახსენდა, ის აღწერა და რაც ერთ ფილმში ჩაეტეოდა, თორემ უამრავი რამ ჰქონდა მოსაგონარი, ძირითადად, დრამატული სიტუაციები, მაგალითად, ის, რომ დედა სრულიად უდანაშაულო დაიჭირეს და გადაასახლეს.
"ფილმში ჩემი ცხოვრების ეპიზოდებია ასახული, თუნდაც ის, რომ ბავშვებს დედა არ ჰყავთ და ბებია ზრდის, როგორია მათი საზაფხულო არდადეგები ხონში და ა.შ. არაფერია მოგონილი, ყველაფერი ჩემ თვალწინ ხდებოდა... ერთ მშვენიერ დღეს დავჯექი და ყველაფერი დავწერე. სანამ ფილმზე მუშაობას დავიწყებდი, პატარა მოთხრობები მქონდა დაწერილი „იმერული ესკიზები“ ერქვა, შემდეგ კი ეკრანზე გადავიტანე“.
"ძალიან მინდოდა, ეთამაშათ არა ცნობილ მსახიობებს, არამედ იმ ადამიანებს, რომლებიც ხონში ცხოვრობდნენ. არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებდი მთავარი როლის შესრულებას, აზრადაც არ მომსვლია. ამ როლისთვის გონებაში სესილია თაყაიშვილი მყავდა მოაზრებული, მაგრამ ისე მოხდა, რომ, როცა გადაღებაზე მივდიოდით, სესილია ავად გახდა. საგონებელში ჩავვარდი. მერე ვიფიქრე, ქეთევან ბოჭორიშვილს ვათამაშებ-მეთქი, რომელიც „ჯარისკაცის მამაში“ სერგო ზაქარიაძის ცოლის როლი შეასრულა. მართალია, ქართლელი იყო, მაგრამ შეიძლებოდა ეთამაშა. გავიარეთ გორში და დავინახე, ქეთევანი ყავარჯნებით მოდის, დაცემულა და ფეხი მოუტეხავს. კინოსტუდიის დირექტორს, რეზო ჩხეიძეს სიტყვა მივეცი, რომ აუცილებლად ვიპოვიდი მთავარი როლის შემსრულებელს. ჩემთან ერთად რეზო ესაძე იყო, რომელსაც ეპიზოდური როლი უნდა ეთამაშა. მან მითხრა, - მოდი, შენ თვითონ ითამაშე. ჯგუფის დირექტორმაც მითხრა, შენი თავი მოსინჯეო... პირველი სასინჯი გადაღება იყო ეპიზოდი "ოტელოს" წარმოდგენა... შევხედე მასალას, მომეწონა, ვიფიქრე, არა უშავს-მეთქი, სხვებს უფრო მეტად მოეწონათ და ასე დავრჩი ფილმში" - იხსენებდა რეჟისორი.

იმ გოგონას ძებნაში ლამის მთელი საქართველო მოიარა. უნდოდა, ხასიათი დაეჭირა. პიონერთა სასახლეში უამრავი ბავშვი გასინჯა, ერთმანეთზე უკეთესები იყვნენ, მაგრამ ის, ვინც სჭირდებოდა, ვერ ნახა... ფილმს ძირითადად ხონსა და თერჯოლაში იღებდნენ.
"ეს ბავშვი ჩვენთან თვითონ მოვიდა. ხონში რომ ჩავედი, სკოლაში ბავშვების ასარჩევად გავედი, აპარატი ხონის ცენტრში, ბაღში იდგა. როცა დავბრუნდი, მითხრეს, - ნანა, ზუსტად ისეთი ბავშვი მოვიდა, როგორიც შენ გინდოდაო. მაჩვენეს ნანა, რომელიც მაშინ 7 წლის იყო. რაღაც საწყალი ჩანდა – მოკლესახელოებიანი პალტო ეცვა, დახეული ფეხსაცმელები, თითები უჩანდა, მხარზე ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული.
გაკვეთილები დამთავრებულა და ვიღაცას უთქვამს, კინოს იღებენებო - სეირის საყურებლად მოვიდა. ძალიან ცოცხალი ბავშვი იყო. დავაყენეთ აპარატთან და თითქოს აპარატთან ყოფილიყო დაბადებული, ისე იქცეოდა, როლზე მაშინვე დავამტკიცეთ“ - ჰყვებოდა ნანა მჭედლიძე.
როდესაც ფილმს ახმოვანებდნენ, ისიც ახმოვანებდა და ნანა მჭედლიძესთან სახლში ცხოვრობდა. მონათლული არ ყოფილა და ნანამ მონათლა.
