ავტორი:

"ჩვენი ოჯახი დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, ოჯახში ორი პატიმარი მეტისმეტია... ანდროს 4 წლის შვილმა იცის, რომ მამა გადაღებაზეა საფრანგეთში" - ინტერვიუ მსახიობის დედასთან

"ჩვენი ოჯახი დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, ოჯახში ორი პატიმარი მეტისმეტია... ანდროს 4 წლის შვილმა იცის, რომ მამა გადაღებაზეა საფრანგეთში" - ინტერვიუ მსახიობის დედასთან

"იმას, რაც ახლა ანდროს თავს ხდება, სიზმარშიც ვერ ვნახავდი. თან ჩემი შვილი, რომელიც აბსოლუტურად არააგრესიული ადამიანია, მას ჯგუფურ ძალადობაში სდებენ ბრალს" - ამბობს ლიკა გუნცაძე მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა, რომლის შვილიც უკვე წელიწადი და 2 თვეა, დაპატიმრებულია ჯგუფური ძალადობის ბრალდებით.

ქალბატონი ლიკა თავადაც მსახიობია, ამასთან წლებია, პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. აქვს თავისი სტუდია, მოსწავლეებთან მუშაობს. ძალიან უყვარს თავის საქმე, მაგრამ ამ პერიოდში უჭირს საყვარელი საქმის კეთება, თუმცა ამ რთულ პერიოდში ისევ თავის პროფესია და ადამიანები ეხმარებიან, ამხნევებენ, რომლებიც მას და მის ოჯახს მხარში უდგანან...

ლიკა გუნცაძე:

- კი, თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დავამთავრე, ლილი იოსელიანის სახელოსნო. რაღაც გარკვეული პერიოდი ვიმუშავე მარჯანიშვილის თეატრში, მერე იზა გიგოშვილმა "სამეფო უბნის თეატრში" წამიყვანა. მაშინ ახალი გახსნილი იყო, რაღაცებს ჩვენი ხელითაც ვაკეთებდით, ვალაგებდით, ვაწყობდით თეატრს... იქაც ორ სპექტაკლში ვითამაშე, ერთ-ერთი „სტუმარ-მასპინძელი“ იყო, ცოტნე ნაკაშიძემ დადგა და აღაზა ვიყავი. მოგვიანებით გადავწყვიტე, გამეხსნა ჩემი სტუდია და ის სახლში გავხსენი. ამისთვის ერთი ოთახი გამოვათავისუფლე. მაშინ სტუდიები ასე თითქმის არავის ჰქონდა... სარკეები დავკიდე და ძელი დავამაგრე. მხოლოდ ბალეტს ვასწავლიდი. შემდეგ თეა დარჩიას სტუდიაში ვასწავლიდი ბალეტს და მალევე შევქმენი სტუდია, რომელსაც ჰქვია "პლასტიკისა და დრამის სახელოსნო".

ვასწავლით ბალეტს, თანამედროვე ცეკვას და მსახიობის ოსტატობას. წლის ბოლოს ვაკეთებთ სპექტაკლებს და ვუშვებთ რომელიმე თეატრში. ეს ყველაფერი რთულიც არის და საინტერესოც. ვცდილობ, ბავშვები დავაინტერესო. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე.მოსწავლეები გვყავს 6 წლიდან და ზემოთ, ჯგუფების მიხედვით არიან. წარმოიდგინეთ, ყველაზე უფროსი - 56 წლის ქალიც მყავს, ძალიან ნიჭიერი ქალბატონია. რომელმაც მითხრა, ბავშვობის ოცნება უნდა ავისრულოო...

- საინტერესოა... როგორც ჩანს, საბალეტო მიმართულებითაც გაქვთ განათლება, ხომ?

- ქორეოგრაფიული სასწავლებელში ჭაბუკიანის დროს ვსწავლობდი, ორი-სამი წელი მის სამხატვრო ხელმძღვანელობას მოვესწარი. არაჩვეულებრივი სკოლა იყო. არანაირად არ ჰგავდა საბჭოთა სკოლებს, იქ სულ სხვა სამყაროში ვიყავით, სადაც მეხუთე კლასიდან გადამიყვანეს. ეს იყო მუსიკის და ბალეტის სამყარო. შესანიშნავი პედაგოგები მოღვაწეობდნენ. დაუვიწყარია ჩემთვის ის პერიოდი...მყავდა საუკეთესო პედაგოგი თამარა ვიხოდცევა, რომელიც ჭაბუკიანმა პეტერბურგიდან ჩამოიყვანა და ის 10 წელი ჩვენი მასწავლებელი იყო. თეატრალურ ინსტიტუტში ამ სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე, სადაც უკვე ლილი იოსელიანმა, ჩემმა პედაგოგმა შეიძლება ითქვას, რომ მასწავლა ცხოვრება, თავისუფლების შეგრძნება და პროფესია. მასთან სიცოცხლის ბოლომდე ვმეგობრობდი...

- და ანდროს მსახიობობაც თქვენი დამსახურებაა, ხომ?

- თვითონ ინტერვიუში ამბობს, რომ დედაჩემს არ უმოქმედია ჩემზე, რომ მსახიობები გამოვსულიყავიო. მე თვითონაც პატარა შოკი მქონდა, როცა მეთერთმეტე კლასში მყოფს ვკითხე, - რა პროფესია გინდა-მეთქი და მსახიობობაო. ძალიან გამიკვირდა, რადგან მორცხვი იყო. თავის გამოჩენა დიდად არ უყვარდა. მისი მსახიობობა მაინცდამაინც არ მინდოდა, რადგან ვიცი, რა შრომასთან არის ეს პროფესია დაკავშირებული. ვუთხარი - ამას შეძლებ, რადგან ეს არის ბრძოლა, ფიზიკური, მორალური, ყველანაირი დატვირთვა და ამისთვის მზად ხარ-მეთქი? კიო... მე პატივს ვცემ ჩემი შვილის ყველანაირ არჩევანს და დავთანხმდი. „თეატრალურში“, ჭოლას, ლევან წულაძის სახელოსნოში მოხვდა. საკმაოდ მაღალი ქულები აიღო და ასე დაიწყო მისი სამსახიობო კარიერა. თავიდან ძალიან აღტკინებული იყო, თეატრი უზომოდ მოსწონდა. მერე თქვა, კინო უფრო მიზიდავსო და კინოზე გადაერთო. ბევრ ფილმში გადაიღეს.

ანდრო ჭიჭინაძე მშობლებთან ერთად

- "ახალ თეატრში" როგორ მოხვდა?

- თეატრისთვის უკვე დანებებული ჰქონდა თავი და ერთხელაც "ქალაქის თეატრში" სპექტაკლზე ვიყავით. "დოიც", დათო დოიაშვილიც იქ იყო. ფოიეში, შესვენების დროს ანდროსთან მოვიდა და უთხრა, მაშინ კასტინგები ჰქონდა თეატრში და ხვალ იქნებ ჩემთან მოხვიდეო. მივიდა და დააკავა სპექტაკლში „მე გადმოვცურავ ზღვას“. ისე გამოვიდა, რომ ანდრომ ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო და დაიწყო ისევ თეატრში მუშაობა... ამ სპექტაკლზე რომ მუშაობდნენ, სრულიად მოცული იყო ამით, ძალიან მოსწონდა. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, ვინ და როგორ მოგიდგება თეატრში.მანამდე უნიჭიერესმა მიშა ჩარკვიანმა, მისმა ახლო მეგობარმა დააკავა სპექტაკლში „გამოსვლა“ (დოკუმენტური სპექტაკლი სოციალურ თემაზე). ანდრომ როგორც მსახიობმა თავისი ბავშვობის და ყმაწვილობის შეგრძნებები მოყვა - 20-წუთიანი მონოლოგი ჰქონდა. ბედნიერი იყო... ადამიანს, რომელმაც თეატრზე უარი თქვა, ახალი სუნთქვა გაეხსნა. რაღაც ახალი ტალღა წამოვიდა მის კარიერაში. ძალიან მოსწონდა. მერე მიშა ჩარკვიანმა იქვე სპექტაკლში „მე ვარ ქვეყანა“ დააკავა. არაჩვეულებრივი სპექტაკლი იყო, რაღაც წინასწარმეტყველური. "დოის" სპექტაკლებზე მაყურებელი ბილეთს ვერ შოულობდა... დოიაშვილი ახალგაზრდებს თეატრში ასპარეზს უთმობდა, ნამდვილი შემოქმედია, საოცარი სპექტაკლები იდგმებოდა - შემდეგ კი მოხდა ის, რაც მოხდა... ეს არ არის მავნებლობა?! გამოშიგნეს თეატრი და ასე დატოვეს...

- მართლა კარგი თეატრი იყო... გარდა იმისა, რომ ბავშვობაში ანდროს მორიდებულობა ახასიათებდა, სხვა რა თვისებებითაა გამორჩეული?

- სულ პატარაობაში ძალიან ცელქი იყო. სადღაც მეშვიდე კლასიდან რაღაცნაირი მორცხვი გახდა, თავის გამოჩენა ერიდებოდა. არ იყო თამამი. არც ლექსი წაუკითხავს აუდიტორიის წინაშე. როგორც ჩანს, ის ყველაფერი რაც მერე გამოავლინა, დაგროვებული ჰქონდა... ჭოლასთან რომ მოხვდა, ჭოლამ გახსნა. არაჩვეულებრივი ჯგუფი ჰყავდა... კინოკარიერა რომ დაიწყო, თქვა - ეტყობა, მე კინოს კაცი ვარო.

მადრიდის საერთაშორისო კინოფესტივალი - საუკეთესო მსახიობის ჯილდო ანდრო ჭიჭინაძემ მიიღო, 2022 წელი

- და უკვე წელიწადი და 2 თვეა პატიმარია... როგორ აფასებთ ამ პერიოდს თქვენს ცხოვრებაში?

- ის, რაც მოხდა, ეს იყო და არის აბსურდი. ამ აბსურდში გვაცხოვრებენ უკვე რამდენი წელია... ეს ბიჭები, კაცმა არ იცის, რატომ დაიჭირეს და რა დააბრალეს. რაღაც „ჯგუფურს“ ედავებიან, მაგრამ ვერაფერი დაუმტკიცეს. რა „ჯგუფურზეა“ ლაპარაკი, ერთმანეთს არ იცნობდნენ და სასამართლოზე ნახეს პირველად ერთმანეთი.თითქოს ამ არაჩვეულებრივ ბიჭებს ხელი დასტაცეს და ასე დაატყვევეს. უკვე აღარ ვიცი, რა ვიფიქრო?! რეზო კიკნაძე ხელსახოცს ისვრის და ამისთვის 2 წელი მიუსაჯეს, ანდრომ პალტმასის ჯოხი გადააგდო და იქვე დავარდა, არავინ დაუზიანებია... პირიქით, სპეცრაზმელებისგან ისმოდა გინება, ანდროს შუშის ბოთლის ესროლეს, რომელიც ფეხში მოხვდა. ისინი იყვნენ ჯგუფურად, ესენი კი არა... ვისაც იჭერდნენ, პირდაპირ ეთერშიც ჩანდა, როგორ ურტყამდნენ. რა წამებას გადიოდნენ. წარმოუდგენელი ძალადობის მსხვერპლები არიან... იმას, რაც ანდროს თავს ხდება, სიზმარშიც ვერ ვნახავდი. თან ჩემი შვილი, რომელიც აბსოლუტურად არააგრესიული ადამიანია და ეს ყველაფერი მის თავს ხდება...ტელეფონით რომ მირეკავდა, მეუბნებოდა, მართლა გულით მეცოდებიან, ეს კაცები, რას აიძულებენო... თან ამ ყველაფერს იუმორით უდგებოდა. ძალიან ლმობიერი, დამთმობი ადამიანია. მე უფრო აგრესიული ვარ, როცა ვბრაზდები, სულ მაჩუმებს, მაჩერებს და მეუბნება - ყველა ადამიანში არის კარგიც და ცუდიც, მოდი, კარგი დაინახეო...

ერთხელ მითხრა კიდეც, იცი, ვიღაც პოლიციელი დაზიანდა, ოპერაციები გაუკეთესო. ნუ, რა ვქნა-მეთქი?! შემომიტრიალდა - დედა, არ გრცხვენია, ადამიანიაო... აი, ასეთი ტიპაჟია, ვერავისზე ცუდს ვერ ათქმევინებ, ვერავისზე აჭორავებ. ერთი რამ მინდა კიდევ ვთქვა, - ანდროს მიმართ მისმა მეგობრებმა განსაკუთრებული თანადგომა გამოიჩინეს. ასევე ჩვენი ოჯახის მიმართ. მე თუ ახლა ფეხზე ვდგავარ, ეს მათი დამსახურებაა. ერთი წუთი არ მტოვებენ, ერთი წუთით არ მოუდუნებიათ ყურადღება არც ჩემი და არც ანდროს ბავშვის მიმართ. ჯერ მარტო ის რად ღირს, რაც დათო დოიაშვილმა გააკეთა...

- მათ ანდროს ბანერის ჩამოხსნისას საოცარი მხარდაჭერა გამოავლინეს...

- ანდროს მეგობრებმა - მიშა ჩარკვიანმა და ლაშა თამაზაშვილმა დამპატიჟეს გერმანიაში მიშას სპექტაკლის პრემიერაზე. პირდაპირ ფაქტის წინაშე დამაყენეს. გაქვს ბილეთები, საცხოვრებელი და ჩამოდიხარო. ესეც რამხელა რაღაც იყო ჩემთვის ამ სიტუაციაში, ამ პერიოდში. მოკლედ, წამიყვანეს. იმ დღეს მოხდა ბანერის ჩამოხსნის ამბავი. მიმალავდნენ, იქ ინტერნეტი არ მქონდა. მეორე დღეს უკვე კი მიმიწვდა ინტერნეტზე ხელი და ყველაფერი გავიგე. ბანერმა თავის საქმე გააკეთა... მანდ ყველაზე მეტად ცუდი ის იყო, რამაც ძალიან შემაწუხა, რომ მსახიობები კიდევ ერთხელ ასე ააღელვეს, ნერვები მოუშალეს და შეაწუხეს. ფაქტობრივად, თეატრში იმისთვის იყვნენ, რომ ანდროს ბანერს ყარაულობდნენ. კიდევ ერთხელ დავინახე ამ ადამიანების გვერდში დგომა. სამწუხარო ფაქტია, რომ საუკეთესო, წამყვანი მსახიობები თეატრიდან წამოვიდნენ...

- მოკლედ თქვენი ოჯახი რაღაცნაირად ბოლო დროინდელი მოვლენების სამიზნე აღმოჩნდა - ორი პატიმარი გყავთ - შვილი - ანდრო ჭიჭინაძე და დისშვილი - ელენე ხოშტარია...

- ჩვენი ოჯახი მართლაც აღმოჩნდა ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ... სულ მახსენდება 30-იანი წლები... ამას ცუდ სიზმარშიც ვერ ვიფიქრებდი, რომ 30-იან წლებში დავბრუნდებოდით... ოჯახში ორი პატიმარი მეტისმეტია... თითქოს ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამას სპეციალურად გვიკეთებენ. ძალიან მძიმეა... ელენე ჩემი გაზრდილია, შვილივით მყავს. ერთ ოჯახად ვიყავით, ერთ სახლში ვცხოვრობდით. ბავშვები ერთად გაიზარდნენ... ჩემი დაც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, კიდევ რა ელოდება ელენეს, არ ვიცით. თან ისეთი ტიპაჟია, რომელიც არასდროს გადაუხვევს თავის პრინციპებს, გამორიცხულია. მათ კი ეს აქვთ ეტყობა, ყელში გაჩხირული... ოთხი შვილის დედაა. ბავშვები დედის გარეშე დიდ განცდებში არიან. მაგრამ ელენე არის ასეთი... ვერავინ ვერ გადაათქმევინა...

