ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის უზენაეს ლიდერად აითოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს.
ირანის უზენაეს ლიდერს სახელმწიფოს ყველა საკითხში საბოლოო სიტყვა ეკუთვნის. გადაწყვეტილებას დანიშვნის შესახებ საბჭოს 88 წევრი იღებს.
ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი შაბათს, 28 თებერვალს, ირანზე აშშ-ისრაელის პირველი დარტყმების დროს დაიღუპა.

მამისგან განსხვავებით, 56 წლის მოჯთაბა დიდი ხნის განმავლობაში ჩრდილში რჩებოდა. მას არასოდეს დაუკავებია სახელმწიფო თანამდებობა, არ გამოდიოდა საჯარო სიტყვით და ინტერვიუებს არ აძლევდა; საჯაროდ ხელმისაწვდომია მისი მხოლოდ მცირე რაოდენობის ფოტო და ვიდეოჩანაწერი.
თუმცა მრავალი წლის განმავლობაში ვრცელდებოდა ხმები, რომ ირანული პოლიტიკის კულისებში მას მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა.
აშშ-ის დიპლომატიური გზავნილები, რაც 2000-იანი წლების ბოლოს WikiLeaks-მა გამოაქვეყნა, მას აღწერდა როგორც ადამიანს "ძალაუფლებას მანტიის უკან“, ანუ ერთგვარ რუხ კარდინალად; ადამიანად, რომელსაც მმართველ წრეებში ფართოდ მიიჩნევდნენ "ქმედით და გადამწყვეტ“ ფიგურად, - იუწყება სააგენტო Associated Press-ი.
თუმცა მისი არჩევა შესაძლოა საკამათო აღმოჩნდეს.

ისლამური რესპუბლიკა 1979 წელს, მონარქიის დამხობის შემდეგ ჩამოყალიბდა და მისი იდეოლოგია ეფუძნება პრინციპს, რომ უზენაესი ლიდერი უნდა აირჩეს რელიგიური ავტორიტეტისა და დადასტურებული ლიდერული თვისებების საფუძველზე და არა მემკვიდრეობით.
თავისი მმართველობის პერიოდში ალი ხამენეი ისლამური რესპუბლიკის მომავალი ხელმძღვანელობის შესახებ მხოლოდ ყველაზე ზოგადი ფორმულირებებით საუბრობდა.
ორი წლის წინ Assembly of Experts-ის ერთ-ერთმა წევრმა - სასულიერო ორგანოსი, რომელიც უზენაეს ლიდერს ირჩევს - განაცხადა, რომ ალი ხამენეი წინააღმდეგი იყო საკუთარი შვილის კანდიდატად წამოყენების იდეის. თუმცა თავად მას მსგავს ვარაუდებზე საჯაროდ არასოდეს გაუკეთებია კომენტარი.
მოჯთაბა 1969 წლის 8 სექტემბერს დაიბადა ჩრდილო-აღმოსავლეთ ირანში, ქალაქ მეშჰედში და არის ალი ხამენეის ექვსი შვილიდან მეორე. საშუალო განათლება მან თეირანში, რელიგიურ სკოლა "ალავიში“ მიიღო.
ირანული მედიის ცნობით, 17 წლის ასაკში მოჯთაბა ირან-ერაყის ომის დროს რამდენჯერმე მოკლევადიან სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა.
1999 წელს მოჯთაბა გადავიდა ქუმში - წმინდა ქალაქში, რომელიც შიიტური თეოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ცენტრად მიიჩნევა, რათა რელიგიური განათლება გაეგრძელებინა. აღსანიშნავია, რომ მანამდე იგი სასულიერო სამოსს არ ატარებდა და დღემდე გაურკვეველია, რატომ გადაწყვიტა რელიგიურ სემინარიაში ჩაბარება 30 წლის ასაკში, მაშინ როდესაც ჩვეულებრივ ამას უფრო ახალგაზრდა ასაკში აკეთებენ.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, ლონდონში, აშშ-ის საელჩოსთვის 2008 წელს გაგზავნილი და მოგვიანებით "ვიკილიქსის“ მიერ გამოქვეყნებული საიდუმლო მასალების თანახმად, ოჯახი მოჯთაბას მემკვიდრეების გაჩენას სთხოვდა. თუმცა მამაკაცს ამისათვის მკურნალობა დასჭირდა.
აშშ-ის დაზვერვის ცნობით, მოჯთაბა ლონდონში, კრომველის საავადმყოფოში მკურნალობდა.
ბრიტანეთის საავადმყოფოში 4 ვიზიტის შემდეგ, საბოლოოდ მას ვაჟი შეეძინა, რომელსაც ბაბუის, მაშინდელი უზენაესი ლიდერის, სახელი - ალი დაარქვეს. აშშ-ის დაზვერვის თანახმად, ის შედარებით გვიან, 2004 წელს დაქორწინდა.
დაზვერვაში ასევე დეტალურად იყო აღწერილი, თუ როგორ "მუშაობდა მოჯთაბა უზენაესი ლიდერის ოფისში მამამისის ჩრდილქვეშ“. რეჟიმში ის "ფართოდ აღიქმებოდა, როგორც ქმედითი და ძლიერი ლიდერი და მენეჯერი, რომელმაც შესაძლოა ოდესმე მაინც დაიკავოს ეროვნული ლიდერის ადგილი.“
როგორც ამბობენ, ის "დაახლოებული იყო ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ლიდერებთან.“.
მასა ჰყავს უფროსი ძმა, მოსტაფა, რომელიც ასევე სასულიერო პირია.
ბოლო წლებში მოჯთაბა ირანში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი გახდა. არაბულენოვანი გაზეთის, "ალქუდს ალარაბის“ ცნობით, ის შესაძლოა მილიარდერი იყოს და უზარმაზარი სიმდიდრე არაბთა გაერთიანებული საემიროების, სირიის, ვენესუელასა და აფრიკის ბანკებში ჰქონდეს შენახული. მისი ქონება შესაძლოა ასევე მოიცავდეს დაახლოებით 300 მილიონი დოლარის ოქროს და ბრილიანტს, შვეიცარიის საბანკო ანგარიშებს.
იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან კრიპტოვალუტის გამოყენებით დუბაიში 328 მილიონი დოლარი გადაიტანა. გამოცემის თანახმად, მისი სიმდიდრის დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, ჩინეთსა და ინდოეთში გაყიდული ნავთობის გადასახადებიდან მოდის.

