“კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ ავტომობილის ადევნება ავარიით დასრულდა,“ - ამის შესახებ ინფორმაციას და კადრებს “ტელეკომპანია პირველი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი საცხოვრებელი სახლის ეზოში შევვარდა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი და ოპერაციისთვის ამზადებენ.
უწყების ინფორმაციითვე, „KIA”-ს მარკის ავტომობილის სახელმწიფო ნომრის იდენტიფიცირებისთანავე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ჩამოშორდა კანონდამრღვევ ავტომობილს.
როგორც შსს აცხადებს, აღაიანიდან თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის მიმართულებით მოძრაობისას, საპატრულო ეკიპაჟმა ნახა „KIA”-ს მარკის დაზიანებული ავტომობილი და მასში მყოფი სამი პირი, რომლებიც პატრულ-ინსპექტორების დახმარებით გადმოყვანილ იქნენ ავტომობილიდან.
მომხდარის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა, რომლებიც შსს-ს ინფორმაციით, „გამოირჩეოდნენ აგრესიულობით“, რა დროსაც საპატრულო პოლიციის ავტომობილი დაზიანდა.
„მიმდინარე წლის 7 მარტს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გადამოწმების მიზნით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში მოძრავ ავტომობილს გაჩერებისკენ მოუწოდა.
სამართალდამცველების მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, ავტომობილის მძღოლმა დიდი სიჩქარით განაგრძო მოძრაობა სოფელ აღაიანის მიმართულებით, რის გამოც საპატრულო ეკიპაჟი კანონდამრღვევ ავტომობილს უკან გაჰყვა. „KIA”-ს მარკის ავტომობილის სახელმწიფო ნომრის იდენტიფიცირებისთანავე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ჩამოშორდა კანონდამრღვევ ავტომობილს.
სოფელ აღაიანიდან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის მიმართულებით მოძრაობისას, საპატრულო ეკიპაჟის მიერ ნანახი იქნა „KIA”-ს მარკის დაზიანებული ავტომობილი და მასში მყოფი სამი პირი, რომლებიც პატრულ-ინსპექტორების დახმარებით გადმოყვანილ იქნენ ავტომობილიდან.
დაშავებული პირები მოგვიანებით შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა. ისინი გამოირჩეოდნენ აგრესიულობით, რა დროსაც დაზიანდა საპატრულო პოლიციის ავტომობილი.
ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევისა და საპოლიციო საქმიანობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივ სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, - აცხადებენ უწყებაში.