- როგორ გრძნობს თავს, როგორ არის?

- ნორმალურად... წონაში დაიკლო... ძალიან ყოჩაღია და ასევე დგას. იდეა აქვს და ამისთვის იბრძვის. მართლა გიჟდება თავის ქვეყანაზე. ვიმეორებ, მისი გატეხვა, ძალიან რთულია...

- ანდროს შვილზე, თქვენს შვილიშვილზეც მოგვიყევით...

- ნიკო ჭიჭინაძე, ანდროს შვილი 4 წლის არის, რომელმაც იცის, რომ მამა არის გადაღებაზე საფრანგეთში. უკვე ძალიან ბრაზობს - ამდენი ხანი გადაღება რა არის, როგორ შეიძლება, იქ იყოს ასე დიდხანს თავისი მამიკო?! საჩუქრებს რომ აჩუქებენ, ეუბნებიან, მამამ გამოგიგზავნა საფრანგეთიდანო. შეხვედრა ვიდეოკამერით აქვთ ხოლმე იუსტიციის სახლში. ასე იცის, რომ მამა საფრანგეთიდან ელაპარაკება. სად ხარ, სახლში რატომ არ რეკავ? მთებში ვარ და იქ არ იჭერსო. ახლა საიდან მელაპარაკებიო. სასტუმროში ჩამოვდივარ ხოლმე და იქიდან გირეკავო. იუსტიციის სახლს - ამ სიტყვას ძლივს ამბობდა. ახლა უკვე გამართულად ამბობს - მე მივდივარ „იუსტიციაში“ მამას უნდა დაველაპარაკო... ძალიან ელოდება, ძალიან. ჩვენთან რომ მოდის, ანდროს დიდი პლაკატი გვაქვს გაკრული, შედის ოთახში და უყურებს. ძალიან ენატრება და ამასაც ვერასდროს ვაპატიებ ვერავის ვერასდროს, რომ ბავშვს ამ პატარა ასაკში მამასთან ურთიერთობის წლები მოაკლეს და მამა ვერ უყურებს როგორ იზრდება მისი შვილი...

ლიკა გუნცაძე შვილიშვილთან ერთად

- რა მოელოდი გაქვთ? ფიქრობთ ასეთ რამეს, რომ ძალიან მალე, უეცრად საპატიმროს კარი გაიღება და ანდრო გამოვა?

- საერთოდ ძალიან დიდი ოპტიმისტი ვარ. ბევრჯერ მინახავს ჩემს ცხოვრებაში სასწაულები და მჯერა ამის. რაღაცნაირად იმედიც მაქვს, რომ რაღაცები გამოსწორდება. რაც შეეხება იმას, რომ ხვალ გააღებენ კარს და ანდროს გამოუშვებენ, ასე შეიძლება არ ვფიქრობ... თუმცა ახლა სააპელაციო სასამართლო მიდის და ყოველთვის ვუშვებ იმას, რომ ადამიანში რაღაც კეთილი მარცვალი მაინც არის. არაფერი მტკიცებულება რომ არ არსებობს, ვერაფერი რომ ვერ დადეს, მაინც ვფიქრობ, რომ იქნებ მოსამართლეს რაღაც გაუნათდეს თავში, ტვინში ან გულში. საერთოდ ამისთანა უსამართლობას რომ ხედავს და ამისთანა ბიჭებს რომ ხედავს, თვალებში რომ ჩახედავს მათ, იქნებ მართლაც სიკეთის გაკეთების სურვილმა სძლიოს... ამას ჩემთვის ვფიქრობ, რომ იქნებ მოხდეს ასეთი სასწაული. თუ არ მოხდება და ხომ იცით, ბუმერანგი როგორია ცხოვრებაში? სადღაც მაინც იჩენს თავს. არ ვიცი, ამის რატომ არ ეშინიათ?!