როგორც ამბობენ, მას მთელ მსოფლიოში აქვს უძრავი ქონება. მათ შორის 40 მილიონი დოლარის ღირებულების სასახლე ლონდონში, "მილიარდერთა რიგის“ სახელით ცნობილ ქუჩაზე.
ირანში კი ფლობს თეირანის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში მდებარე “აბას აბადის“ ელიტური უბნის ნაწილს და მიწის უზარმაზარ ნაკვეთებს მეშჰედის მახლობლად.
როგორც ამბობენ, მას ასევე ჰყავს კერძო თვითმფრინავი, სასწრაფო მოგზაურობისთვის განკუთვნილი ვერტმფრენი, Mercedes-ის მანქანები და ძვირადღირებული ცხენები.
ბოლო დღეებში ირანის ხელისუფლების ცენტრებთან დაახლოებულმა ზოგიერთმა მედიამ და ჩინოვნიკებმა მოჯთაბა ხამენეის "აიათოლად“ - მაღალი სასულიერო ტიტულით მოხსენიება დაიწყეს. რიგი დამკვირვებლების აზრით, ეს შეიძლება იყოს მცდელობა, გაიზარდოს მისი რელიგიური სტატუსი და იგი ლიდერის როლისთვის დამაჯერებელ კანდიდატად წარმოაჩინონ.
ახლა ბევრი ელოდება, რომ მოჯთაბა გააგრძელებს თავისი მამის მკაცრ პოლიტიკას.
ზოგი ასევე ფიქრობს, რომ ადამიანი, რომელმაც აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების შედეგად დაკარგა მამა, დედა და მეუღლე, დასავლეთის ზეწოლის პირობებში დათმობებზე წასვლას ნაკლებად დათანხმდება.
ამასთანავე, მის წინაშე რთული ამოცანაც დგას - უზრუნველყოს ისლამური რესპუბლიკის გადარჩენა და საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ სწორედ მას შეუძლია ქვეყანა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანოს.
მისი ლიდერული თვისებები დიდწილად ჯერ კიდევ გამოუცდელია, ხოლო განცდამ, რომ რესპუბლიკა მემკვიდრეობით სისტემად გადაიქცევა, შესაძლოა საზოგადოებრივი უკმაყოფილება კიდევ უფრო გააძლიეროს.
ახლა მოჯთაბა ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. გასულ კვირას როგორც აშშ-ში, ისე ისრაელში განაცხადეს, რომ ვინც არ უნდა გახდეს აიათოლა ალი ხამენეის მემკვიდრე, ის "ლიკვიდაციის ერთმნიშვნელოვანი სამიზნე“ იქნებაო.
იხილეთ ასევე: