ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ძირითადი მეთაურების წინააღმდეგ მიზანმიმართული დარტყმა განახორციელეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
თავდაცვის ძალების ცნობით, „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ „ყუდსის ძალების“ ლიბანის კორპუსის წევრები, ლიბანის ტერიტორიიდან მოქმედებდნენ „ისრაელის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული გეგმების განსახორციელებლად“.

„ირანის ტერორისტული რეჟიმი სისტემატურად მოქმედებს როგორც ირანის, ასევე ლიბანის მშვიდობიან მოსახლეობაში, ცინიკურად იყენებს მაცხოვრებლებს და იყენებს მათ ცოცხალ ფარებად ტერორისტული მიზნების მისაღწევად“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
ისრაელმა 7 მარტს ლიბანი გააფრთხილა "დამანგრეველ" შედეგებზე იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ვერ შეძლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების, ჰეზბოლას შეკავებას. ისრაელი აგრძელებს საჰაერო იერიშებს ამ ჯგუფის ობიექტებზე ლიბანის მასშტაბით.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ლიბანის ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა შეასრულოს 2024 წლის შეთანხმება და განაიარაღოს ჰეზბოლა.
"თქვენი პასუხისმგებლობაა ჰეზბოლას განიარაღება. ამას თუ არ გააკეთებთ, ჰეზბოლას აგრესიას დამანგრეველი შედეგები მოჰყვება ლიბანისთვის. დროა საკუთარი ბედისწერა თქვენივე ხელში აიღოთ. რაც საჭირო იქნება, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი თემების და მოქალაქეების დასაცავად" - თქვა ნეთანიაჰუმ.