"ვინმე რომ კარზე ზარს დარეკავდა, გაჰყვიროდა - მობრძანდით, მობრძანდითო. ჩემი გამზრდელი, ვერა, ეუბნებოდა, - ჯერ გაიხედე, ნახე, ვინ არის და მერე უთხარი, მობრძანდი, ასე არ შეიძლებაო. კარგიო, იტყოდა, მეორე წუთში ავიწყდებოდა და ისევ იმავეს ამბობდა. ძალიან სასაცილო გოგო იყო. მერე ნანა საბავშვო ფილმ-ზღაპარში „უკვდავების თეთრი ვარდი“ გადავიღე".
ფილში ზრდასრული ანას როლს ნანა მჭედლიძის შვილი, მაგდა მჭედლიძე თამაშობს.
"სკოლა რომ დაამთავრა, თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება უნდოდა, მაგრამ არ ვურჩიე. როცა გასინჯეს, აღმოჩნდა, რომ აღარ აღმოაჩნდა ის სითამამე და ნიჭი, რაც მსახიობს სჭირდება, არადა ბავშვობაში ეს ორივე ჰქონდა".

ფილმის ფინალი რეჟისორს სხვანაირად ჰქონდა მოფიქრებული: ანა სოფელში ჩამოდის და ხედავს, რომ ირგვლივ ყველაფერი შეცვლილია - დანგრეულია იმერული სახლები და თანამედროვე შენობებია აშენებული. ამის გადაღების უფლება არ მისცეს და ეს ეპიზოდი ამოიღო.
"ჩვენთან, ხონში, გასვენების დროს აუცილებლად მოჰქონდათ წითელი დროშა. ეს დროშა ფილმში გამოვიყენე და ამ ეპიზოდს დიდი ეფექტი ჰქონდა, მაგრამ საბჭოთა ცენზურამ არ მოიწონა".
როდესაც რეჟისორმა ფილმი "პირველი მერცხალი" გადაიღო, ეს იყო ქალი რეჟისორის მიერ გადაღებული პირველი ფილმი ფეხბურთზე, რომელმაც დიდი აღიარება, პოპულარობა და ჯილდოები მოიპოვა. ფილმის გადაღებებთან და ფეხბურთის უსაზღვრო სიყვარულთან დაკავშირებით წლების წინ რეჟისორმა ინტერვიუ გაზეთ „ლელოს“ მისცა.
კითხვაზე, რთული იყო თუ არა ამ ფილმის გადაღების პროცესი, ნანა მჭედლიძემ უპასუხა: "დიახ. თანაც არავის სჯეროდა, რომ ფეხბურთზე ფილმის გადაღებას შევძლებდი. ყველა ეჭვით უყურებდა ამ საქმეს, მხოლოდ ორ ადამიანს - რეზო ჩხეიძეს და სცენარის ავტორს - ლევან ჭელიძეს სწამდათ გამარჯვების…"
- გამარჯვება უდავოდ დიდი იყო... ფილმმა დამსახურებულად მიიღო „გრან პრი“, „ოქროს ჯიხვი“, მრავალი დიპლომი და ჯილდო… და კიდევ პრიზი საბჭოთა სპორტსმენებისგან და ჩემთვის ძალზე საპატიო და სასიამოვნო ცნობა ფეხბურთის საკავშირო ფედერაციის წევრად გახდომის შესახებ.
- როგორც ამბობენ, ბავშვობის შთაბეჭდილება წარუშლელი და ღრმააო. ის, რაც პირველი ნახვით შეგიყვარდება, სამუდამოდ გაგყვება...
- ფეხბურთი პატარაობიდანვე მიყვარდა. ყველა მატჩს ვესწრებოდი და გულმოდგინედ ვადევნებდი თვალს. ერთხელ ჩვენს „დინამოს“ თამაში ჰქონდა თბილისში, მე სოხუმში ვიყავი. მატარებლით რომ წამოვსულიყავი, მატჩს ვერ ვუსწრებდი. ბოლოს ჩემი გავიტანე და თვითმფრინავის სავარძელში მოვკალათდი, მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ - თვითმფრინავი ქუთაისში ორი დღით დაჯდა. ამ ამბავს ხშირად მახსენებენ - ნანას ისე ეჩქარებოდა, ორი დღით დაიგვიანაო...
– ძალიან გყვარებიათ ფეხბურთი...
- ნუთუ არსებობს ისეთი ადამიანი, ფეხბურთი რომ არ უყვარდეს? ნამდვილად ვერ წარმომიდგენია. ეს საოცარი თამაშია, რომელშიც პატრიოტიზმი, ვაჟკაცობა, გმირობა და სილამაზეა შერწყმული. აქ ხომ პიროვნების ყველა ზნეობრივი ღირებულება იჩენს თავს. გახსოვთ, ის კადრი ფილმიდან, როდესაც ინგლისელთა მეკარე კარშია გართხმული? ქართველ ფეხბურთელს მეტოქის კარის აღების ერთადერთი რეალური შესაძლებლობა აქვს და იგი ბურთს აუტში გზავნის. ეს ეპიზოდი ქართული ფეხბურთის სინამდვილიდანაა აღებული. ან თუნდაც ჩვენი „დინამოს“ ტაშკენტელთა ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ „ფაჰთაქორთან“ ნათამაშევი მატჩი გაიხსენეთ. ეს ქართველი კაცის ხასიათია, რომელიც საუკუნეების მანძილზე იძერწებოდა. ამის ღალატი არ შეიძლება“.

"ჩვენი ოჯახი, სამი ადამიანისაგან შედგებოდა: დედა, მისი გამზრდელი, ვერა დანგაძე, რომელიც შემდეგ ჩემი გამზრდელიც გახლდათ და მე. იმის გამო, რომ დედა სამსახურში იყო დაკავებული, დღის განმავლობაში ჩემს გამზრდელთან ვიყავი. დედა იღებდა, ასე ვთქვათ, სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, ჩემი გამზრდელი კი ასრულებდა: რომელ საბავშვო ბაღში მევლო, რომელ სკოლაში, რა სპექტაკლებს დავსწრებოდით, სად დაგვესვენა და ა.შ. თუმცა ადრეულ ასაკში, სკოლაში წასვლამდე, უფრო თვითონ მატარებდა ყველგან, თვითონ მასწავლა ცურვა სამი წლის ასაკში, მასწავლიდა ლექსებს...სულ პატარა რომ ვიყავი, განსაკუთრებით მიყვარდა საღამოს სამსახურიდან დაბრუნებული წიგნს რომ მიკითხავდა... ყიდულობდა ყველაფერს, რაც ბავშვის განსავითარებლად იყო აუცილებელი - უამრავ სათამაშოს, ფანქრებს, სახატავ რვეულებს, საღებავებს, ნოტებს, წიგნებს... და დარწმუნებული იყო, რომ დანარჩენი უკვე ჩემი საქმეა და ვერც კი წარმოედგინა, რატომ შეიძლებოდა, რომ არ გამეკეთებინა: არ დამეხატა, არ დამეკრა, წიგნი არ წამეკითხა, არ მესწავლა...

სკოლაში მუდამ პრობლემა მქონდა იმის გამო, რომ დედაჩემი მშობელთა კრებებს არ ესწრებოდა და კლასის ჟურნალს მისი ხელმოწერა აკლდებოდა. ამიტომაც, ბავშვობაში მეტი ახლობლობა ჩემს გამზრდელთან მქონდა, რომელსაც უჩიკას ვეძახდი. მასზე მშვენიერი, კეთილი, საყვარელი არავინ მეგონა. ბუნებრივია, რომ ჩვენი გამზრდელი დედაჩემს განსაკუთრებულად უყვარდა და ემადლიერებოდა. როდესაც უჩიკა გარდაიცვალა, დედამ ის ხონში დაკრძალა, დედის საფლავის მომიმაჯნავე ადგილას და დაიბარა, თავად სწორედ თავისი გამზრდელის გვერდით დაეკრძალათ. ბავშვობაში მეგონა, რომ მკაცრი იყო, რადგან სიცელქის გამო დასჯის ფუნქცია სწორედ მას ჰქონდა. ახლა რომ ვფიქრობ, აბა, რა უნდა ექნა, როდესაც რამეს ვაშავებდი?! დედაჩემის ცხოვრება, მისი დამოკიდებულება საქმისადმი, ადამიანებისადმი, სამყაროსადმი, მისი რეაქციები ამა თუ იმ მოვლენებსა და ქმედებებზე, ჩემთვის მაგალითი იყო, რომლის მიხედვითაც ყალიბდებოდა ჩემი ზნეობრივი ღირებულებები“.
შვილის მიერ შესრულებული ანდერძი
ნანა მჭედლიძეს ანდერძი ჰქონდა დატოვებული, რომ გარდაცვალების შემდეგ იგი ხონში დაეკრძალათ. ეს სურვილი ქალიშვილმა შეუსრულა. 2016 წელს ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი ხონში დაკრძალეს.